რა იყო ენი გასიევასა და გიორგი ყიფშიძის დაშორების რეალური მიზეზი

294

მსახიობი გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლს, ენი გასიევას, ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ენი „ოფენ ეარზე“ ახალგაზრდა კაცს წითელპომადიანი ტუჩებით მკერდზე კოცნიდა. მალევე ლენუკა ყიფშიძემ განმარტა, რომ ენი მისი რძალი აღარ იყო და გიორგი რამდენიმე თვეა, რაც მეუღლეს დაშორდა.

– ენი, საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და სადაც შენ „ოფენ ეარზე“ ბიჭს მკერდზე კოცნი. რეალურად ეს იყო გიორგისთან დაშორების მიზეზი?

– არა, ეს ვიდეო ჩვენი დაშორების მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. დაშორებისთვის სერიოზული მიზეზი არ გვქონია. უბრალოდ, დაგროვდა, დაგროვდა, რაღაცაში ვერ დავემთხვიეთ, დავიძაბეთ, გადავიღალეთ, ბოლო დროს ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს. დაახლოებით, ექვსი თვეა დავშორდით, მაგრამ პროცესები ცოტა ადრე დაიწყო. არაფერი კონკრეტული არ მომხდარა, გარემო პირობებისგან შექმნილი სტრესი, პანდემია… ეს ყველაფერი დაგროვდა და ვერ გავუმკლავდით. ორი შვილი გვყავს. გიორგი არის იდეალური მამა და ძალიან კარგი მეუღლე იყო. მე მას ყოველთვის პატივს ვცემ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენი დაშორების მიზეზი, არც ასაკობრივი სხვაობა ყოფილა, 20 წლით უფროსია ჩემზე და ბევრი რამე ვისწავლეთ ერთმანეთისგან. პომადით კოცნის ვიდეო რომ გავრცელდა, მე და გიორგი უკვე დაშორებულები ვიყავით, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. ასეთი ცხოვრება ძალიან ძნელი იყო, რადგან მე მიყვარდა და მიყვარს და მასაც ვუყვარდი და ვუყვარვარ. დაშორების რეალური მიზეზი კი გახლდათ ის, რომ გიორგი წავიდა შრუმების სამდღიან რიტუალზე შამანებთან ერთად. ბავშვები მე დავიტოვე, უფროსი, კოსმო, დედაჩემმა წაიყვანა. იმ პერიოდში იწყებოდა „ოფენ ეარი“ და მეგობარმა მოსაწვევი მაჩუქა. ლელას, გიორგის დედას, ვუთხარი, რომ ბავშვს დავაძინებდი და წავიდოდი, დილით კი დავბრუნდებოდი. ლუნა მშვიდი ბავშვია, არ არის შემაწუხე ბუნებით. მოკლედ, გვიან ღამით წავედი და „ოფენ ეარიდან“ რომ ვბრუნდებოდი, ტელეფონზე გიორგის მესიჯები დამხვდა, რომ თურმე ვიღაცას ვკოცნი, მერე ლენუკას სთორი და უამრავი კომენტარი: შენ რა ქალი ხარ, შენ შვილები დაყარე… თურმე, ლელა გამხდარა ცუდად და ბავშვს მაგ დროს გაეღვიძა. უთქვამს, ბაბუს დაუძახე, ვერ ვარ კარგადო. ერთი სიტყვით, ამის მერე დადო გიორგიმაც სთორი, რომ დავშორდითო. ახლაც, როგორც ადამიანი, ძალიან მიყვარს. უბრალოდ, ბევრი კამათის ფონზე ცოტა ვდისტანცირდით. ჩემი ჩემოდნები ჩალაგებული იყო, ელოდებოდა როდის წამოვიდოდი. მაშინ გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ, გადაგიყრიო. მანამდეც უთქვამს მსგავსი რაღაცები. მოკლედ, ამ ვიდეოზე ჰქონდა გიორგის რეაქცია, რატომღაც, რაღაც იფიქრა, არადა თორნიკეს ისე ვუყურებ, როგორც ჩემს ძმას. გიორგი თორნიკეს არ იცნობს და ეს ვიდეო რომ ნახა, მისთვის შოკი იყო. შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი მამაკაცი არ არის. მინდა, ჩემთვის ვიყო და ამ ეტაპზე ჩემს თავს მივხედო.

– ლენუკას ვიდეო რომ ნახე, გეწყინა? და როგორც ვიცი, გიორგის ქალიშვილი ნატალია შენთან მეგობრობს და მასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს ახლა?

– ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. ლენუკას მე მაინც ძალიან ვაფასებ. თუმცა, როგორც ლენუკა ვიდეოში ამბობს, რომ გიორგი დაშორდა თავის ცოლს, გიორგი მე არ დამშორებია, ჩვენ ორივე დავშორდით ერთმანეთს. ნატალია კი ძალიან მიყვარს, ჩემთვის ძვირფასი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა დრო აღარ რჩება, სერიალშია დაკავებული, სწავლობს, თავის ამბებშია, განზე გამდგარია, არაფერში არ ერევა და თავისი ცხოვრება აქვს. არ მწყენია ლენუკასგან, ვისაც რა უნდა, ის პოზიცია დააფიქსიროს, არ მაქვს პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცებს არ ვიმსახურებ და რაღაცებს ვიმსახურებ. უცებ დამატყდა ეს ყველაფერი თავზე, რაღაცები მეწყინა, მეტკინა, რაღაცები გამიხარდა.

– გადაცემა „ია ფარულავას კონვერტში“ თქვი, ჩემს დაქალთან ვცხოვრობ და იქ ბავშვებს ვერ წავიყვანო. ახლახან კი გიორგიმ ვიდეო დადო, სადაც ბავშვებისთვის ძიძას ეძებდა და გადაცემაში ნათქვამს საკმაოდ ცუდი კომენტარები მოჰყვა. ამაზე რას იტყვი?

– დიახ, დროებით დაქალთან ვცხოვრობ, ვეძებ ბინას, ვიქირავებ და ჩემს შვილებსაც წამოვიყვან. მერე მე და გიორგი მოვილაპარაკებთ და კოსმო და ლუნა ხან იმასთან იქნებიან და ხან ჩემთან. ხოლო, გიორგიმ რომ გადაწყვიტა და დადო ვიდეო ძიძას ვეძებო, მეც ვნახე და მაშინვე მივწერე, ეს რა არის-მეთქი და მიპასუხა: ძველი დადებულიაო. ია ფარულავამ თავად მითხრა, გიორგი ვნახე და მითხრა, ენი ცუდი დედა აღმოჩნდაო. ვუთხარი, ასეთ რაღაცებს რატომ ლაპარაკობ-მეთქი. არ ვიცი, ასე რატომ ფიქრობს, არადა მე თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ ნამდვილად კარგი დედა ვარ, მალე ვიქირავებ ბინას, წამოვიყვან ჩემს შვილებს და სოციალურ ქსელშიც ხშირად დავდებ სთორებს მათთან ერთად.

– ამჟამად არ მუშაობ?

– არა, ჯერ არ ვმუშაობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრანსმედიტაციები ჩავატარო, რადგან გამომდის და ვისთვისაც ჩამიტარებია, ყველა კმაყოფილია. ასე რომ, ვაპირებ ეზოტერიკის კუთხით წავიდე.

– ეზოტერიკით რამდენი წლის ასაკში დაინტერესდი?

– ეზოტერიკით რვა წლის ასაკში დავინტერესდი. დედაჩემს ჰყავდა მეგობარი ქალი, რომელიც იყო ასაკში. ეზოტერიკოსი იყო, ყავაში იხედებოდა, წყალში კალის ჩასხმით იგებდა, გაქვს თუ არა თვალი და ბევრ რამეს აკეთებდა. დედას მასთან რომ მივყავდი, ვინტერესდებოდი. დედაჩემს შესთავაზა, დამიტოვე ეს გოგო და რაც მე ვიცი, ენის ვასწავლიო. ამისთვის საკმაოდ პატარა ასაკი მქონდა, თან, მასთან დიდი დრო უნდა გამეტარებინა და ვერ დავრჩებოდი. თორმეტი წლის ასაკიდან დავიწყე გრიმუარების ჩაწერა, გარკვეული რიტუალები შევისწავლე და შემდგომ, ერთი პერიოდი, ეს ჩემი შემოსავლის წყაროც იყო. მე მხოლოდ დადებით ენერგიებს ვეხები. არ დამავიწყდება, პირველი კლიენტი თექვსმეტი წლის ასაკში მყავდა, ენერგეტიკული წმენდა ჩავუტარე. ბევრი მოდიოდა ჯადოსა და თვალის მოსაშორებლად. როცა ადამიანს ენერგეტიკულ წმენდას ვუტარებ, მისთვის მოვლენები ჩქარდება და თუ ცუდია, მოსახდენი მალევე მოხდება, რომ მალე დასრულდეს და კარგიც, შესაბამისად მალე ხდება. ხელებითა და მეტალით ვმუშაობ ენერგიების გაწმენდა-გაძლიერებაზე. ადრე არ მინდოდა გამოჩენა, ვმალავდი ამ ყველაფერს.