ჟურნალისტ სალომე ლემონჯავასა და მომღერალ გიორგი ცხადაძის ოჯახური ცხოვრების ამსახველი ვიდეოები, რომელსაც სალომე სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს ხშირად უზიარებს, განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. სალომესთან საუბარი ზუსტად ამით და ახალშეძენილი პროფესიით – „ინფლუენსერობით“ დავიწყეთ.
სალომე ლემონჯავა: არ ვიცი, რამდენად კარგად ვართმევ თავს, ამას დიდი დრო სჭირდება და ჩემს, ისედაც რთულ გრაფიკთან შეთავსება მიჭირს. თუმცა, ბოლო პერიოდში, შედარებით გავაქტიურდი, განსაკუთრებით „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე. ჩემთვის მთავარი მოტივაცია ჩემი შვილია. ნენეს ნებისმიერ ფოტოს თუ ვიდეოს ყოველთვის ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს. მაგალითად, თუ ისე მოხდა, რომ დილით სთორი არ დავდე ნენეს შესახებ, მწერენ, როგორ არის, დღეს არ გვინახავს მისი ფოტოო. აქედან გამომდინარე, ჩემი ძირითადი კონტენტიც ესაა – ბავშვი და ოჯახური პორტრეტი, ნაკლებად ვეხები სამსახურსა და კარიერას.
– ვინც სოციალური ქსელებით გაგიცნო, ბევრისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტი ხარ.
– კი, გამიჯნული მაქვს ოჯახური და პროფესიული ამბები და ჩემი კონტენტი ყველაზე ნაკლებად პროფესიას ეხება. ყველაზე მეტად ჩემი ოჯახური ამბების გაზიარება მსიამოვნებს.
– ნენეც პროფესიონალივით აგყვა. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა, კამერასთან ძალიან კარგად ურთიერთობს.
– კი, ნენემაც ხელი შეუწყო ამ ამბავს და ამითაც მომცა მოტივაცია. ვიდეოს გადაღებისას გამორიცხულია, რამე ვუკარნახო ან ვასწავლო, რა და როგორ თქვას. თვითონ აქვს სურვილი, ხალხს მიესალმოს, ხელი დაუქნიოს და ასე შემდეგ. ალბათ, რომ ხედავს მე რას ვაკეთებ, იჭერს და მერე ძალიან ბუნებრივად იმეორებს. მოკლედ, კამერასთან ძალიან კარგად მუშაობს (იცინის). ძალიან მოსწონს ეს პროცესი. საკუთარ ვიდეოებს რომ ვაჩვენებ, ისეთი ბედნიერია, რომ დღის განმავლობაში უამრავჯერ უყურებს და ტკბება. ასე რომ, უხარია, ამიტომაც ვაკეთებ ამას, თორემ ჩემთვის ბავშვთა უფლებები ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს პროცესი მისთვის სასიამოვნო რომ არ იყოს, მის პირად სივრცეს არ დავარღვევდი.
– ეგრეთ წოდებული, „ჰეითერები“ თუ გყოლია, კრიტიკული კომენტარები გხვდება ხოლმე?
– როცა ოჯახურ სიტუაციასა და შვილს ეხება საქმე, ძალიან მოსწონთ და პირიქით, ყოველთვის დადებითი გამოხმაურებაა. რაც შეეხება „ჰეითრინგს“, თუ არის, არის კონკრეტულად ჩემი მისამართით. ხშირად ვიზუალურ მხარეს მიწუნებენ. წერენ, ამ ბიჭს ეს გოგო არ შეეფერებაო. გიორგის ეკითხებიან ხოლმე: უფრო ლამაზი ვერ ნახე? რატომღაც მიაჩნიათ, რომ არ ვარ ისეთი ლამაზი, როგორიც უნდა ვიყო. შეიძლება, იმ სფეროდან გამომდინარე, სადაც გიორგი ტრიალებს, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას სილამაზის სტანდარტებს და ამის გავლენით, მის გვერდით განსაკუთრებით ლამაზი გოგო წარმოუდგენიათ. უნდათ, რომ ჩემი მთავარი უპირატესობა გარეგნული სილამაზე იყოს. ჩემი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ეგ არ არის, მაგრამ საერთოდ არ მივიჩნევ თავს ულამაზოდ და გიორგისთვის შეუფერებელ ადამიანად. მგონია, რომ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს. ეს ჩემი პირადი აზრია.
– რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში ტელევიზიასა და ჟურნალისტიკას?
– საკმაოდ რთული სამსახური მაქვს. დილის ექვსზე მიწევს ადგომა, რადგან დილის ეთერში მიმყავს ბიზნესგადაცემა. შუადღის გადაცემაშიც ვმუშაობ და საერთო ჯამში, სამსახურს დიდი რესურსი მიაქვს. შაბლონურად გამომდის, მაგრამ ჩემი საქმე მართლა ძალიან მიყვარს. ჟურნალისტიკაში ვიწრო მიმართულება მაქვს არჩეული. როცა მეუბნებიან ხოლმე, ჟურნალისტიკაზე ვაბარებ და რას მირჩევო, პირველ რიგში, იმას ვამბობ, რომ არ არის საჭირო ამ პროფესიაზე ჩაბარება, მაგრამ თუ მაინც აბარებენ, ჩემი მთავარი რჩევაა, რომ ვიწრო მიმართულება აირჩიონ. მაგალითად, მე ბიზნესისა და ეკონომიკის ჟურნალისტი ვარ. ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ზოგადი ჟურნალისტიკა და უფრო მეტად მოთხოვნადიც. ამ მიმართულებით ყოველთვის კადრების დეფიციტია და არ მახსენდება პერიოდი, როცა რამდენიმე სამსახურიდან ერთდროულად არ მქონია შემოთავაზება. ეს საქმე ძალიან მზრდის. თუ წელს იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შარშან, ესე იგი, კარგი წელი მქონდა, ასეთია ჩემი შეფასების კრიტერიუმი და ჯერჯერობით ასეცაა. როგორც კი კომფორტის ზონა შემექმნება და განვითარებას ვეღარ ვიგრძნობ, აუცილებლად ვიპოვი სხვა გზას, იმიტომ რომ ვფიქრობ, ადამიანს საინტერესოს მუდმივი განვითარება ხდის.
– ალბათ, ძალიან ენერგიული ხარ?
– ძალიან, მაგრამ ძალიანაც ვიღლები და სულ მეძინება. დილით ექვს საათზე რომ დავიწყებ, დღის განმავლობაში, დაახლოებით, 15-16 საათი ვმუშაობ. მეორე სამსახური სახლში მელოდება – ნენესთან. ბავშვი განსაკუთრებულ ენერგიას საჭიროებს, თავიდან უნდა გავიღვიძო, მიუხედავად იმისა, რომ საღამოს 7 საათია, დღე თავიდან უნდა დავიწყო, გავცოცხლდე და კიდევ ოთხი საათი, ნენესთან ერთად, სულ სხვა სიცოცხლისა და ენერგიის მატარებელი ვიყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ენერგია მჭირდება, თუმცა, არც ვუჩივი, ძალიან ენერგიული და როგორც ამბობენ, „ჰარდ ვორქერი“ ვარ. მგონია, რომ ყველა ასეთია, უბრალოდ, დროის სწორად განაწილებაა მთავარი. მე შეიძლება, სამსახურში არ დავისვენო, კაფეში არ ჩავიდე და ის ერთი საათიც მუშაობაში გავატარო, სამაგიეროდ, უფრო ადრე მოვრჩე საქმეს. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაზე მთავარია და მინდა, რომ მასთან დაღლილი არ მივიდე, მისი დაძინება არ უნდა მეჩქარებოდეს და არც ტელეფონს ვაჩეჩებდე ხელში, რომ მე გავთავისუფლდე. ამიტომ სამსახურში შეიძლება, წინასწარ გავაკეთო ორი დღის საქმე, რომ შემდეგი დღე შედარებით მსუბუქი მქონდეს და ნენესთვის ბევრი დრო გამოვყო.
