“ძალიან მიხარია, რომ ასეთი სიყვარულის ისტორია მაქვს”

დეა აფციაურისა და ოთო აბესაძის წყვილმა ძალიან ბევრი სირთულე გადალახა და დღეს, პატარა კირასთან ერთად, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ტკბებიან. როგორია მათი სიყვარული და რა ასწავლა რთულმა პერიოდებმა, ამაზე დეა მოგვიყვება.

– დეა, თქვენი ქორწინება ძალიან რთულად დაიწყო, უამრავ პრობლემას გაუმკლავდით, თუმცა, რამდენიმე წელია, ცხოვრება მშვიდ კალაპოტს დაუბრუნდა. ახლა როგორია თქვენი ურთიერთობა?

დეა აფციაური: შვიდი წელია, ერთად ვართ და ექვსი წელია, რაც დავქორწინდით. ეს არც ისე ცოტაა. რომ არა ის სირთულეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, შეიძლება, ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში პატარ-პატარა პრობლემებისთვის მიგვეცა ნება, რომ ჩვენი ურთიერთობა გაერთულებინა. იმ გამოცდილების დამსახურებით, დღეს თითოეულ უპრობლემო დღეს ძალიან ვაფასებთ. სამწუხაროდ, ხშირად მესმის, რომ წყვილები წარმოუდგენლად მარტივ თემებზე კამათობენ, რითაც ურთიერთობას ირთულებენ და ეს ჩვენთვის წარმოუდგენელია. როცა ამდენს გამოივლი, მერე სხვანაირად უფრთხილდები იმას, რაც შექმენი და ელემენტარულისგან პრობლემას არ ქმნი.

– როგორი მეუღლეა ოთო დღეს?

– პირველ რიგში, ძალიან ყურადღებიანია და ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარი. დღეს გარშემო ძალიან ბევრი შესაძლებლობა და პერსპექტივა არსებობს. ადამიანებს უამრავი რამის კეთება შეგვიძლია და ასეთ მოცემულობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც ხელს კი არ შეგიშლის, პირიქით, მაქსიმალურად დაგეხმარება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეორე ნახევარი ჩემი მთავარი გულშემატკივარია. პირველ რიგში, მას ვუყვები ყველა გამოწვევისა და სიახლის შესახებ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში არსებობს. მე ვფიქრობ, რომ მეუღლეებს შორის ეს ყველაზე დიდი პლუსია. ოთო წლებთან ერთად ძალიან „ჩემი ადამიანი გახდა“. სულ მიკვირდა ხოლმე, როგორ შეიძლება, ადამიანის უსიტყვოდ გესმოდეს ან გამოხედვით როგორ უნდა გრძნობდე მის განწყობას-მეთქი, მაგრამ დღეს მართლა ამ დონეზე გვესმის ერთმანეთის. აუცილებლად ვიტყვი იმასაც, რომ არაჩვეულებრივი მამაა, ბევრი დედა რომ ვერ იქნება, ისეთი მშობელია.

– გწამდა ასეთი სიყვარულის არსებობის?

– კი, მჯეროდა. მე მწამს, რომ სამყაროს მიმართ ჩვენს განწყობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამეგობროშიც სულ ამაზე ვკამათობ ხოლმე. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც ურთიერთობაშიც კი არ არის, წინასწარ იქმნის ცუდ განწყობას. ამბობენ, ყველა კაცი ერთნაირიაო, არ სჯერათ, რომ ხანგრძლივი სიყვარული არსებობს. მე მგონია, რომ ჩვენი განწყობები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ცხოვრების წარმართვაში. ისეთ ადამიანებს ვიზიდავთ, როგორებიც წარმოგვიდგენია და მერე ჩვენი ურთიერთობებიც შესაბამისად ვითარდება. ეს შეიძლება, ვიღაცისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ მე ძალიან დაინტერესებული ვარ ფსიქოლოგიური მომენტებით. კი, მე ყოველთვის ასეთი განწყობა მქონდა, მჯეროდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული იარსებებდა და ბედნიერი ვიქნებოდი. ჩემთვის ყველაზე მთავარი და თვალსაჩინო დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობა იყო. მე ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორიის მაგალითი ოჯახში მქონდა. დედა და მამა 35 წლის განმავლობაში ახალი შეყვარებულებივით იყვნენ. მამა ერთი წლის წინ გარდამეცვალა. ის ბოლო წუთამდე ყვავილებით მოდიოდა დედასთან სახლში. მართლა ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდათ. ამიტომ, ეს გრძნობა ჩემთვის არასდროს ყოფილა უცხო და წარმოუდგენელი.

– თუმცა, თვითონაც ბევრი გააკეთე იმისთვის, რომ ეს გრძნობა ასეთი ძლიერი ყოფილიყო და დღეს ბედნიერად გეცხოვრათ.

– რა თქმა უნდა. ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა გააკეთო ურთიერთობისთვის. თუ დღეს ვინმეს ჩვენს ურთიერთობაზე შეუძლია, თქვას, რომ განსაკუთრებული სიყვარულის ისტორიაა, ამბიციურობაში თუ არ ჩამეთვლება, ნამდვილად დავეთანხმები ამ აზრს. ეს ჩვენი მონდომების დამსახურებაცაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი სიყვარულის ისტორია მაქვს. სხვისი რომ ყოფილიყო და მომესმინა, ვისურვებდი, რომ მეც გადამხდენოდა მსგავსი, რა თქმა უნდა, ცუდი მომენტების გამოკლებით. თუმცა, ძალიან ბევრი რამის გაკეთება და დათმობა გიწევს, თუნდაც, „საუკეთესო“ სიყვარულის ისტორიისთვის. ყოველდღიურობაში ძალიან ბევრს ვთმობთ, მეც და ოთოც. ჩვენ არასდროს გვიცდია ერთმანეთის გადაკეთება. ოთო ჩემთვის არაჩვეულებრივი ადამიანია და არასდროს მიფიქრია შემეცვალა, თუმცა, ამ ურთიერთობაში მანაც ბევრი ისწავლა ჩემგან და მეც ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან. ამ პროცესში, ჩვენდა უნებურად, ჩვენი ხასიათის გარკვეული თვისებებიც დავთმეთ. მგონია, რომ ყველაზე იდეალური ურთიერთობა დათმობებსა და ურთიერთპატივისცემაზეა აგებული.

– ბოლო პერიოდი რთული გამოვიდა, რადგან მამა დაკარგე, ვისთანაც ძალიან გამორჩეული ურთიერთობა გქონდა…

– როდესაც ოთოს ჰქონდა რთული პერიოდი, მე ვედექი გვერდით, მაგრამ აი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი, როცა ოთო მედგა გვერდით. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვიცი, რომ ყოველთვის ასე არ არის. ჩვენს შემთხვევაში, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მე უფრო ვიდექი ოთოს გვერდით მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის ამბავში. იყო მომენტები, როცა თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, რომ მიჭირდა რაღაცების გაკეთება და ოთო ჩემზე მეტს აკეთებდა მამაჩემისთვის. ძალიან რთული პერიოდი იყო და მისმა მხარდაჭერამ დიდი ძალა მომცა, ამისთვის მისი საოცრად მადლიერი ვარ. მამას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. მისი, როგორც მშობლის მიმართ, ყოველთვის დიდი პატივისცემა მქონდა, მაგრამ ის, პირველ რიგში, ჩემი დიდი მეგობარი იყო.

ასევე იხილეთ