“პირველ ბიბლიურ ცოდვად კაენის მიერ ძმის მკვლელობას მოიხსენიებენ ხოლმე. არადა მთავარი ცოდვა ამ მკვლელობის მიზეზი იყო”

447

ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ გაუხეშებულ გარემოზე, ადამიანურობის ნაკლებობაზე, თანამოქალაქეებზე, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ და მგლური დამოკიდებულებით ექცევიან, თანამშრომლებზე, რომლებიც სამსახურში ერთმანეთს “ფეხს უდებენ”. ანდა უფრო გლობალურადაც, ვწუწუნებთ თანამედროვე სამყაროს სისასტიკეზე, პიროვნებების გაუცხოებასა და დაუნდობლობაზე.

არადა მთელი ეს გარემო ჩვენს თვალწინ შეიქმნა. მართალია, ჩვენამდე, მაგრამ ჩვენც ხელი შევუწყეთ ასეთი გარემოს განვითარებას და დღემდე ვაგრძელებთ ამას.

როდესაც ბავშვებს ვზრდით კონკურენტული გარემოს პრინციპით და ვასწავლით, რომ უნდა შეძლონ და იყვნენ კონკურენტურანიანები, უნდა იყვნენ საუკეთესოები, აჯობონ სხვებს. ამ დროს კი სიტყვას არ ვძრავთ სოლიდარობაზე.

როდესაც ბავშვებს ტვინში ვუტვიფრავთ წარმატებას, როგორც ამოცანას, წარმატებული ადამიანის ხატს კი სალოცავად ვუხდით. მაგრამ არაფერს ვეუბნებით ბედნიერებაზე.

როდესაც ე.წ. “წარმატების ამბავი” დგას სტივ ჯობსისეულ შაბლონზე, “თავიდან პატარა გარაჟი იქირავა, ნულიდან დაიწყეს”, და ამას ვიღებთ მოცემულობად. არადა ეს უსამართლო მოცემულობაა. დიახ, ერთეულები გადალახავენ და ამოძვრებიან აქედან, მაგრამ ეს არაა ნორმალური. არაა კარგი, როდესაც სწორი საქმის და კარგი იდეის განსახორციელებლად ამხელა რისკის გაწევა გიწევს.

დიახ, ბავშვებს ზოგიერთ ადამიანს კუმირებად ვუქცევთ, ზოგს კი – ვამარგინალებთ. თუმცა, ამ დროს, საერთოდ არ ვესაუბრებით სასტარტო პირობებზე. არ ვაანალიზებთ, რომ ვიღაცას მთელი ბავშვობა სწავლასთან ერთად მუშაობა უწევდა, რათა ოჯახი ერჩინა. ანდა, თუ მოხდა და ასეთი ბავშვობის შემდეგ ადამიანმა “წარმატებას” მიაღწია, შემდეგ ამას როლურ მოდელად ვაქცევთ. იმის ნაცვლად, რომ სხვა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ბავშვების დასახმარებლად ვიბრძოდეთ. ლამისაა ტვინში გაგვიჯდეს და როცა საწყალ, მშიერ ბავშვს დავინახავთ, რომელიც ჯართს აბარებს, გავიფიქროთ “ოო, გაუმართლა ამ ბავშვს, დიდი მომავალი ელის”.

სინამდვილეში კონკურენცია არაა პროგრესის აუცილებელი წინაპირობა. ეს მითია. დიახ, მითია, რომ კოსმოსური პროგრამები ცივი ომის კონკურენციის პირობებმა უფრო სწრაფად განავითარა. სინამდვილეში, თანამშრომლობით ბევრად სწრაფად განვითარდებოდა მსოფლიო. ტყუილია, რომ ადამიანები მეტს აღწევენ, როდესაც ვინმეს ეჯიბრებიან. სინამდვილეში მიზნის მისაღწევად ამ მიზნის სიყვარულია, მისი დაუფლების სურვილია საჭირო და არა აუცილებლად ვინმესთან შეჯიბრი. საქმე სწორედ ისაა, რომ მსოფლიოს წარმატების ძრავით ვატრიალებთ და არა საქმის სიყვარულის. მთავარი გამარჯვებაა, მიღწევაა და არა პროცესი. ცხოვრება კი გადის. სწრაფად გადის.

ხშირად, პირველ ბიბლიურ ცოდვად კაენის მიერ ძმის მკვლელობას მოიხსენიებენ ხოლმე. არადა მთავარი ცოდვა ამ მკვლელობის მიზეზი იყო. რა მიზეზი? კონკურენცია. ლიდერობის სურვილი.

ჩვენ კი დღემდე ამ ცოდვის კერპის ქვეშ ვცხოვრობთ. ლიდერობა, წარმატება, კონკურენცია, სხვაზე უკეთესობა. “დავამტკიცებ, რომ საუკეთესო ვარ”. “პირველი ვიქნები!”. არცერთი სიტყვა გაზიარებაზე, დათმობაზე, მოწყალებაზე. არა. “თანამედროვე სამყაროს ტემპი დიდია, არ უნდა ჩამორჩე, თორემ სხვა დაიკავებს შენს ადგილს. ყოველთვის მზად უნდა იყო! ყოველთვის ფორმაში უნდა იყო! შანსი ერთხელ მოგეცემა” – აი ამას ვასწავლით ბავშვებს, ახალგაზრდებს, დიდებსაც კი. და მერე ეს დასტრესილი კაცობრიობა, ყოველთვის მზად მყოფი და “ფორმაში მყოფი” კაცობრიობა, დაჰქრის ქუჩებში, ოფისებში, სხვადასხვა სივრცეებში და ცდილობს დაამტკიცოს, რომ სხვაზე უკეთესია, სხვას სჯობს, ის იმსახურებს აღთქმულ მიწას!

“რატომ თქვენ? რითი ჯობიხართ სხვებს”? – ცნობილი კითხვაა არა, სამსახურის ძიებისას? და ჩვენც ათას მიზეზს ჩამოვთვლით, თუ რატომ არიან სხვები უსუსურები და რატომ ვართ ჩვენ საუკეთესონი. იმიტომ რომ ასე მოვემზადეთ, ბავშვობიდან ასე გვასწავლიდნენ, ასე გამოვიმუშავეთ ლიდერული უნარები და ჩავებით ამ ციებ-ცხელებაში, კარიერულ კიბეზე წავიწიეთ, საფეხურები ავირბინეთ. ზოგჯერ, იქნებ, არაკეთილსინდისიერ მეთოდებსაც არ მოვერიდეთ! რატომ? იმიტომ რომ კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაზე იმ კონსპექტებში, რომლებითაც ჩვენ გვასწავლიდნენ, არაფერი თქმულა. აი ტემპი, კონკურენცია, წარმატება, კარიერა – ეს სიტყვები კი მრავლად იყო.

ეს პოსტი დიდაქტიკურია? შეიძლება. დაე იყოს. მაგრამ კარგად დავფიქრდეთ, რისკენ ვმართავთ ბავშვებს? რას ვასწავლით? რისკენ ვუბიძგებთ? რას მოვუწოდებთ? როგორი საზოგადოება გვინდა?”