“მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ვიკლებ, მაინც ეკლესიურად ვცხოვრობ”

404

იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ტელეწამყვან ეკო ფანგანის წარმატებაში, რა ეხმარება მას სტრესულ გარემოში სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში და როგორია მისი ოცნებები ბავშვობიდან დღემდე, ამ ყველაფერს მისგან შევიტყობთ.

ეკო ფანგანი: ვფიქრობ, რომ ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ. იღბლიანი ვარ იმიტომ, რომ დავიბადე ისეთ ოჯახში, როგორშიც დავიბადე და მყავს ძალიან კარგი მეგობრები. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ თავი იღბლიანი იმის გამოც მგონია, რომ ასეთი აზროვნება, ცხოვრებისეული ღირებულებები და შეხედულებები მაქვს. ძალიან ბევრ გლობალურ საკითხზე მიფიქრია, ყველაფერი კარგად მაქვს გააზრებული და ვფიქრობ, რომ ბევრი მიმართულებით სწორად ვაზროვნებ.

– შრომისმოყვარე ხართ?

– ძალიან შრომისმოყვარე ვარ, უფრო მეტად, ვიდრე იღბლიანი. არასდროს არაფერი მეზარება, ძალიან ბევრს ვმუშაობ. იყო პერიოდი, როდესაც თითქმის 24 საათი ვმუშაობდი. ტელევიზიაში ძალიან დატვირთული ვიყავი და პარალელურად, ძალიან ბევრი ღონისძიება მიმყავდა, ფაქტობრივად, ყოველ საღამოს. ამ ყველაფერთან ერთად, რადიოშიც მქონდა გადაცემა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ფიქრის დროც კი არ მრჩებოდა. თან, ჩემი პროფესია ისეთია, სულ ფორმაში უნდა იყო. მთაში, ყინვაში წამიყვანია ღონისძიება და იქაც ისეთ ფორმაში ვყოფილვარ, როგორიც საჭირო იყო. თავს მოდუნების უფლებას ვერანაირი მიზეზის გამო ვერ მივცემ. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ 24 საათის განმავლობაში 3-4 ჯერ გამომიცვლია გრანდიოზული კაბები და არასდროს დამზარებია. 24-საათიანი გადაღებები მქონია და არც ეს დამზარებია. ყველა ახალ გამოწვევაზე ინტერესით მივდივარ, უკან არასდროს ვიხევ. ადამიანი ვარ და ზოგჯერ შეიძლება, რაღაც დამეზაროს კიდეც, მაგრამ საერთოდ ძალიან შრომისმოყვარე ვარ.

– გამოწვევებს, სიამოვნებასთან ერთად, ალბათ, შიშიც ახლავს.

– მე არაფრის მეშინია. არ არსებობს მოვლენა, არ არსებობს არაფერი ამ ქვეყანაზე, რისიც შეიძლება, შემეშინდეს. მხოლოდ ბავშვობაში მიწისძვრის მეშინოდა ცოტა. შიშში ცხოვრებას ვერ დავკარგავ. მწერებსა და ქვეწარმავლებზე ლაპარაკიც არ არის. არც ცხოველის მეშინია, არც სიმაღლის და ასე შემდეგ.

– ეს ხასიათის თვისებაა თუ მუშაობის შედეგი?

– ამ მხრივ არ მიმუშავია, თუმცა გარკვეულ პრაქტიკებს მივმართავ ხოლმე სულიერი სიმშვიდისთვის. ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია. ძალიან ხანმოკლეა ჩვენი ცხოვრება და არ ღირს დროის შიშში დაკარგვა. შიში ცხოვრებიდან სასიამოვნო შეგრძნებებს გვაცლის. ადრენალინიც შიშთან არის დაკავშირებული და ზოგი ამიტომაც გაურბის. არადა, ამ დროს მას დაუვიწყარი მომენტების შექმნა შეუძლია. ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ შინაგანად თავისუფალი ვარ. ალბათ, მაქვს კომპლექსები, მაგრამ შესამჩნევი, ისეთი, რომ მე მაწუხებდეს, არა. აზროვნებაც თავისუფალი მაქვს და ძალიან ბევრი რამის მიმღებლობაც გამაჩნია, მიუხედავად ჩვენს საზოგადოებაში არსებული ჩარჩოებისა და დოგმებისა. ეს ვერ ახდენს გავლენას ჩემს აზროვნებაზე და საოცარი შინაგანი თავისუფლების განცდა მაქვს. შეიძლება, ადამიანი არ მომეწონოს, მაგრამ მივიღო ისეთი, როგორიც არის, იმიტომ რომ ჩემს აზროვნებას დოგმები არ განსაზღვრავს.

– სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად რა პრაქტიკებს მიმართავთ?

– სულიერება და სპირიტუალიზმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს, პირველ რიგში, იმის მიხედვით ვაფასებ, თუ რამდენად კეთილი და სულიერია. თუმცა, ზეცაში გამოკერებული ნამდვილად არ ვარ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ. პირიქით – ძალიან მიწიერი და რეალისტი ვარ.

ვინც ეკრანიდან თუ სოციალური ქსელებიდან მიცნობს, მათგან ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ მე საკმაოდ ეკლესიურად ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ვიკლებ, მაინც ეკლესიურად ვცხოვრობ. საეკლესიო და საერო ცხოვრება საერთოდ არ უშლის ხელს ერთმანეთს. ადამიანმა უნდა იცხოვროს თანამედროვე ცხოვრებით, თუმცა სხვებს არაფერი არ უნდა დაუშავოს – ეს არის ჩემთვის კრედო. ჩვენს თანამედროვეობაში ძალიან ცუდად არის აღქმული რელიგიურობა და მართლმადიდებლობა – საშინელი გაუნათლებლობაა ამ მხრივ. არ ვამბობ, რომ მე ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი ვერ ათავსებს ეკლესიურობასთან კარგად ცხოვრებასა და თანამედროვეობას. არადა, ეს ძალიან კარგად არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, ამ მხრივ, განათლების დიდი ნაკლებობა გვაქვს და ყველაფერი ამის ბრალია.

ჩემი მოძღვარი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია. ჩემი ასეთი მდგომარეობა მისი დამსახურებაა და მადლობა მას ამისთვის, რადგან ეკლესიური ცხოვრება ძალიან მამშვიდებს და ცხოვრებას მიიოლებს. ლოცვა ერთ-ერთი მედიტაციაა. სხვა ტიპის მედიტაციებითაც ვარ დაკავებული, ბევრი რამ გამომიცდია დამოუკიდებლად თუ სპეციალისტის დახმარებით და ეს ყველაფერი მეხმარება სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში. ძალიან სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ და როგორღაც უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს. ჩვენი ცხოვრება ამერიკული მთებივითაა, მუდმივი აღმასვლებით და ვარდნებით. ეს „დიდი ექშენია“ და ძალიან საინტერესოა, მაგრამ სტრესიც დიდია და განტვირთვა ძალიან გვჭირდება. ბევრს ვერ წარმოუდგენია, რამდენად ბევრი სტრესი შეიძლება, იყოს ჩემს ცხოვრებაში. შორიდან ყველაფერი ძალიან მარტივი, ლამაზი და ბრჭყვიალა ჩანს. მე არასდროს ვთამაშობ, მაგრამ არ მიყვარს ადამიანებისთვის ჩემი გასაჭირის თავს მოხვევა. მინდა, ისეთი რამეები გავაზიარო, რაც სხვებსაც კარგ ხასიათზე დააყენებს, რამეში დაეხმარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრება არ იტევს რაიმე საპირისპიროს.

– რა არის თქვენთვის ენერგიის წყარო?

