“ბრავო მაესტრო ტარიელ” – რას წერს ია ფარულავა ყოფილ მეუღლეზე

288

2023 წლის 1 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში შედგა უსაყვარლესი ნობუიუკი სუჯის სოლო კონცერტი, – აღნიშნული ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში მიმოხილვას ტარიელ სუარი აქვეყნებს.

ტარიელის რევიუს, მისი ყოფილი მეუღლე, ტელეწამყვანი და მსახიობი ია ფარულავა გამოეხმაურა, პოსტი გააზიარა და დაწერა:

„ბრავო მაესტრო ტარიელ, ფანტასიტური რევიუა”, – წერს ია ფარულავა.

იხილეთ რევიუ სრულად:

2023 წლის 1 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის ფარგლებში შედგა უსაყვარლესი ნობუიუკი სუჯის სოლო კონცერტი.

ნობიუკიმ კონცერტზე შეასრულა;
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის Op.-14 საფორტეპიანო სონატა
ედვარდ გრიგის ლირიული პიესები:
Op.12 Nr.1 არიეტა,
Op.12 Nr.2 ვალსი,
Op.43 Nr.5 ეროტიული ლექსი,
Op.54 Nr.3. ტროლების მარში,
Op.54 Nr.4 ნოქტურნი,
Op.65 Nr.6 საქორწინო დღე ტროლდჰაუგენში და ფერენც ლისტის:
S172 Nr.3 ნუგეში რე ბემოლ მაჟორი
S162 1) გონდოლიერის სიმღერა, 2) კანცონა და 3) ტარანტელა.

კონცერტი გაიხსნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის Op.-14 საფორტეპიანო მთვარის სონატით, რომელიც მართალია მოკლებული იყო იმ მისტიურობასა თუ ტრაგიზმს, რომელთანაც ასოცირდება ეს შედევრი, თუმცაღა ამ უბრალოებით შესრულებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (თუ არ ჩავთვლით 35-36 ტაქტების არასტილისტურ ბმას) შენარჩუნებული ჰქონდა ლოცვის გარკვეული შეგრძნება და იმდენად შეეფერებოდა კონცერტის გახსნას, რომ ამ ჩანაფიქრით, წინანდლის ლანდშაფტს, შესაძლებლობა მიეცა მუსიკით მისალმებოდა პატივცემულ საზოგადოებას.

არტისტის მხრიდან ამ კეთილშობილურ ჟესტს უმალ მოჰყვა სონატის ის მეორე და მესამე ნაწილი, რომელიც პროგრამაში ამა თუ იმ მიზეზის გამო არ იყო გაწერილი.

სწორედ მეორე ნაწილში, როდესაც შემსრულებელმა 28-30 ტაქტებში, ისევე როგორც 37 ტაქტში ლა ბემოლის ჩათხლეშვით ბეთჰოვენისა და კლასიციზმისთვის დამახასიათებელი არტიკულირება გრიგისეული გამოთქმით შეცვალა მივხვდი, რომ შემსრულებელისგან არ უნდა ველოდოთ სტილისტურ სიზუსტეს.

სონატის უკვე მესამე ნაწილში, სადაც არტისტმა 19-20 . 35, 39-40 ტაქტებში უარი თქვა ბეთჰოვენისეულ კრეშენდოებზე, იმის მაგივრად, რომ გავეტანეთ და ცოცხლად დავემარხეთ მხოლოდ რბოლის შეგრძნება შემოგვთავაზა, რითაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბეთჰოვენი მისი ძლიერი მხარე არ იყო.

ყველაზე მეტად კი გული იმ ორმოცდამეათე ტაქტის გამო დამწყდა, რომელშიც შემსრულებელმა ტექსტში არარსებული დიმინუენდოს გამოყენებით ბეთჰოვენისეული დრამატულობა თანამედროვე მუსიკისთვის დამახასიათებელი ისტერიით შეცვალა.

თუმცაღა უსაყვარლესმა სუჯიმ ბოლოსკენ, 180-184 ტაქტებში მისტიური შემზადების შემდეგ 185 ტაქტში ისეთი ოსტატობით გახსნა მესამე შრე და ამოაფრქვია ადამიანური ბუნების სინამდვილის ამსახველი ბრწყინვალე პასაჟი, რომ სულ დაგვავიწყა ბეთჰოვენიცა და მთელი მისი ეპოქაც.

ედვარდ გრიგის Op.12 Nr.1 არიეტაში შემსრულებელი მართლაც რომ იმ უსანუკვარეს საგანძურზე და შინაგან სინათლეზე ამღერდა, რომელიც მას როგორც ჩანს მთელი ცხოვრების მანძილზე უკვალავს გზას.

Op.12 Nr.2 ვალსში კი მე-3, მე-4 ტაქტებში ტენუტოების აქცენტებად გადაკეთებამ, ისევე როგორც მე-12, მე-14 ტაქტებში ტექსტში არსებული აქცენტების გაქრობამ ვფიქრობ ამ საოცარ შედევრს ზედმეტი სერიოზულობა შესძინა, რის გამოც ნაწარმოებს მოაკლო ის მახვილგონიერება და იუმორი რომლითაც ზოგადად გაჯერებულია ეს უმშვენიერესი მინიატურა, თუმცაღა შესრულებაში არტიკულირების მოქნილობით ვალსის მოცეკვავეთა ბზრიალის გამოხატულება იმდენად კონკრეტულად იყო ასახული, რომ ცოტა ხნით დავეჭვდი პიანისტი ნამდვილად უსინათლო იყო თუ არა.

