“პირველად დავინახე უსინათლო კაცის თვალებზე ღაპაღუპით ჩამოსული ცრემლები, ჩემს თავს დღესაც ვერ ვპატიობ მის ტირილს, რამდენი წელია ცხოვრება მტანჯავს“

232

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი საკუთარი ქართული და ამერიკული ცხოვრების შესახებ საზოგადოებას ხშირად უყვება. სულ რამდენიმე თვის წინ, ცისნამი საყვარლიშვილის წიგნის – „წითელთმიანი გოგონას დღიური“ პრეზენტაცია შედგა.

ცისნამი საყვარლიშვილი: „ძალიან რთულია საქართველოდან ამერიკაში ჩამოხვიდე, ქართული თბილი ურთიერთობებიდან ცივ ამერიკაში გადმოინაცვლო, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი 100 წლამდე ადამიანური ურთიერთობების გარეშე?!“

ამჯერად ცისნამი საყვარლიშვილი სოციალური ქსელის მომხმარებლებს წიგნიდან პატარა ამონარიდს უზიარებს და ამასთან, ავრცელებს სტატუსს, რომელშიც ემიგრანტობის პირველ წლებს და ერთი წლის შვილთან განშორებას იხსენებს.

„პირველი განშორება ერთი წლის შვილთან..

არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი განშორება ერთი წლის შვილთან და საყვარელ ოჯახთან. საბოლოოდ ვუმღერე „იავნანა“ იკას, ბოლოჯერ გადავიწვინე მკლავებზე და ვგრძნობდი, როგორ მეკუმშებოდა გული. რატომღაც ძილი არ უნდოდა, „ღუ, ღუ, ღუს“, ამბობდა და ჩემთან ერთად ღიღინებდა.

– მე დავაძინებ, შვილო. ეტყობა, ჯერ არ ეძინება.

– არა, იყოს, დედა, მინდა ჩემს მკლავებში ჩაეძინოს!

2009 წლის 6 მაისს, გიორგობის ღამეს, მივფრინავდი იტალიაში, სადაც ახალი ცხოვრება, თავდაუზოგავი შრომა და სწავლა უნდა დამეწყო.

მამაჩემი უკვე ავად იყო და ძალიან ვუფრთხილდებოდი, სულ იმას ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი მაგრად იქნებოდა. მამა ვეღარ მუშაობდა, შეერყა ჯანმრთელობა.

პირველად სწორედ იმ საღამოს დავინახე უსინათლო კაცის თვალებზე ღაპაღუპით ჩამოსული ცრემლები და ჩემს თავს დღესაც ვერ ვპატიობ მის ტირილს. სულ მგონია, რომ მისი სიკვდილი ჩემი ბრალია, რადგან საშინელი ტრაგედია იყო მისთვის ჩემი მარტო ყოფნა, ვერ ინელებდა ამ ამბავს, რომ მე ოჯახი დამენგრა. აღარ იყო ის ძლიერი კაცი, რომელსაც მთელი კახეთი და ნახევარი საქართველო პატივს სცემდა. საკმაოდ გაეტეხა ჩემზე დარდს.

მამაჩემი ისმენდა ჩემს „იავნანას“ და ტიროდა. აეროპორტში წასვლის დრო ახლოვდებოდა. მთელი ოჯახი ცრემლებით მაცილებდა. ჩემი ძმა დუმდა. დედაც ტიროდა. მარტო მე ვიყავი კარგ ხასიათზე, ვითომ მიხაროდა წასვლა. „იავნანას“ შემდეგ ღიღინი წამოვიწყე, ჩემს ძმას მხარზე ხელი მოვხვიე, ხმამაღლა, როგორც ბავშვობაში ვიცინოდი, გადავიხარხარე და ასე გავფანტე გამეფებული უხერხულობა.

„რა იყო, ხალხო, ჯარში კი არ მაგზავნით, სამუშაოდ მივდივარ, თან ვისწავლი, ფულს გამოგიგზავნით და როგორც ყოველთვის, ყველაფერი კარგად იქნება“, – უკვე იმდენჯერ ვიმეორებდი ამ სიტყვებს, რომ ზუსტად ვიცოდი, ასე იქნებოდა.

მაინც არ ჩაეძინა იკას. იმ საღამოს ხელებგაშლილმა გამაცილა. მივდიოდი და უკან მომდევდა. სიარული ახალი დაწყებული ჰქონდა და ხელებს წინ სწევდა, თითქოს რაღაცას გრძნობდა და თვალებით მეუბნებოდა: დედა, არ წახვიდე, შენთან მინდა, მარტო არ დამტოვო. ეს სცენა არასდროს ამომდის თვალებიდან და უკვე რამდენი წელია, ცხოვრება მტანჯავს.

რამ გამაბედინა, განა რა ძალამ გამარისკინა ერთი წლის ბავშვის დედასთან დატოვება? ღმერთო, ახლა რომ ვუფიქრდები, ტანში მბურძგლავს და ერთიანად მაკანკალებს. ეს მე გავრისკე? მე გავაკეთე? მაპატიე, შვილო! სიტყვებით ვერ აღვწერ, რას განვიცდიდი. მხოლოდ გულმა იცის, თუ რამხელა ტკივილს ვატარებდი.

უბრალოდ კარგად ვთამაშობდი, ყველას ვაჩვენებდი, რომ მაგარი გოგო ვიყავი, ძალიან მიხაროდა საზღვარგარეთ ყოფნა და ახალი ცხოვრების დაწყება. არადა, ჩემს გულში რამხელა ტკივილი ტრიალებდა, ვერავინ ხედავდა.

ცხოვრება რისკია.

როგორც იქნა, ჩემს ბიჭუნას ჩაეძინა. ნამტირალევი მშობლები სახლში დავტოვე. აეროპორტში რამდენიმე მეგობართან ერთად წავედი. და ბოლოს, ტრაპზე მარტოები დავრჩით მე და ჩემი წითელი ჩემოდანი!

პატარა ირაკლის გაშლილი ხელები და ღუღუნი ყოველთვის მემახსოვრება: „არ წახვიდე, დედა!“ – წერს ცინამი საყვარლიშვილი.