“შენი თავისთვის უნდა მოიცალო, რომ ასაკმა არ გაჯობოს და შენს გარეგნობას თავისი კვალი არ დაატყოს”

259

მოდელი, “მის თბილისი”, მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი – ყველა ეს სტატუსი  ერთ ძალიან ლამაზ და პოპულარულ  ქალს, თიკა ფაცაციას, ეკუთვნის. სამი შვილის დედას წლების მატება თითქმის არ ეტყობა, ძველებურად მომხიბვლელად გამოიყურება, მუდმივად ახლის ძიებასა და სწავლის პროცესშია.

– თიკა, თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებით შეგეძლოთ მუშაობა, თქვენ საბოლოოდ ტელევიზია აირჩიეთ. რამ განაპირობა ეს არჩევანი?

– ხელოვნების სფეროში ბევრი მიმართულებით მოვსინჯე ძალები. საბოლოო ჯამში კი, გამოხმაურებით, მაყურებელს სადაც უფრო მოვეწონე, დამიმახსოვრა და მიმიღო, ეს იყო სატელევიზიო სივრცე და მეც, ასე ვთქვათ, ხალხის დაკვეთა შევასრულე.

– პროფესიით მსახიობი ხართ, ესე იგი თავის დროზე ოცნებობდით სცენაზე დადგომაზე. რატომ შეელიეთ ოცნებას?

– თავდაპირველად დიპლომატიის ისტორია შევისწავლე, შემდეგ თეატრალური განათლება ამერიკაში მივიღე. ჩემი გამოცდილება ამ სფეროში ერთი მიუზიკლით შემოიფარგლება. მოვსინჯე, რამდენად ჩემი იქნებოდა მსახიობობა, მქონდა თუ არა ისეთი შესაძლებლობები, რაც მართლაც ცნობილ და შეუცვლელ მსახიობად მაქცევდა. ეს ვერ დავინახე. მივხვდი, რომ დამაჯერებელი არ ვიქნებოდი, ამიტომ ეს გზა არ გავაგრძელე.

– დიდი ხანია, თქვენი ახალი სიმღერაც არ მოგვისმენია. ამ მხრივ, რაიმე სიახლეს ხომ არ ჰპირდებით მსმენელს?

– ცოტა ხნით პაუზა მაქვს აღებული, რადგან თითქოს ჩიხში შევედი. ის, რასაც აქამდე ვქმნიდი, ვასრულებდი ან კლიპებს ვიღებდი, წარსულში დარჩა. ჩემში რაღაც შეიცვალა და მინდა, ეს ცვლილება ჩემს სიმღერებსაც დაეტყოს. ვეძებ ახალ ჟანრს, ახალ მიმართულებას, სადაც იმ სათქმელს ვიტყვი, რაც დამიგროვდა.

– თქვენი აღმავალი პროფესიული სვლა ყოველთვის წარმატებული პირადი ცხოვრების პარარელურად მიმდინარეობდა, ადრეულ ასაკში გათხოვებას ხელი არ შეუშლია საქმისთვის და პირიქით, თქვენი აქტიური საქმიანობა არასდროს გამხდარა დაბრკოლება ოჯახური ბედნიერებისთვის – სამი შვილი გააჩინეთ და გაზარდეთ. გაგვიზიარეთ თქვენი  დედობრივი გამოცდილება.

– როგორც მშობელი, გავიზარდე, გამოცდილებაც დამიგროვდა და ცოდნაც შევიძინე. ბევრი რამ წავიკითხე, საზოგადოებრივ აზრსაც ვეცნობოდი, პედიატრიის მიღწევებს – შესაძლებლობების ფარგლებში, რაც ბავშვის კვებასა და ცხოვრების წესს ეხებოდა.

ჩემს პატარა შვილთან მიმართებით უფრო მშვიდი გავხდი. შეიძლება უკვე იმდენად დაღლილი ვარ, ყველა წვრილმანს აღარ ვუღრმავდები ან მართლა გადავალაგე პრიორიტეტები და ზედმეტი კამათი აღარ მინდა. დღეს უფრო მეტად ვენდობი ჩემს შვილებს.

უფროსის გაზრდის დროს ყოველწუთიერად მისი ცხოვრების მონაწილე ვიყავი, ასე ვთქვათ, დაფეთებული დედა. ახლაც ფრთხილი ვარ, ზოგჯერ პანიკაც მიპყრობს, მაგრამ მათი გადაწყვეტილებების მიღების სფერო გავაფართოვე. ვაძლევ საშუალებას, თავი მოზრდილებად იგრძნონ და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღონ. დირიჟორობას შევეშვი.

– 4 მამაკაცის გარემოცვაში ცხოვრობს ახალგაზრდა, ლამაზი თიკა ფაცაცია. რამდენად გიფრთხილდებიან თქვენი კაცები, დედოფლის ტახტზე ზიხართ?

