სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელ ეკა მგალობლიშვილს მისი და მისი მოდელების წარმატებებისა და ამ წარმატების საიდუმლოებების შესახებ ვესაუბრეთ.
ეკა მგალობლიშვილი: უკვე წლებია, ჩვენი სამოდელო სააგენტო, „კატრინი“ ძალიან აქტიურია როგორც ქართულ, ისე მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. კატრინი ფლობს 25-ზე მეტ საერთაშორისო ლიცენზიას, ანუ ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ სხვადასხვა სამოდელო და სილამაზის კონკურსები, ფესტივალები და რა თქმა უნდა, ასეც ვიქცევით. ასევე, მონაწილეობას ვიღებთ პარიზის, მილანისა და „ტიფანის“ მოდის კვირეულებში. ულამაზეს მოდელებთან ერთად, ჩვენ გვყავს უნიჭიერესი მომღერლები და დიზაინერები, რომლებსაც ფართო აუდიტორიას ვაცნობთ სხვადასხვა ქვეყანაში.
2015 წელს პირველად ჩავატარე სილამაზის კონკურსი – „მის პლანეტა“ და საერთაშორისო ჟიურის თანხლებით, 36 ქვეყნის გამარჯვებული ჩამოვიდა საქართველოში ტელევიზიასთან და პრესასთან ერთად. ამ ამბავს დიდი და ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამას შემდეგ წელს დაემატა „მისტერ პლანეტა“, რომლის საერთაშორისო ლიცენზია 2016 წელს შევიძინე და ორივე კონკურსი დღემდე ძალიან წარმატებულია. პარალელურად ვატარებთ შემდეგ ღონისძიებას: „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი“, „მსოფლიოს საუკეთესო პრინცი და პრინცესა“ და Top Teen And Child Model Of The Planet, ანუ წლის განმავლობაში ოთხ ძალიან წარმატებულ და მასშტაბურ პროექტს ვმართავთ. ამ პროექტების ფარგლებში საქართველოში 30 ქვეყნის წარმომადგენლებს ვმასპანძლობთ ხოლმე. ანუ, გულწრფელად რომ გითხრათ, იმის გაკეთებას ვცდილობ, რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი – მინდა, მსოფლიოს გავაცნო ჩემი ქვეყანა, კულტურა, ტრადიციები, ენა, ნაციონალური სამოსი, კერძები და სხვა ყველაფერი, რაც ძვირფასი გვაქვს. ჩვენი მონდომების შედეგად, ისინი უკვე იცნობენ ჩვენს ჩოხას, ძალიან უყვართ ქართული ცეკვა, სამზარეულო და ასე შემდეგ. მე ამისთვის ვშრომობ წლების განმავლობაში და ვამაყობ ჩვენი შედეგებით. ვამაყობ იმით, რომ განსაკუთრებული წარმატებები გვაქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა პროექტში. მაგალითად, ალბანეთში გამართულ სილამაზის კონკურსში ტოპ ათეულში გავედით, ორი ნომინაცია ავიღეთ. გამარჯვებული დავბრუნდით თურქეთიდან და ასევე, ბულგარეთიდან. ეს მხოლოდ ბოლო ორი თვის შედეგებია. მიუხედავად ამდენი წარმატებისა, ბოლო თვეების ღონისძიებებიდან ყველაზე შთამბეჭდავი მაინც „ტიფანის“ მოდის კვირეული იყო მონაკოში, რომელიც კანის კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. საქმე ისაა, რომ პანდემიის დროს, როდესაც ყველანი სახლში ვიყავით გამოკეტილი, გადავწყვიტე, ქსოვილები ამეღო და მოულოდნელად ბავშვობის ოცნების ასრულება დავიწყე. გავაკეთე სამოსი, სახელწოდებით „სამეფო კარის მეჯლისი, სტუმრად გრაფ დრაკულასთან“ და ბრენდს „ანასტასია“ ვუწოდე. ამ სამოსმა დიდი მოწონება დაიმსახურა. რუმინელებისგან განსაკუთრებული მადლობის წერილი მივიღე, რადგან ჩემი ინსპირაცია სწორედ გრაფი დრაკულა გახდა. მსოფლიო მოიარა ამ კოლექციამ – დუბაი, მილანი, პარიზი და ასე შემდეგ, ყველგან საოცარი შეფასებები დაიმსახურა. პარალელურად შევქმენი „სამეფო კარის მეჯლისის“ პატარა პრინცები და პრინცესები, მეჯლისის სტუმრები. ძალიან მოულოდნელი იყო, როდესაც „ტიფანიმ“ მომწერა, გვინდა ბრენდი „ანასტასია“ მოდის კვირეულზე წარმოადგინოო. მონაკოში ჩემი 15 ლუქი ჩავიტანე და რა თქმა უნდა, ჩვენი ბავშვებიც თან წავიყვანე, ასევე, „ტიფანის“ მიწვევით. ხან ფრანგულად, ხან ინგლისურად აცხადებდნენ სხვადასხვა სახელოვან ბრენდს და უცებ მათ გვერდით ქართულად აჟღერებული „ანასტასია“ რომ მოვისმინე ჩემს სახელსა და გვართან ერთად, ძალიან დიდი მადლობა საქართველოსო, რომ დააყოლეს, საოცრად ამაყი ვიყავი. თუმცა, ვაღიარებ, ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო.