– მინუსებზე და უარყოფით მხარეებზეც ვისაუბროთ, რა გაქვს ასეთი?
– ჩემი მთავარი მინუსი ჩემი ხასიათია. რთული ხასიათი მაქვს, ძალიან ცვალებადი და ფეთქებადი ვარ, შფოთვებიც მახასიათებს. ყველაფერზე წინასწარ ვნერვიულობ. მაგალითად, როცა რამეს ველოდები, წინასწარ ყოველთვის ცუდ სცენარს განვიხილავ და ეს მორალურად ისე მღლის, მერე კარგი შედეგიც რომ დადგეს, აღარ მაქვს რეაქცია. კარგიც რომ მოხდეს, მოდუნება და სიამოვნების მიღება მიჭირს. სულ მინდა, რომ რაღაცას ვაკეთებდე, ეს შეიძლება, საქმისთვის კარგია, მაგრამ ჩემთვის რთულია. ყველაფრისთვის ძალიან ვიხარჯები. ჩემი ცუდი მხარეა ისიც, რომ არ მიყვარს სახლის დალაგება და საჭმლის გაკეთება, არც ტანსაცმლის გაუთოება. ამ ყველაფერს უფრო მეტად გიორგი აკეთებს.
– მისი შემოქმედებიდან გამომდინარე, გიორგი, ალბათ, ყველას ძალიან რომანტიკული წარმოუდგენია. როგორია რეალობა?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან რომანტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ ამაში პროფესია უწყობს ხელს. ადრე უფრო იყო, მაგრამ ადამიანები და ურთიერთობები ხომ მუდმივად განვიცდით ცვლილებებს. ალბათ, ადრე იმიტომ იყო უფრო მეტად რომანტიკული, რომ მეც უფრო მეტად მინდოდა და მომწონდა რომანტიკა. ბოლო პერიოდში მეც ნაკლებად რომანტიკული გავხდი. ახლა გიორგის რომანტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, თუ ჩემს სამსახურიდან დაბრუნებამდე მას დრო აქვს, ცდილობს, სახლი დალაგებული დამახვედროს. ჩემთვის ეს არის რომანტიკა. ამას იმიტომ აკეთებს, რომ მე მომაკლდეს საქმე, ზრუნავს და ცდილობს, თავი უკეთესად მაგრძნობინოს. სამაგიეროდ, ძალიან რომანტიკულია ნენეს მიმართ. შეიძლება, იმიტომ რომ ნენეს მოსწონს ეს და ელოდება. შეიძლება, უცებ უმღეროს და ამით ძალიან გაახაროს. სიურპრიზებს უკეთებს, შეუძლია, სახლში კოსტიუმირებული მოვიდეს, რომ ნენე ბედნიერი იყოს. სულ ცდილობს, ისე მოიქცეს, რომ მისი სახლში დაბრუნება ჩვენთვის, როგორც ნენე ეძახის, „ლალა“, ანუ კონცერტი იყოს. ასეცაა, გიორგის მოსვლით ჩვენს სახლში „კონცერტი“ მოდის.
– საზაფხულო არდადეგებზე რა გეგმები გაქვთ, სად აპირებთ დასვენებას?
– მთელი წლის განმავლობაში გადაბმულად ორი დღე არ გვქონია დასვენების საშუალება, შაბათ-კვირასაც კი. ამიტომ განსაკუთრებულად ველოდებით დასვენების დღეებს. გიორგიმ მე და ნენეს სიურპრიზი გაგვიკეთა და იტალიაში ვაპირებთ წასვლა. ამ ქვეყნის მონახულება ძალიან მინდოდა და აქამდე ამის საშუალება არ მომეცა. ეს იქნება ნენესთან ერთად ჩვენი პირველი ერთობლივი მოგზაურობა საზღვარგარეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად ვემზადებით. იქიდან რომ დავბრუნდებით, მთაშიც წავალთ და ზღვაზეც, შევეცდებით, ყველაფერი მოვინახულოთ და ვისიამოვნოთ.