“დარწმუნებული ვარ, ასეთი საუბარი იქნებოდა – ის უკვე მკვდარია, ვეღარაფერს უშველი, ახლა შენს თავს უნდა უშველო”
გივი თარგამაძის პოსტი ფეისბუქში, რომელიც 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხება:
“დარწმუნებული ვარ, ასეთი საუბარი იქნებოდა – ის უკვე მკვდარია, ვეღარაფერს უშველი, ახლა შენს თავს უნდა უშველო…. ხოდა, ამათაც, მიატოვეს. ისევე მიატოვეს, როგორც მაშინ, ბოლოს სულ მარტო რომ გარბოდა და უკან ამოდენა მხეცები მისდევდნენ. ისევე, როგორც იმ ღამეს და დილას, სახლებში რომ ჩამორიგდნენ და დაიძინეს. საბოლოოდ მიატოვეს და საკუთარი ამბების მოკვარახჭინებით დაკავდნენ.
იმ გოგოს მამაც კმაყოფილია – საკუთარი შვილი უცბად გამოარიდა. შე დალოცვილო, უფროსი კაცი ხარ, ხედავ, რა ხდება – შედი, დაელაპარაკე და 99%-თ გაჩერდებიან. სახლებში დააბინავე, შენი შვილი ხომ უკვე შენთანაა და საფრთხე აღარ ემუქრება. თუ არ გაჩერდნენ – მერე დაურეკე პოლიციას, მოძებნე მათი მშობლები და საქმის კურსში ჩააყენე.
მოკლედ, მინდა, რომ ამ ამბის ყველა ფიგურანტმა გაითავისოს – თითოეული მათგანის მოქმედებამ თუ უმოქმედობამ, შეგნებულმა თუ შეუგნებელმა ქცევამ, შიშზე, ანგარებაზე, გამორჩენისა თუ გადარჩენის მოტივზე დამყარებულმა ნაბიჯებმა ერთობლიობაში განაპირობა ამ ტრაგედიის განვითარების შესაძლებლობა. მშვიდი ძილით არცერთს არ უნდა ეძინოს და “მე სხვა ეპიზოდი მეხება” საკუთარ თავთანაც არ უნდა ამართლებდეს.”– წერს გივი თარგამაძე.