“გეგმებს ვსახავდით, მანქანიდან როგორ გადავმხტარიყავით”

343

ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი ადრე მარტო ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მისი კალათბურთელი ქმარი, ბექა წივწივაძე სპორტული რეჟიმის გამო ვერ ახერხებდა ცოლთან ერთად დასვენებას. თავის დროზე წყვილმა საქორწინო მოგზაურობაც კი ვერ დაგეგმა. მას შემდეგ, რაც ბექა აქტიური სპორტიდან მწვრთნელის რანგში გადავიდა, ცოლ-ქმარი უფრო ხშირად მოგზაურობს ერთად და, რა თქმა უნდა, შვილიც, გიორგიც თან ახლავთ.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ მანიკასთან სასაუბრო თემა ამჯერად ისაა, თუ როგორია მისი ცხოვრება ჩემოდნებზე.

– მანიკა, რა ტიპის მოგზაურობა გიყვართ?

– პირველ რიგში, მაინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, კერძები. გურმანი ვარ და მიყვარს ნებისმიერი ქვეყნის ტრადიციული კერძების დაგემოვნება. თუ მოვხვდი ისეთ ქალაქში, სადაც ცნობილი რესტორანია, ყოველთვის ვცდილობ იქ შესვლას. მოგზაურობისას ხშირად ვიღებ სპონტანურ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ბერლინში ვიყავი ,,ქოლდპლეის” კონცერტზე. იქ გავიგე, რომ ბერლინთან ახლოს, სხვა ქალაქში იმართებოდა ,,განზ ენ როუზის” კონცერტი. მეგობრებმა უცებ მივიღეთ გადაწყვეტილება და მაგარ კონცერტზე მოვხვდით.

– რომელიმე მოგზაურობას იმედგაცრუება თუ მოუტანია თქვენთვის?

– იმედგაცრუება მქონია კერძებთან მიმართებაში. ძალიან მაგარ რესტორანში ვყოფილვარ, ძალიან ძვირადღირებული კერძი შემიკვეთია და არ მომწონებია.

– მეუღლესთან ერთად ხშირად მოგზაურობთ?

– ძირითადად მარტო ვმოგზაურობ, რადგან თავისუფალ პერიოდებში ვერ ვემთხვევით ხოლმე. აქამდე ასე იყო. ბოლო დროს, რაც ბექა კალათბურთს აღარ თამაშობს და მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, უფრო ვახერხებთ ერთად მოგზაურობას. ბექასთან მოგზაურობა ძალიან კომფორტულია. ყველგან დამყვება, არასდროს არაფერს აპროტესტებს. მეც სულ ვცდილობ, კომფორტი შევუქმნა და ამიტომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს.

– საქორწინო მოგზაურობა რომელ ქვეყანაში გქონდათ?

– არ გვქონდა. ქორწილის მეორე დღეს ბექას თავისი სპორტული რეჟიმის გამო ვარჯიშებზე მოუწია წასვლა. რამდენიმე დღის შემდეგ მოვახერხეთ ქალაქიდან ცოტა ხნით გასვლა. ამიტომ ვამბობ, სანამ ბექა კალათბურთს თამაშობდა, თითქმის ვერასდროს ვახერხებდით ერთად წასვლას.

– როცა ტურნირებზე საზღვარგარეთ მიდის, ქმარს თქვენთვის აჩუქრები თუ ჩამოაქვს?

– კი, ყოველთვის კარგი საჩუქრების არჩევა იცის. ტანსაცმელიც ჩამოუტანია, სუნამოებიც, ტექნიკაც და, სხვათა შორის, ყოველთვის ყველაფერი ძალიან მომწონებია. როგორც ჩანს, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. მეც ზუსტად ვიცი, რა მოეწონება და არასოდეს ვურეკავ და არც ფოტოს ვუგდებ, ეს გიყიდო თუ არა-მეთქი. ანალოგიურად იქცევა ისიც.

– ალბათ განსაკუთრებულად გიყვართ ქმრის შერჩეული სამოსი.

– კი. ნებისმიერი საჩუქარი სასიამოვნოა, მაგრამ ბექას შერჩეული მუდამ ძალიან პრაქტიკულია. ყოველთვის ხვდება, რა მჭირდება.

– მოგზაურობას ხანდახან ახლავს მოულოდნელობა, ხიფათი, ექსტრიმი… თქვენ შეგმთხვევიათ რაიმე ასეთი?

– საბედნიეროდ, მოგზაურობისას ისეთი არაფერი მომხდარა, რისი გახსენებაც უსიამოვნო იქნებოდა. კოშმარად მახსენდება, როდესაც ერთხელ აეროპორტში ბარგი დავკარგე. წარმოიდგინეთ – იშოპინგე, უამრავი რამ შეიძინე, საყვარელ ადამიანებს საჩუქრები უყიდე და ეს ყველაფერი აღარ არის!

ერთხელ მილანში მობილური ტელეფონი მომპარეს. ტექნიკასთან დაკავშირებით სულ ცუდი მოგონებები მაქვს. ჩინეთში მოგზაურობისას ტელეფონი აუზში ჩამივარდა და ისე გაფუჭდა, ფოტოებიც კი ვერ აღვადგინე.

– ორიენტაციის საქმე როგორ გაქვთ, უცხო ქალაქში დაკარგულხართ?

– ჩინეთში მახსენდება ტაქსით მგზავრობა, როდესაც მეგონა, რომ მძღოლმა გაგვიტაცა. სამი მეგობარი ვიყავით და ტაქსი გამოვიძახეთ. სადაც უნდა მივდიოდით, იქ ნამყოფები ვიყავთ, მაგრამ ტაქსიმ ისე გვატარა, არაფერი მეცნობოდა. უკვე გეგმებსაც ვსახავდით, მანქანიდან როგორ გადავმხტარიყავით.

იგივენაირად გატაცების შიში ამეკვიატა ბაქოში, როდესაც ღამით ტაქსიში ჩავჯექი და ისეთი ჩიხებით მატარა, ასპროცენტიანი მეგონა, რომ კრიმინალები დაგვხვდებოდნენ სადმე. საბედნიეროდ, ჩემი ეს აკვიატებული შიშები არ გამართლებულა.

– ყველაზე ხშირად რომელ ქვეყანაში მიემგზავრებით?

– იტალიაში. მილანში ექვსჯერ ვარ ნამყოფი, ფლორენციაში – ოთხჯერ. საერთოდ, ვგიჟდები საქართველოზე. რამდენიმე დღით რომ წავიდე საქართველოდან, სულ მენატრება აქაურობა. სადაც ეს მონატრება ნაკლებად მაქვს ხოლმე, იტალიაა. ეტყობა, იქაური და ჩვენი ხალხის ხასიათისა და ტემპერამენტის მსგავსების ბრალია. იტალიაში თავს უცხოდ არ ვგრძნობ და ეს ძალიან მომწონს.