“ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, 15 წლით დამაშორა ეკლესიას”

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახე-ლობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ამბობს, რომ თავის ხორციელ და სულიერ შვილებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ყველა ერთნაირად უყვარს. მამა საბა უყვარს მრევლსაც და ეს ინტერვიუზე მისულებმა ჩვენი თვალით ვიხილეთ – ადამიანები მოდიოდნენ, ეხუტებოდნენ, სითბოსა და სიყვარულს ღიად გამოხატავდნენ.

– მამა საბა, ამ დროში, როდესაც ხშირია სასულიერო პირების განკიცხვა და ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანადაც, თქვენი გამოცდილებითა და დაკვირვებით, როგორი მოძღვრები უყვარს მრევლს?

– მრევლს მოსიყვარულე და თავდადებული მოძღვრები უყვარს. სიყვარულს უკუგება ახასიათებს. შენ როდესაც გიყვარს, სხვასაც უყვარხარ და ეს სიყვარული უკან გიბრუნდება. რასაც გასცემ, ის არის შენი და რასაც უფრთხილდები, ზუსტად ის დაგეკარგება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელსაც უნდა, სხვებს უყვარდეთ, თვითონ იყოს მოსიყვარულე. ამას ყველას ვეუბნები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის – არც მორწმუნეებს და არც სხვებს.

– და, სამწუხაროდ, არც სასულიერო პირების ნაწილს.

– დიახ, სასულიერო პირებსაც. ბევრი ადამიანი მინახავს და მათ შორის სასულიერო პირიც, რომლებსაც უნდათ, მოიმკან ისე, რომ არ დათესონ. შენ თუ არ გაქვს თავგანწირვა, თუ ბოლომდე არ იცლები და ბოლომდე არ გასცემ, ისე არ უნდა დაელოდო შედეგს. ეს ისედაც ყველა საქმეში ასეა და განსაკუთრებით იმ საქმეში, რასაც სულიერი მოძღვრობა ჰქვია. მაშინ გიყვარებენ შენ, როდესაც ხვდებიან, რომ შენ მართლა მისთვის ცხოვრობ.

ერთი საოცარი ადამიანია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ანდრო ბედუკაძე, რომელმაც ერთხელ ასეთი რამ თქვა – მე მივხვდი, რომ ადამიანის ცხოვრების ყველაზე აღმატებული ფორმა არის მსახურება, როდესაც შენ მოთხოვნილება გაქვს, რომ სხვას ემსახუროო. ასეთია უფალიც – უფალი ჩვენგან კი არ ითხოვს მსახურებას, ჩვენ გვემსახურება. საიდუმლო სერობაზე ფეხები დაბანა მოციქულებს და უთხრა, მე თქვენ მაგალითი მოგეცით და, როგორც მე მოვიქეცი, ისე უნდა მოიქცეთ თქვენც ერთმანეთთან, უნდა დაიმდაბლოთ თავი და ვინც თავს დაიმდაბლებს, ის ამაღლდება და ვისაც უნდა, პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი შეიძლება იყოს და ყველას მოემსახუროსო.

ხალხი ბრძენია, მათ ვერ მოატყუებ. ხალხს არ გამოეპარება მოძღვრის ემოცია, შენ ყალბი ხარ თუ ნამდვილი. უფალი როგორც ამბობს, არ მინდა, სასყიდლით დადგინებული მწყემსი ვიყო და არ მინდა, ადამიანებთან ურთიერთობისას ანგარება მამოძრავებდეს. მინდა, კეთილი მწყემსი ვიყო ქრისტეს ცხვრების. უფალი ამბობს, ვინც გასამრჯელოს გამოა მისული ტაძარში, რომ დაინახავს მგელს, გარბის, რადგან მას ცხვრები არ ადარდებს, არ უყვარსო. ვინც კეთილი მწყემსია, ის კი თავის სულსაც გაიღებს თავისი ცხვრების გამო.

ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასულიერო პირებს გაცილებით მეტი ბრძოლები აქვთ ბოროტისაგან, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. აქ გაშმაგებით იბრძვის ეშმაკი და ზოგი ვერ ახერხებს იმას, რომ ბოლომდე გაძლოს და ეცემა ბრძოლის ველზე. ამის გამო ჩვენ ის არ უნდა ავითვალწუნოთ და განვიკითხოთ, რადგან ჩვენ ვხედავთ მის დაცემას, მაგრამ ვერ ვხედავთ, რა ხდება მის თავს. მით უმეტეს, რომელიმეს ცუდი საქციელი მთელ ეკლესიაზე არ უნდა განაზოგადო.

შენ თუ დანახვა გინდა, აუცილებლად დაინახავ ღირსეულ სასულიერო პირებს და დღეს, ღვთის მადლით, ძალიან ბევრნი არიან ასეთები. მთელი პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ დღეს უმრავლესობა კარგი და ღირსეული სასულიერო პირია. რატომ მაინცდამაინც ცუდისკენ იხედები?! შენ თუ ქრისტესკენ სავალი გზა გაინტერესებს და გულწრფელი ხარ ამ გზაზე, აუცილებლად დაინახავ ღირსეულ სასულიერო პირს.

– როგორი იყო თქვენი სასულიერო ცხოვრებისკენ მიმავალი გზა, როდის და როგორ გადაწყვიტეთ, საერო ცხოვრება მიგეტოვებინათ?

– სკოლას რომ ვამთავრებდი, ეროვნული მოძრაობის დროს გადავწყვიტე, რომ ამ გზას აუცილებლად დავადგებოდი. როგორც სკოლის მოსწავლე, ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში და მაშინ იყო, რომ ჩემი პირველი კონტაქტი მოხდა ეკლესიასთან. ბათუმისა და ლაზეთის დღევანდელი მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი – მაშინ ანჩისხატის ეკლესიაში მსახურობდა და მამა დავითი ერქვა, გახლდათ ჩემი პირველი სულიერი მოძღვარი. იმხელა სითბო და მოშურნეობა ვიგრძენი ქრისტესკენ სავალ გზაზე, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვეძებდი.

სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება და სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სემინარიის მერე სასულიერო აკადემიაში ვისწავლე და აკადემია რომ დავამთავრე, მერე იყო ხანგრძლივი პაუზა ეკლესიასთან კავშირში – დაახლოებით 15 წელი… მოვწყდი ეკლესიურ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული – მგალობლების ხელმძღვანელიც ვიყავი მამა არჩილ მინდიაშვილთან, რომელიც მერე ჩემი სულიერი მოძღვარიც იყო.

მოხდა ისეთი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში, რამაც დიდი ხნით დამაშორა ეკლესიურ ცხოვრებას, თუმცა ეს მაინც ნაყოფიერი პერიოდი იყო ჩემთვის, რადგან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე იმ დროს და, თუ გავიზარდე სულიერად, სწორედ იმ პერიოდში. ღვთის განგებითა და დაშვებით მოხდა ყველაფერი და იმ დროს, როდესაც უფალმა ჩათვალა, რომ მე მზად ვიყავი იმისთვის, ჩავბმულიყავი სასულიერო ცხოვრების ფერხულში, მაგრძნობინა ღმერთმა.

მთელი გულითა და არსებით ვიგრძენი, რომ მოვიდა ის დრო. სულ ვგრძნობდი, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი ბოლო გაჩერება ეს იყო, თუმცა დრო არ ვიცოდი. მიუხედვად 15-წლიანი პაუზისა, ჩემი ფიქრები ღმერთს არასოდეს მოწყვეტია. შინაგანად სულ ვგრძნობდი, რომ ეს იყო ჩემი გზა და საკეთებელი და მამზადებდა ღმერთი.

– სიყვარულმა და ოჯახურმა ამბებმა ხომ არ ჩამოგაშორათ ის 15 წელი ეკლესიას?

– არა, ცხოვრებისეულ ამბებს ვგულისხმობ, თორემ სიყვარულით… 19 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი. მე და ჩემს მეუღლეს ერთად ყოფნის 30 წელი შევგვისრულდა. 5 შვილი გვყავს და 2 შვილიშვილი. ეკლესიასთან ურთიერთობის წყვეტა 21 წლის ასაკიდან დაიწყო.