– ჩემივე თავი. მე ვარ საკუთარი თავის მოტივაცია. რაც უფრო მეტს ვაკეთებ, განსაკუთრებულს, ახალს, მით მეტის სურვილი მიჩნდება. როცა საკუთარი გადადგმული ნაბიჯები მოგწონს და სიამოვნებას განიჭებს, მერე გაჩერება აღარ გინდა. სურვილი გიჩნდება, კიდევ მეტი გამოცადო და განიცადო. მე ჩემი პატარ-პატარა მიღწევებით ვივსები. საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც თხილამურებზე დავდექი. ორი უიკენდი ვისრიალე მწვრთნელთან ერთად ბაკურიანში და მერე მარტო წავედი სვანეთში სასრიალოდ. მივხვდი, რომ არ არსებობს ქვეყნად რამე, რასაც მე ვერ გავაკეთებ. არ აქვს მნიშვნელობა არაფერს, ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია. ყველას შეუძლია, მე კი არ ვარ უნიკალური. ავდექი და ერთხელაც, ჩემს ცხოვრებაში პირველად ისე დავხატე, რომ დაჯერება უჭირდათ, მეკითხებოდნენ, ეს როგორ მოახერხეო. ყველას ყველაფერი შეგვიძლია, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, ამის რწმენა არ გვაქვს. მე მაქვს და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის, შიშთან ერთად, „ვერ“ სიტყვაც არ არსებობს. რამეს თუ არ ვაკეთებ, ესე იგი, არ მინდა, თორემ, თუ მოვინდომე, აუცილებლად გავაკეთებ. ენერგიის წყარო, არის ისევ და ისევე ენერგიის ხარჯვა. უნდა გასცე ენერგია, რომ კიდევ უფრო მეტი გამოიმუშაო.

– ფინანსური წარმატება თუ აღიარება, რა არის წარმატების გზაზე მამოძრავებელი?

– ბოლო ათი წელი, ისეთი პროფესია მაქვს, რომელზედაც სულ არ ვფიქრობდი და რომელსაც აღიარება სჭირდება. თუმცა, სხვა მხრივ ამისკენ არ ვისწრაფვი. „ოღონდ სადმე გამოვჩნდე“ – ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ მაქვს და ყველგან არ ვედები, არ ვარ ჩაციკლული ამაზე. რაც შეეხება ფინანსებს, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იცხოვრო ისე, როგორც გინდა, აცხოვრო ახლობლები თუ გაჭირვებული ადამიანები ისე, როგორც საჭიროა. თუ შემიძლია, ვინმეს რაღაც მცირედით მაინც დავეხმარო, ამას აუცილებლად გავაკეთებ. მე მგონია, რომ ზუსტად ამისთვის ვიბადებით, რომ როგორღაც ერთმანეთს დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია. პარალელურად, ძალიან ვცდილობ ცხოველების დახმარებას. ეს თემა ძალიან მაწუხებს, რადგან საშინელება ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში. უამრავი ძაღლია გაუბედურებული და ბევრს ვეხმარები. სამწუხაროდ, ყველას დახმარება არ შემიძლია. ღამეები მაქვს ამაზე გათენებული, ვეძებ ინფორმაციებს, ვის რა სჭირდება და ასე შემდეგ. ჩემი ახლობლები უკვე მეჩხუბებიან, რადგან ცუდად ვარ განცდებისგან, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ვხუმრობ ხოლმე, დედამიწის სატკივარი მე მტკივა-მეთქი. კოვიდი რომ დაიწყო და პირველი ტალღის დროს იტალიაში საშინელებები ხდებოდა, მგონი, რამდენი ადამიანიც იღუპებოდა, ყველას პანაშვიდს ვუხდიდი ჩემს გულში. ასეა, ყველაფერი ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ეს ძალიან მამძიმებს და მერე ჩემს პატარა პრობლემებსაც კიდევ უფრო მტკივნეულად აღვიქვამ. თუმცა, ძალიან ოპტიმისტი ვარ და თავჩაქინდრულ მდგომარეობაში ყოფნა არ მახასიათებს, პირიქით, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია და სიცოცხლის ხალისსაც შევინარჩუნებ.