– ბუნებით ძალიან მშრომელი ვარ. მიყვარს დისციპლინა, წესრიგი, ყველაფრის ჩემი ხელით გაკეთება და, რომ გითხრათ, დედოფლობა მომწონს, რომ მემსახურონ, ასე არ არის. ხასიათი მაქვს ისეთი, სხვას ვერ დაველოდები, როდის გააკეთებს იმ საქმეს, რაც მე შემიძლია სწრაფად და კარგად გავაკეთო. ჩემმა კაცებმა იციან, რომ ნებისმიერ ქალს სიამოვნებს ყურადღება და მათ შორის მეც. ამიტომ დაბადების დღეზე ან სადღესასწაულო თარიღებზე მანებივრებენ.

– ჩვენთან მიღებულია, რომ გოგონებმა ისწავლონ დიასახლისობა. ბიჭებს თუ ასწავლეთ საოჯახო საქმე?

– რა თქმა უნდა, ამ უნარ-ჩვევებს ვასწავლი, რადგან ვფიქრობ, სქესის მიუხედავად, ყველამ უნდა იცოდეს საკუთრი თავის მოვლა და დამოუკიდებელი ცხოვრების დროს მინიმალური საქმის კეთება. საკმაოდ დიდი დრო დავხარჯე, რომ მათ ესწავლათ თავიანთი ნივთების მოწესრიგება, საკუთარი საცხოვრებელი სივრცის დალაგება.

როგორ შეიძლება, მამაკაცმა თავისი სამოსი დაყაროს, სადაც მოხვდება, გადააბიჯოს და დასასვენებლად წამოწვეს? ასეთი კაცი არც ქალის შრომას სცემს პატივს და არც საკუთარ თავს. ასეთი მამაკაცი მე არ მომეწონება და, თუ მე არ მომეწონა ჩემი გაზრდილი, ის სხვისთვისაც არ იქნება მოსაწონი. ჩემი შვილები წესრიგის მოყვარულები არიან და დამოუკიდებლად ცხოვრებას კარგად შეძლებენ.

– სამი ბიჭის დედას პატარა, კიკინებიან, თქვენსავით ლამაზ გოგონაზე არ გიოცნებიათ?

– მქონდა დიდი სურვილი, რომ გოგონა მყოლოდა, თუმცა ბავშვობიდან ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭების დედა ვიქნებოდი. მართლაც ასე მოხდა. ასე მგონია, ბიჭების მიმართ უფრო მეტი სინაზე და სენტიმენტები აქვთ დედებს.

– რამდენად კომფორტულია ასაკი, რომელიც ახლა გაქვთ?

– რაც წლები გემატება, მით უფრო კარგად შეიცნობ საკუთარ თავს და მეტად იყვარებ, მეტად უსმენ, რა გჭირდება, რა გიხარია, რა გწყინს. უფრო მეტ დროს უთმობ, თუ ადრე საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ვინმეს ხათრით რამეს აკეთებდი, უკვე შეგიძლია ,,არა”-ს თქმა. უფრთხილდები ენერგიას, რადგან აღარ ხარ ახალგაზრდა და ენერგია ამოუწურავი არ არის. საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტად ზრუნავ, თავის მოვლასაც მეტ დროს უთმობ, თუნდაც ერთ საათს გამონახავ, რომ გარეგნობას მიხედო.

ასე რომ, ასაკში მოხდა პრიორიტეტების გადალაგება. როცა ახალგაზრდა ხარ, უფრო მეტი დრო გაქვს, მეტი თავისუფლება საკუთარი თავისთვის. შემდეგ ქმნი ოჯახს, რომელსაც მთელი შენი დრო სჭირდება. ზუსტად ამ დროს არის აუცილებელი შენი თავისთვის მოიცალო, რომ ასაკმა არ გაჯობოს და შენს გარეგნობას თავისი კვალი არ დაატყოს.

ჩემი ცხოვრება ვარჯიშის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მიყვარს, როცა სხეულს კარგად ვფლობ. კვირაში სამი საათი ვარჯიშისთვის მაქვს გამოყოფილი და ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით.

რაც შეეხება ასაკობრივ ცვლილებებს გარეგნობაში, ეს გარდაუვალია და მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი უნდა შევასწორო, გავასწორო, ასე ვთქვათ, გავაუთოვო და ისევ ისეთი გარეგნობა მქონდეს, როგორიც თინეიჯერობაში მქონდა. ვფიქრობ, ჩემი ასაკი რაღაც ამბებს უნდა ყვებოდეს ჩემზე. გარშემო იმდენი პრობლემაა ჯანმრთელობის მხრივ, ასაკის მატება უნდა გიხაროდეს. მთავარია, ჯანმრთელად იყო.

– როგორც მეგრელი ქალი, ტრადიციულად კარგი კულინარი ხართ?

– რაღაც პერიოდი მოდაში იყო, გოგონები ამბობდნენ, კვერცხის შეწვაც არ ვიციო. ახლა მეორე უკიდურესობა დაიწყო, უზომოდ ატაცება კულინარიით. ერთიც და მეორეც გადამეტებულად მეჩვენება. ყველაფრის გაკეთება ვიცი, ყველაფერი კარგად გამომდის, მაგრამ, გულწრფელი რომ ვიყო, კულინარიისგან დიდად აღტაცებული არ ვარ. რასაც ოჯახის საჭიროება მოითხოვს, ყველაფერს ვაკეთებ. მეგრული მიმართულებით კი ოჯახში ბაჟე, ნიგვზიანი ხარჩო და ღომია ყველაზე მიღებული.