„დაგვტოვა გულის გადანერგვის, საოპერაციო თანხის შეგროვების მოლოდინში“ – „რუსთავი 2“- ის ოპერატორი, ბაქარ ახვლედიანი გარდაიცვალა

206

„რუსთავი 2“-ის ოპერატორი ბაქარ ახვლედიანი, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდებოდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

„ბაქარმა დაგვტოვა. გულის გადანერგვის მოლოდინში,  დონორის მოლოდინში..  საოპერაციო თანხის შეგროვების მოლოდინში…  დაიღალა და გარდაიცვალა..

ბაქარი ჩემი შვილის ნათლია იყო , არის და იქნება, მანამდე ჩემი პატარა მეგობარი იყო, ტაბიძის აღმართზე შტაბი რომ ჰქონდა ტყის პირზე, ტყეში ჩადგმული სახლი რომ ჰქონდა, მისი სახლიდან რომ ხუთ წუთში კუს ტბაზე ვიყავით.

ერლომი რომ ჰყავდა მამად, ახვლედიანი, ის ბიჭი იყო ბაქარი.  ჩემთვის ძალიან რთულ მომენტში რომ თავისი ანცობით მაცინებდა, ის ბიჭი იყო, ერთხელ აბაზანაში რომ დასაბანად შევუშვი და კარგა ხნის მერე, უზარმაზარი ქაფის მთები რომ დააყენა ის ბიჭი იყო.

რაღაცნაირად კეთილი, დიდგულა.

მერე ცხოვრება ისე წავიდა, როგორც სჩვევია, გიჟური რიტმით…. გაუსაძლისად რთულად, თვალის დახუჭვამდე მისული სასოწარკვეთით.

მერე დიდხანს გაგრძელდა ეს დინამიკა…. იმდენად დიდხანს რომ, თბილთვალება ბაქარი იმ ხაზის იქით აღმოჩნდა, რომელი ხაზიც ცხოვრებამ გამივლო” მდე” და “შემდეგ”.

„მდე“ -ც არ იყო მაინცდამაინც ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ “ შემდეგ” ნარეკალის გლეჯა იყო და ხოხვა…. გადარჩენისთვის….

ასე გავიდა ორი ათწლეული….  შიგადაშიგ ვეხმიანებოდით, იშვიათად….. მერე გულის პრობლემები დაეწყო….  რა დროს შენი გულია -თქო ბიჭო, არც მიმიღია სერიოზულად,  „რუსთავი-2“ ოპერატორი იყო და კამერის თრევამ ხომ არ დაგიმძიმა- მეთქი, გავეხუმრე.

მერე წერილი დამხვდა მესინჯერში.

მაპატიეთ, შენ და გიომ, რომ ვერც ნათლიად ვივარგე და ვერც მეგობრადო“. გავუჯავრდი, მეორედ არ თქვა მსგავსი რამ – თქო,  სამსახურიდან წამოვედი, გულის გადანერგვა მჭირდებაო….

მერე პოსტებიც ვნახე მეგობრების, ბაქარის გარშემო რომ გაერთიანებულიყვნენ….
წამოდი დედა პარასკევა ვნახოთ – მეთქი, კიო, მანამდე შენთან გამოვალ და დავგეგმოთო…, ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!

არ ვიცი რატომ ვწერ…. ვისთვის, შენ ხომ აღარ ხარ “ ბაქიბუქა”?

როდის გაიზარდე ბიჭო,  როდის დაკაცდი,

მე ისევ ისეთს გხედავ, ტაბიძიდან მზიურამდე მორბენალს, ხუმარას, უცელქესს,

შე გაბურძგნულო! მაპატიე ბაქარ..

მეც მაპატიე რა, რომ ამ გაუსაძლის ცხოვრებას თავი ვერ გავართვი, ვერ გავძლიერდი, ვერ ამოვისუნთქე…

შევხვდებით…. იმედია უკეთეს სამყაროში“, – წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ოპერატორს დილატაციური კარდიომიოფატიის დიაგნოზი დაუსვეს.  ის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.