რატომ დაკარგა თამთა კვარაცხელიამ უახლოესი მეგობრები მნიშვნელოვან მომენტში და რა წარმოუდგენელ მასშტაბებზე გავიდა ის

Wedding Fair ტელეწამყვან თამთა კვარაცხელიას ახალი წამოწყებაა, რომლის წარდგენაც გასულ კვირას ძალიან მასშტაბურად მოხდა, რასაც გამოხმაურებაც შესაბამისი მოჰყვა. დეტალებზე თავად თამთა მოგვიყვება.

თამთა კვარაცხელია: Wedding Fair – გადავწყვიტე, ზუსტად ამ სახელწოდებით გამაკეთებინა საკუთარი ჟურნალი და ულამაზესი წვეულება, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უმასპინძლებდა. წლების განმავლობაში, ორივე მიმართულებით დიდი გამოცდილება შევიძინე და ჟურნალებთან თანამშრომლობისა თუ წვეულებების ორგანიზების ჭრილში, მნიშვნელოვანი ცოდნა დავაგროვე. 19 წლის ვიყავი, როდესაც მთავარი რედაქტორი გავხდი და მას შემდეგ, სხვადასხვა ბრენდთან ვმუშაობდი. არაერთი გრანდიოზული წვეულების ორგანიზატორი ვიყავი და ბოლოს, გადავწყვიტე, ჩემი ჟურნალი გამეკეთებინა, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა – ქორწინების თემაზე და იმავე თემატიკის წვეულება. საბედნიეროდ, თბილისთან ახლოს, მაგრამ თან ქალაქგარეთ, ვიპოვე ლოკაცია, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით დავტვირთავდი. აქამდეც არაერთი წვეულება გამიკეთებია, მაგრამ ამჯერად სრულიად განსხვავებული ჩანაფიქრი მქონდა: ფოტოსესია, დიჯეი, ბენდი, სემინარები ურთიერთობებზე, ქალის პოზიტიურ ფსიქოლოგიაზე, წყვილის დაქორწინების ცერემონია, გათამაშება და ასე შემდეგ. დღის განმავლობაში, ვისაც რომელი თემატიკა აინტერესებდა, იმას დაესწრებოდა. დაახლოებით, 2 000 სტუმარს ველოდით, მაგრამ გაცილებით მეტი მოვიდა.

– შოუბიზნესის ამდენი წარმომადგენლის გაერთიანება არ გაგიჭირდა? თუნდაც, სადედოფლო კაბების ჩვენებაში მათი ჩართვა…

– იქ ყველა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. ძალიან ბევრ ადამიანთან ვმეგობრობ – მოდელებთან, მსახიობებთან, ტელეწამყვანებთან და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობები გვაქვს და ამიტომ ჩემთვის ძალიან მარტივი იყო. კიდევ უფრო მეტი პატარძალი უნდა გვყოლოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ღონისძიებას ყველა ვერ დაესწრო. ნაწილი ჟურნალის გადაღებისთვის გაერთიანდა, ზოგი კი პოდიუმზე გამოვიდა.

ლალი ტოტიკშვილი, ალექსანდრა პაიჭაძე, მარიტა ჯანაშია, თამთა შედანია, თიკო ჩხეიძე, სალომე გოგიაშვილი, მარიკა ბაკურაძე, ანი გიუნტერი, თაკო ჭანუყვაძე, თამუნა ამონაშვილი, ლიკუნა მეტრეველი და – კიდევ ძალიან ბევრი ქალბატონი გააერთიანა ამ პროექტმა და ყველას უდიდესი მადლობა.

– ახლა რა გეგმები გაქვს?

– შემიძლია, ჟურნალი სამ თვეში ერთხელ გავაკეთო, წვეულება კი წელიწადში – ორჯერ, გაზაფხულის დასასრულსა და შემოდგომით, ქორწილისთვის ყველაზე აქტუალურ სეზონებზე. ეს ჟურნალი ერთგვარი გზამკვლევია პატარძლებისთვის. მისი დახმარებით გაიგებენ, რომელი ივენთკომპანია იქირაონ, ფრჩხილი სად გაიკეთონ, თმა, მაკიაჟი და ასე შემდეგ. ყველამ ვიცით, რამდენად სტრესულია წინასაქორწინო პერიოდი და ეს ჟურნალი ამ პროცესს გაუმარტივებთ. გაიგებენ, სად შეიძლება წავიდნენ დასასვენებლად, რა ლოკაციები შეარჩიონ ქორწილისთვის, სად გაატარონ თაფლობის თვე და ასე შემდეგ. მიხარია, რომ ჟურნალმა ძალიან კარგი შეფასებები დაიმსახურა და ძალიან მნიშვნელოვანი გამოხმაურებები მოჰყვა. ახლა თურქეთში მივდივარ შეხვედრაზე უდიდეს სასტუმროების ქსელთან – ჩემი ჟურნალის წარდგენა მთხოვეს. ძალიან დიდ მასშტაბებზე გავედი, რაც არ მქონდა გათვლილი, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნოა.

