“ნებისმიერი ქალის ნატვრაა, მეუღლე საყიდლებზე წასვლაზე დაითანხმოს, პაატა, პირიქით, აქეთ მეხვეწება, წამო მაღაზიებში, რამეს გიყიდიო”
წლების შემდეგ, როგორც წესი, წყვილები ურთიერთობის გაფუჭების გამო წუწუნებენ ხოლმე, მაგრამ დრომ და სირთულეებმა პაატა ხაჩიძისა და ლილე გულორდავას ურთიერთობა, პირიქით, უკეთესობისკენ შეცვალა. ლილესთან საუბარი ზაფხულის გეგმებით დავიწყეთ და ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ.
ლილე გულორდავა: ბავშვები არდადეგების გასატარებლად ბორჯომში წავიყვანეთ. მე და პაატას კი ჯერ არ გვაქვს დასვენების საშუალება. მე მთელი ზაფხული ვმუშაობ და პაატასაც ცხელი ზაფხული აქვს. მხოლოდ შაბათ-კვირას თუ ჩავალ ბავშვებთან და პაატაც იქ იქნება. ჩვენ სექტემბერში მოვახერხებთ დასვენებას, ასეთი გეგმა გვაქვს. საერთოდ, პირადად მე და პაატასაც, დასვენება მთაში გვიყვარს. ზღვაზე ვერ ვისვენებ, უფრო ვიღლები და დიდხანს ვერ ვჩერდები, მაგრამ რადგან ბავშვებისთვის ესეც საჭიროა, მაინც მივდივართ ხოლმე.
– მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილი გყავთ, მარტო თუ ახერხებთ დასვენებას?
– ბოლო ორი წელია, ვახერხებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შვილები ცოტა გაიზარდნენ. უფროსი 15 წლის არის, შუათანა – 11-ის და პატარა – 8-ის. ამიტომ, მე და პაატა ბოლო პერიოდში, შაბათ-კვირას საკმაოდ ხშირად გავდივართ ხოლმე ქალაქგარეთ. შემოდგომაზე გვინდა, ქვეყნის გარეთ წავიდეთ. აქამდე ნაკლებად გვეცალა ამისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ბევრი დაუვიწყარი მოგზაურობა გველოდება.
– ალბათ, რთულია განსხვავებული ასაკის შვილებთან ყოველთვის ისე მოიქცე, რომ გული არ დასწყდეთ.
– კი, რთულია, იმიტომ რომ სამივე ინდივიდუალური პიროვნებაა ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მეც და პაატაც მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. ჩვენს შვილებთან ყოველ საღამოს გვაქვს საუბარი იმის შესახებ თუ რა მოხდა იმ დღეს, ერთმანეთს ვუზიარებთ, კარგსა თუ ცუდს. პრობლემებზეც ვსაუბრობთ, ყველა საკითხს განვიხილავთ და ერთად ვცდილობთ, სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ.
– უფროსი უკვე თინეიჯერია, ეს ასაკი კი ხასიათის გართულებას იწვევს. აქვს ასეთი მომენტები?
– კი, უფროსი ზუსტად, ამ ასაკშია, თუმცა, არ არის რთული თინეიჯერი. თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ ჩამოყალიბებული და ძალიან განვითარებული ბავშვია. ასაკიდან გამომდინარე, მარტოც უყვარს ყოფნა და თავისი სამყაროც აქვს, მაგრამ ჩაკეტილი არ არის და არც აგრესიულია. საბედნიეროდ, ასეთი პრობლემა არ გვაქვს. პირიქით, ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს ჩემს უფროს შვილთან და საერთოდ, სამივესთან. პაატაც საუკეთესო მამაა. ისეთია, რომ მე პირადად ვისურვებდი, მამაჩემი ასეთი ყოფილიყო. ვფიქრობ, მთავარია, სწორად ჩაწვდე რა აწუხებს შვილს, რის გამო შფოთავს.
– როგორი მეუღლეა პაატა?
– ძალიან კარგი მეუღლეა. ძალიან ყურადღებიანი. ადრე პირიქით იყო, მე უფრო აქტიური ვიყავი და ვთხოვდი, სადმე წავსულიყავით. ახლა პაატა ცდილობს, სადმე გასვლაზე დამითანხმოს (იცინის). ყოველ საღამოს მეუბნება, სადმე გავისეირნოთო. ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობრებთან ვხუმრობდი კიდეც ამ თემაზე – ნებისმიერი ქალის ნატვრაა, მეუღლე საყიდლებზე წასვლაზე დაითანხმოს. ჩემი მეუღლე, პირიქით, აქეთ მეხვეწება: წამო, მაღაზიებში გავიდეთ, რამეს გიყიდიო (იცინის). ლამის ყოველ საღამოს ასეა, ამას ვაღიარებ.