სხვათა შორის, დუბაიშიც, საერთაშორისო მოდის კვირეულზეც დამაჯილდოვეს, როგორც ახალგაზრდა დიზაინერი და ჩემი სამოსი საუკეთესო ზღაპრულ კოლექციად შეაფასეს. მილანში ტელევიზიაში გვქონდა ჩვენება და იქაც დამაჯილდოვეს. თუმცა, მე ყველგან ვიმეორებ, რომ არ ვარ დიზაინერი და მერიდება კიდეც ამ ჯილდოების გამო. სიმართლე გითხრათ, მონაკოში დაჯილდოებას იმდენად არ ველოდი, რომ ჩვენების დასრულების შემდეგ სამოსიც კი გამოვიცვალე. ეს მოგზაურობა დასამახსოვრებელი იყო იმითაც, რომ იქიდან კანში წავედით. საქართველოს პავილიონში გახლდით, სადაც ქართველი მსახიობები ვნახე. ერთ-ერთი ფილმის პრეზენტაციაზე ვიყავით მიწვეული და ჩვენი ულამაზესი პრინცესებით წითელ ხალიჩაზეც გავიარეთ. იქ, სადაც ლეონარდო დიკაპრიომ გაიარა (იცინის). საოცარი შეგრძნება იყო. ჩემი შვილი – ანასტასია 12 წლის არის და წარმოიდგინეთ, როგორია, როცა პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოდის და მეუბნება, მე და ანასტასია გავდივართ წითელ ხალიჩაზეო (იცინის).
– ზღაპრული ამბები ამით არ მთავრდება. სამხრეთ აფრიკელმა პრინცესამ საჩუქარი გამოგიგზავნა…
– ცოტა მერიდება ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა მაინც საამაყოა ის, რომ ჩემი საერთაშორისო კოლეგები „ქვინს“ (დედოფალს) მეძახიან. რაც შეეხება პრინცესას საჩუქარს, მან ხელნაკეთი გვირგვინი და სამხრეთ აფრიკული აქსესუარები გამომიგზავნა. ძალიან გამიხარდა და საქართველოშიც სიამოვნებით დავპატიჟე. ის ერთ-ერთი უძველესი ტომის ბელადის ქალიშვილი გახლავთ. საერთაშორისო ჟიურის წევრი ვარ და ჩვენი ვარსკვლავებიც აქტიურად მიმყავს ხოლმე საერთაშორისო ფესტივალებზე. ყველა ხედავს რამხელა პატივისცემა და სიყვარული აქვთ იქ საქართველოს მიმართ. 50 ქვეყანაც რომ იყოს წარმოდგენილი, საერთაშორისო ჟიური ათი წევრისგან შედგება და მათ შორის ერთ-ერთი მე ვარ, ყველა ხედავეს, რამხელა ფასი აქვს ჩემს სიტყვას, ისინი დიდ პატივს სცემენ ჩემს აზრს.