”ბედნიერი კი ვარ, მაგრამ ისევ მეორე ნახევრის გარეშე”

291

,,ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც აქამდე. ეს ცხოვრება ძირითადად რუტინაა. ვცდილობ, მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც გადავუნაწილო ჩემი დრო. ამ რუტინაში თუ მოახერხებ და სამოგზაუროდ წახვალ ან ქალაქგარეთ, ეს უკვე კარგია”, – ამბობს ჟურნალისტი ნიკოლოზ ხაჩიძე, რომელიც ბევრი წელია, პოპულარული ტელესახეა, მანამდე კი მკითხველს პრესიდან ახსოვს, მათ შორის _ ჟურნალ ,,სარკიდან”. ნიკოლოზი თავის პირადზე გვიამბობს.

– ნიკოლოზ, გამოჩნდა ის, ვინც თანამგზავრობას გაგიწევთ?

– არა, არ ჩანს. ბედნიერი კი ვარ, მაგრამ ისევ მეორე ნახევრის გარეშე.

– მეორე ნახევრის გარეშე ბედნიერება არსებობს?

– არსებობს! თუ არსებობს ადამიანი, ვინც კომფორტს გიქმნის, ხომ კარგია, მაგრამ თუ არ არსებობს, ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნა. მთავარია, აირჩიო ბედნიერება და ვინმესთან ერთად იქნება ეს თუ მარტო, არ აქვს მნიშვნელობა.

ჩემთვის ბედნიერებაა, როდესაც მშვიდად ვარ. მშვიდად ყოფნა კი იმას გულისხმობს, რომ ყველა საქმე მოგვარებული მაქვს. ასევე, მთავარია, გარშემო იყვნენ ის ადამიანები, ვინც კომფორტს მიქმნიან. ესენი კი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან. არ ვარ ფუფუნების მოყვარული ტიპი, რომელიც გადარეულია მდიდრულად ცხოვრებაზე. ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და ისე გაკეთება მიყვარს. როცა ყველაფერი მოწესრიგებულია, მეც მშვიდად ვარ.

– როგორ მეორე ნახევარს ეძებთ?

– მთავარი იუმორის გრძნობა და ურთიერთგაგებაა. დანარჩენი – გარეგნობა და ასეთი ეტაპები უკვე დიდი ხანია გავიარე. ხიბლი და სილამაზე ორ კვირაში რჩება და ამას დიდი ხანია მივხვდი. ამიტომ ჯობია, ის იმპულსი დავიჭირო, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომელსაც მოვეჭიდები და აღარ გავუშვებ.

ხიბლი და სილამაზე ქრება, როცა ამას არ ახლავს კარგი საუბარი, კარგი გაცინება და ა.შ. როდესაც ერთმანეთის ბევრ რამეში კარგად გესმის, გარეგნობას უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ვიზუალზე გადავირიო, მაგრამ ცოტა ხანში აღმოვაჩინო, რომ ჩემი ეიფორია და გადარევა გაქრა. ეს კი იმიტომ, რომ შეიძლება ორი ისეთი წინადადება თქვას, სულ აღარ მქონდეს მასთან ურთიერთობის სურვილი. ხდება პირიქითაც, რომ შეიძლება სულაც არ გადავირიო გარეგნობაზე, მაგრამ ისეთი საინტერესო იყოს, მომინდეს ურთიერთობის გაღრმავება.

– იქნებ თავად ხართ რთული ადამიანი?

– მე? არა, არ ვარ რთული, პირიქით, მარტივია ჩემთან ურთიერთობა. თუ რთული პერიოდი მაქვს, ვცდილობ, თავზე არავის მოვახვიო და ჩემით გადავლახო. არ მიყვარს გარშემომყოფებისთვის დისკომფორტის შექმნა.

– უახლოესი გეგმები როგორი გაქვთ?

– ბათუმში უნდა წავიდე და დავისვენო. მერე კი ახალი ძალებით შევუდგე მუშაობას. ჩემი დასვენებაა ზღვა, გართობა, მეგობრები… აქტიური გართობის დროს ვისვენებ ყველაზე კარგად. მზეზე დიდი დოზით ყოფნა არ მიყვარს. ამიტომ  წიგნებს წავიღებ და შუადღისას წავიკითხავ. ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია თბილისის შემდეგ. ვგიჟდები, ისე მიყვარს!