– ამასთან ერთად, მოულოდნელი სიურპრიზების გაკეთებაც გამოსდის?
– როცა ახალი დაქორწინებულები ვიყავით, არ იცოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს სიურპრიზებიც ახასიათებს და მიუხედავად იმისა, რომ ამდენწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს, ზოგჯერ მაინც ახერხებს ჩემს გაკვირვებას.
– თქვენს ურთიერთობაში სირთულეებიც იყო და გამოდის, რომ მას შემდეგ უფრო მეტად დააფასეთ და უფრთხილდებით ამ კავშირს.
– კი, ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერმა განაპირობა დღევანდელი მოცემულობა. ზოგადად, ნათქვამია, რომ ადამიანები არ იცვლებიან და შეიძლება ასეცაა, მაგრამ როდესაც რამეს დაკარგავ და მიხვდები, რომ ძალიან გიყვარს ის, რაც დაკარგე, საკუთარ თავთან შეცდომებს აღიარებ. შემდეგ, როცა მეორე შანსი გეძლევა და საშუალება გაქვს, ეს კარგად გამოიყენო, მე ვფიქრობ, მართლა დასაფასებელია.
– თვითონ როგორი მეორე ნახევარი ხართ?
– რთულია ამის თქმა (იცინის). მარტივი ადამიანი ნამდვილად არ ვარ და ამას ვაღიარებ. ყველა ადამიანს აქვს ხასიათში გარკვეული სირთულეები, თუმცა, ვფიქრობ, რომ მთლიანობაში კარგი მეუღლე ვარ, თბილი და ყურადღებიანი ადამიანი. ცუდი რომ ვიყო, ალბათ, ამდენი ხანი არ ვიქნებოდით ერთად (იცინის). პაატასაც თავისი სირთულეები აქვს. ისეთი რთული პროფესია და განრიგი აქვს, მესმის კიდეც მისი. ყველანი ადამიანები ვართ და როცა ვიღლებით, მერე გვიჭირს. ზოგჯერ გადაღლილობისგან ხასიათი ეცვლება და მერე ეს ჩვენზეც აისახება, მაგრამ დროსთან ერთად მიღებულ გამოცდილებას მოაქვს ის, რომ კარგად გესმის შენ გვერდით მყოფი ადამიანის. შენ თუ იღლები და კონკრეტული გარემოების მიხედვით ხასიათი გეცვლება, შენი მეორე ნახევარიც ადამიანია და არც მისგან უნდა გაგიკვირდეს ასეთი რამ. ამ ყველაფერს ურთიერთპატივისცემით ვუმკლავდებით. მესმის და იმ მომენტში, პირიქით, ვცდილობ, მეტი სითბო და ყურადღება გამოვიჩინო მის მიმართ. მერე, როცა დამშვიდდება, მშვიდად დავსხდებით და ვეუბნები, რომ იქნებ შემდეგისთვის უფრო მეტად ვაკონტროლოთ ემოციები, რომ ეს ოჯახზე არ აისახოს და პრობლემა, რომელიც მაგალითად, სამსახურს ეხება, სახლში არ მოვიტანოთ, იმიტომ რომ ეს ბავშვებზეც მოქმედებს.
– და ბოლოს, როგორ ახერხებთ, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებით?
– განსაკუთრებულს მართლა არაფერს ვაკეთებ (იცინის). არც დიეტას ვიცავ და არც ვვარჯიშობ. ალბათ, გენეტიკის დამსახურებაა. თავის ასაკისთვის, დედაჩემიც ძალიან კარგად გამოიყურება. გამომდინარე იქიდან, რომ სამი შვილი მყავს, ძალიან ხშირად მეკითხებიან ამაზე, მაგრამ მართლა არ მაქვს განსაკუთრებული წესები. შეიძლება, იმის დამსახურებაცაა, რომ ხორცეულზე დიდად არ ვგიჟდები. ბავშვობიდან ასეა. ჭამის მოყვარულიც დიდად არ ვარ. უფრო მეტად მაინც ბოსტნეული მიყვარს, მაგრამ იმის გამო, რომ პაატას უყვარს ხორცეული, ოჯახში ვამზადებ. სხვათა შორის, რომ გავთხოვდი, ხორცისა და თევზეულის მომზადება მერე ვისწავლე, მანამდე არ მქონია შეხება. ბევრი ხორციანი საჭმელი საერთოდ მერე გავსინჯე. თუმცა, უკვე პაატაც მივიყვანე იქამდე, რომ მძიმე საკვები აღარ ჭამოს და ჯანმრთელად იკვებოს. სხვათა შორის, ამიბა მხარი.