“მთელი ცხოვრება, ვიდრე გარდაიცვლება, იძულებით უნდა ისუნთქოს…“

210

მამა პეტრე კოლხი თბილისში მოკლული, ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს ემოციურ ჩანახატს უძღვნის.

„მოკლული დედები უსამართლობის წინააღმდეგ

ნიკო კვარაცხელიას დედას

ყველაზე მძიმე საყურებელი შვილმკვდარი დედაა…

არსებობს უფრო მძიმეც – შვილს რომ უკლავ დედას…

ჰო, დედასაც კლავ, მაგრამ სიკვდილზე უფრო მძიმე ისტორიისთვის იმეტებ…

მთელი ცხოვრება, ვიდრე საბოლოოდ გარდაიცვლება, იძულებით უნდა ისუნთქოს…

სუნთქვა კი იძულებით, თითქმის შეუძლებელია…

წყლის ფსკერზე ყოფნას გავს, იხრჩობი, ჰაერი გჭირდება, მაგრამ პირს აღებ და წყალი გახრჩობს…

ჰო, მთელი ცხოვრება უჰაეროდ სუნთქავ და სამართალს დაეძებ…

სამართალი კი აგვიანებს… 

მკვლელებმა შვილმკვდარი დედისთვის უსასრულო შავი ფარდა ჩამოაფარეს…

ის მთელ სამყაროს მოიცავს და ხელს ვერ აწვდენ, რომ გადასწიო…

ამ ფარდის მიღმა, უკუნ სიბნელეში იკვალავ გზას, იქნებ მიაგნო სამართალს…

იბრძვი, იღწვი, ისწრაფვი სიმართლისაკენ, მაგრამ თავს ვერ აღწევ ხელოვნურ ჯებირებს…

მხოლოდ მოკლული შვილის სახელი გაცოცხლებს, თორემ დანარჩენს ისედაც ემიჯნები…

მხოლოდ ერთი ნუგეში გკვებავს, იცი, მოკლული შვილი ღვთისმშობელმა მიირქვა გულში და იესოს ბავშვობას უკითხავს!..“ – წერს მამა პეტრე.