– Wedding Fair-ის რეკლამა უკვე ამერიკაში, თაიმ სკვერზე ტრიალებს…

– არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ასეა (იცინის). თამარ ნადირაძემ, რომელთანაც მრავალწლიანი სასიამოვნო თანამშრომლობა მაკავშირებს, დამირეკა და წვეულების ვიდეოს გაგზავნა მთხოვა. კითხვაც კი არ დამისვამს, ისე გადავუგზავნე და მეუბნება, რომ ეს ვიდეორგოლი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, თაიმ სკვერზე, ყველაზე დიდ მონიტორზე უნდა გავიდეს. ახლაც არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. ამერიკაში ნამყოფიც რომ არ ხარ და უცებ შენი პროექტი, მანჰეტენზე, მთავარ ეკრანზე გადის, ძალიან გახარებს.

– როგორ გაუმკლავდი ამ ყველაფერს?

– სინამდვილეში, ძალიან გადაღლილი ვარ. რთულია ამდენი გათენებული ღამე, უამრავი საქმე. ვერც ვჭამდი, შვილსაც ვერ მივხედე, ფორსმაჟორში ვმუშაობდი. ბევრი შეცდომა დავუშვი. თავიდან ორგანიზებას რამდენიმე ადამიანთან ერთად შევუდექი, მაგრამ მალე მარტო აღმოვჩნდი. თუმცა, მე დაწყებულ საქმეზე უარს არასდროს ვამბობ. ჩემთვის საქმე ყოველთვის პირველხარისხოვანია, მეგობრობა და პირადი ურთიერთობები კი – მეორეხარისხოვანი. მარტო აღმოვჩნდი, მაგრამ ყველაფერს გავართვი თავი. მეორე დღეს რომ ვუყურებდი, რა გამოვიდა, არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე. მარტო ვიყავი სახლში და ვისკის ჭიქით ხელში ვტკბებოდი მიღწეულით (იცინის).

პრობლემებიც მშვიდად მივიღე, მათ შორის ისიც, რომ ჩემთვის ღონისძიების ჩაშლაც სცადეს, იდეაც მომპარეს, მაგრამ ჩაუვარდათ. ჩემს უახლოეს მეგობრებთანაც კი მომიწია ურთიერთობის გაწყვეტა. მიხარია, რომ სულ რამდენიმე ადამიანი დარჩა ჩემ გვერდით. ეს ცუდი სულაც არ არის. ასეთ დროს კარგად ხვდები, ვინ ვინ არის და არასაჭირო ადამიანებს რაც უფრო მალე მოიშორებ, მით უკეთესია. მივხვდი, რომ არ შეიძლება, ამდენ ადამიანს ენდო, ძალიან ყოჩაღად დავდექი და ყველაფერი ბოლომდე მივიყვანე.

– ესე იგი, ლამაზი წვეულების მიღმა, ბევრი ინტრიგა და გულის ტკენაც იყო, არა?

– ინტრიგა არა, მცდელობები იყო, მაგრამ მე იმდენი მაქვს გამოვლილი, რეაქცია აღარაფერზე მაქვს. ძალიან უკვირთ ხოლმე, მეუბნებიან, როგორ არ გწყინს, როგორ შეგიძლია, ახლა ტელეფონი არ აიღო და პასუხი არ მოსთხოვო მას, ვინც ასე ცუდად მოიქცაო. გულწრფელად ვამბობ, მეცინება ასეთ მცდელობებზე, მე თუ რამის გაკეთება მინდა, მაინც გავაკეთებ, ყველაფრის მიუხედავად. პირიქით, მიხარია, რომ ნიღბიანი ადამიანები დროულად დავინახე და რაც შეიძლება, მოვიშორე. რა თქმა უნდა, ფიზიკურად გამიჭირდა ამხელა ღონისძიების ორგანიზება, ამიტომ კარგად ვხვდები, რომ შემდეგისთვის გუნდი მჭირდება და აუცილებლად მეყოლება, თორემ მორალურად მე ვერავინ და ვერაფერი გამტეხს.