Op.43 Nr.5 ეროტიულ ლექსში ნობუიუკი სუჯის შესრულების სიმძიმემ; როგორც კონკრეტულად მე-6 ტაქტში, ასევე ზოგადად არპეჯირების დროს, 28 ტაქტში კი ზედმეტმა სერიოზულობამ, დრამატულობამ და პათოსმა ასოციაციები ისე შორს წაიღო მიწიდან, ვნებიდან და ეროტიულობიდან, რომ პიანისტმა სტილისტიკასაც არ გაუწია ანგარიში და ყველასათვის მოულოდნელად მსმენელს გრიგიდან დებიუსის არამიწიერ სივრცეში ამოყოფინა თავი.

Op.54 Nr.3. ტროლების მარში, რომლის შესრულებაც წარმოუდგენელია აზარტის შეგრძნების გარეშე უსაყვარლესმა სუჯიმ მე-11, მე-12, მე-13 და მსგავს ტაქტებში მითითებული აქცენტებისთვის თავის არიდებით ნაწარმოები განრისხებული პოსეიდონისა და (71 ტაქტიდან კანტაბილეს დოლჩედ გადაკეთებით) უნაზესი არიელის ტანდემად აქცია.

Op.54 Nr.4 ნოქტურნის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ იყო ზედმეტად რაფინირებული, თუმცაღა სავსე საოცარი ტრელებითა და დასასრულით.

Op.65 Nr.6 „საქორწინო დღე“-ის მე-5 ტაქტში მესამე თვლაზე, მე-6 ტაქტში კი პირველ და მესამე თვლაზე ტექსტში არარსებული, მაგრამ სუჯის მიერ ჩამატებული აქცენტებით აგორებულმა ზედმეტმა დრამატულობამ სამწუხაროდ მარტივად ჩაძირა ის პოზიტიური სულისკვეთება, რომლის გარეშეც ამ საოცარ ნაწარმოების წარმოდგენა შეუძლებელია.

მხოლოდ ერთხელ, უნატიფესად შესრულებულ ფრაზაში შეიძლებოდა დაგვენახა თუ რამდენად მორცხვი იყო პატარძალი, რომელსაც სავარაუდოდ გათხოვების ერიდებოდა. ეს იყო რაღაც ისეთი დაგეგმილი საქორწინო დღესავით, რომლის დროსაც რთულია მიხვდე; ნამდვილად ბედნიერები არიან ამ დროს ადამიანები თუ სიმულირებენ.
ფერენც ლისტის S172 Nr.3 ნუგეში რე ბემოლ მაჟორში პიანისტმა უდაოდ მაღალ მწვერვალზე აიყვანა ნაწარმოების შინაარსი. ნაწარმოების ხასიათის უზუსტესი გადმოცემით უსინათლო პიანისტი სადღაც მაღლიდან ანუგეშებდა მთელ დარბაზს ისე როგორც თითოეული მსმენელის პირადი მეგობარი.

ამავე კომპოზიტორის S162/ 1 გონდოლიერის სიმღერაში კი მართალია პიანისტმა მუსიკაში წარმოსახული გონდოლიერი უკეთილშობილესად წარმოგვიჩინა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ზემოაღნიშნულს აკლდა ღიმილი, თუმცაღა ნაწარმოების დასასრული არტისტმა ისე შეასრულა თითქოს უმსუბუქესი ნისლის ფარდა ჩამოაფარებინათ სცენისთვის.

S162 / 2 კანცონაში პირადად მე ყველაზე მეტად ლისტიდან შოპენის სტილისტიკაში შესამჩნევად გადაიჭრა მეხამუშა.

S162/3 ტარანტელა კი იყო ერთადერთი შემთხვევა სადაც პიანისტმა თავიდან ბოლომდე დაიცვა ნაწარმოების სტილისტიკა. ამ ნაწარმოების შესრულების დროს ჯერ მხოლოდ ინტროდუქცია იყო იმდენად შთამბეჭდავი, რომ გეგონებოდათ ნამდვილად უკბინა მავანს ობობის ნაირსახეობამ, რომლის საკურნებლად არა მხოლოდ სიგიჟის ამსახველი ტარანტელას ცეკვა გახდა საჭირო, არამედ უამრავი ადამიანის ჩარევა, რომ ამ ნაკბენისგან განთავისუფლებულიყო წარმოსახხვის ობიექტი.

ბისზე შესრულებული ნაწარმოები იყო არა მხოლოდ წინანდლის ლანდშაფტის, არამედ სრულიად კოსმოსის აღსარება, რომელითაც მთელი სამყარო უბოდიშებდა არაჩვეულებრივ და უსაყვარლეს პიანისტს უსინათლობისთვის.

საბოლოო დასკვნაში პიანისტზე შემიძლია ვთაქვა, რომ ის სავარაუდოდ საერთოდ ვერ ერკვევა სტილისტიკაში, ვერც კომპოზიტორს გრძნობს მაინცდამაინც და ვერც ეპოქას. თუმცაღა აქვს საოცარი წარმოსახვის უნარი. გენიალური დაბოლოებები თითქმის ყველა შესრულების დროს და თითოეულ ნაწარმოებს მსმენელის წინაშე ფუნჯივით ხატავს. მისი სავიზიტო ბარათი კი ის დაუვიწყარი მელიზმები და ტრელები გახლავთ რომელთა მოსმენის გამოც ნამდვილად ღირდა ჩემი ძვირფასი დროის კარგვა”, – წერს ტარიელ სუარი.

შეგახსენებთ, გიტარისტი ტარიელ სუარი და მსახიობი ია ფარულავა დაშორდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ტარიელ სუარმა სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა. დაშორების მიზეზი აქამდე უცნობი იყო, თუმცა ტარიელ სუარის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან გაირკვა, ია ფარულავამ მას უღალატა.