– „იტალია და კვარაცხელიები“ – ძალიან კარგი შემოთავაზება გაქვს მოდის ინდუსტრიიდან, ევროპულ ბაზარზე…

– ბოლო პერიოდში, იტალიიდან ძალიან ბევრი შემოთავაზება მომდის. ხან ფოტოსესიებზე მეძახდნენ, ხან გადაღებებზე და ხანაც სამსახურს მთავაზობდნენ მოდის და სილამაზის ინდუსტრიაში. ინტერვიუებს მთხოვდნენ, ქართველ დიზაინერებზე მეკითხებოდნენ აზრს, ჟურნალებში დაბეჭდვას მთავაზობდნენ და გულწრფელად ვამბობ, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ან ჩემთან რა უნდოდათ. იმასაც ვფიქრობდი, რომ სხვაში ვეშლებოდი ან, უბრალოდ, თაღლითები იყვნენ. თვე არ გავიდოდა, რომ ძალიან მიმზიდველი შემოთავაზება არ მიმეღო, მაგრამ არ მჯეროდა, არ ვუყურებდი სერიოზულად. დაახლოებით ერთი წლის წინ აგენტები დამიკავშირდნენ, მეუბნებოდნენ, სილამაზის კონკურსში მონაწილეობისთვის შეგარჩიეთო და მთხოვდნენ, მასში მონაწილეობაზე უარი არ მეთქვა. კიდევ ვერ ვიჯერებდი, ყველას უარს ვეუბნებოდი, ალბათ, სხვაში გეშლებით-მეთქი. მათმა ზარებმა რომ ინტენსიური სახე მიიღო, მერე უკვე დავინტერესდი და დეტალები გამოვიკითხე. ისიც ვუთხარი, რომ მე არ ვარ ასაკით პატარა და მოდელის სტანდარტული გარეგნობის მქონე, არც სიმაღლე მაქვს მოდელის-მეთქი, მაგრამ მიმტკიცებდნენ, ყველანაირ პარამეტრში ჯდებიო. აღმოჩნდა, რომ მათი პარამეტრები რადიკალურად განსხვავდება ჩვენი სილამაზის კონკურსების მოთხოვნებისგან. თუმცა, ეს რეალურად დიდი საერთაშორისო კონკურსია „მის ევროპა კონტინენტალი“, რომელიც წელს იტალიაში, კონკრეტულად ნაპოლში ტარდება და ეს რომ ვნახე, გულწრფელად გამეღიმა.

საქართველოშიც კი არასდროს მიფიქრია სილამაზის კონკურსზე გასვლაზე და უცებ ამხელა კონკურსში ვერთვები. თან მითხრეს, ამ კონკურსში საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა, შენ პირველი იქნებიო. ქართველ გამოცდილ მოდელებსა და სამოდელო სააგენტოებთან, ამ კონკურსის ძველ კონკურსანტებთან, მოკლედ ყველასთან გადავამოწმე ინფორმაცია და ყველამ მირჩია, უარი არ მეთქვა, მაგრამ ისეთი გოგონები იყვნენ კონკურსანტები, ისეთი საოცარი გარეგნობის მქონეები, რომ ვიფიქრე, ჩემს მონაწილეობას აზრი არ ექნებოდა (იცინის). მერე, ეს ყველაფერი ოჯახში რომ მოვყევი, ყველამ მითხრა: ნუ მოგვაკლებ შენი ამ კონკურსში ხილვის ბედნიერებას, აუცილებლად მიიღე მონაწილეობა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მონაწილეობაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანიაო და ამიტომ კონტრაქტს ხელი მოვაწერე. გამარჯვების ამბიცია ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, ძალიან მაღალი დონის კონკურსია და დარწმუნებული ვარ, რომ დროს სასიამოვნოდ გავატარებ. პირველ რიგში, ვარჯიში უნდა დავიწყო და ჩემი ინგლისური გავაუმჯობესო. დალი ჩიტალაძე დამპირდა დახმარებას, კრისტი ყიფშიძემ პოდიუმზე გასვლას გასწავლიო – ეს ყველაფერი ძალიან შორსაა ჩემგან (იცინის). ქართველმა დიზაინერებმა – სიამოვნებით ჩაგაცმევთო, მიუხედავად იმისა, რომ იქაური წესების მიხედვით, ყველას ერთნაირი სამოსი უნდა გვეცვას. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით მივწერე, დემნა გვასალიას ქვეყნიდან მოვდივარ და როგორ ფიქრობთ, განსაკუთრებულად არ ჩავიცვამ-მეთქი და მათი პასუხიც სახალისო აღმოჩნდა, იტალიაში, მსოფლიო მოდის ცენტრში მოდიხარო (იცინის). ჩემი ერთადერთი უპირატესობა სხვა მონაწილეებთან მიმართებაში ისაა, რომ მე ბოტოქსიც კი არ მაქვს გაკეთებული, მათ უმეტესობას კი, როგორც ვნახე, ძალიან ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, კონკურსისთვის კი უპირატესობა ბუნებრივი სილამაზეა. ვერ ვიტყვი, რომ ეს გამარჯვების იმედს მინერგავს, საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე, თუმცა, შეიძლება, გარკვეული როლი ითამაშოს. მოკლედ, ვნახოთ, ვნახოთ… (იცინის).

ასევე იხილეთ