– რას საქმიანობდით იმ პერიოდში?

– მე და ჩემი მეუღლე ტიხრულ მინანქარზე ვმუშაობდით. უკვე დიდი ხანია, ტიხრული მინანქრის ოსტატები ვართ. მხატვარი მეგობრები მყავდნენ, მათთან ერთად გუნდიც მქონდა, სადაც ერთად ვმღეროდით. მათ დამაინტერესეს ტიხრული მინანქრით. 1994 წელს შევისწავლე და მერე ჩემი მეუღლეც ამყვა. იმდენად კარგად ამყვა, რომ მერე მე გავხდი მისი თანაშემწე.

საკმაოდ წარმატებულად ვსაქმიანობდით. რელიგიურ თემატიკაზე ვმუშაობდით და ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერისკაცი ვიყავი, პატრიარქის უმაღლეს ჯილდოებს, წმინდა გიორგის ორდენებს ვაკეთებდი. რა ჯილდოებიც კი არსებობს, ყველა ჩემი გაკეთებულია. გამოფენებშიც ვმონაწილეობდით და პრიზებსაც ვიღებდით. დღესაც, თავისუფალ დროს, როდესაც საშუალება მაქვს და საინტერესო შეკვეთაა შემოქმედებითი თვალსაზრისით, ისევ ერთად ვაკეთებთ მე და ჩემი მეუღლე.

– მღვდლობა რამდენად ცვლის ადამიანის პიროვნებას, შინაგან სამყაროს?

– რომ გითხრათ, სხვა ადამიანი ვიყავი და სხვა გავხდი-მეთქი, მოგატყუებთ. ეს ნატურა ვიყავი მაშინაც, რაც დღეს ვარ. უბრალოდ, ცვლილება მოხდა იმ თვალსაზრისით, რომ სხვაა, როდესაც შორიდან უყურებ სასულიერო ცხოვრებას და სხვაა, როდესაც შენ თვითონ ებმები ამ ფერხულში, შენ თვითონ ხდები ამ ყველაფრის უშუალო მონაწილე. უფრო ახლოს ეცნობი ადამიანებს.

იცით რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ გადავაფასე ჩემი დამოკიდებულებები და წარმოდგენები ადამიანებზე. მანამდე გარეგნულად ვსაზღვრავდი ხალხს. არადა ადამიანები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ჩანან ურწმუნონი, თავქარიანნი, თურმე შიგნიდან სულ სხვანაირები, საკმაოდ ღრმა, მოსიყვარულე, ერთგულნი, თავმდაბალნი და მოწესრიგებულები არიან. და პირიქით – ადამიანები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მოწესრიგებულ მორწმუნეებად და დავარცხნილებად ჩანდნენ, ყველაფერს თითქოს გულითადად ასრულებდნენ, თურმე სულაც არ იყვნენ ისეთები, როდესაც შიგნიდან გავიცანი. აღმოჩნდნენ ამპარტავნები, საკუთარ თავზე შეყვარებულები, დაბოღმილები. რა თქმა უნდა, ყველა არა.

– ბევრი საიდუმლო იცით… როგორია ეს ჯვარი?

– მძიმეა, მაგრამ უფალი ატკბობს. უფალი თავად ბრძანებს – უღელი ჩემი მძიმეა, ტვირთი – მსუბუქი. როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, რომ შენი თავი უარყო და უფალს ემსახურო, თვითონ გიტკბობს და გიმსუბუქებს ამ უღელს.

მღვდელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საღვთო მადლში იმყოფება. მღვდლობა ერთ-ერთი შვიდ საიდუმლოთაგანია. მღვდელი მუდმივად, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ საიდუმლოში იმყოფება, მღვდელი თავად საიდუმლოა. მღვდლიდან მოქმედებს სულიწმინდა. ერისკაცობაშიც გულთან მიმქონდა ადამიანების გასაჭირი, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ვერ შევძლებდი იმას, რასაც ახლა ვახერხებ. აუცილებლად დამანგრევდა ერთი ადამიანის აღსარებაც კი. დღეს ასობით აღსარებას ვისმენ, რადგან უფლის მადლი მიცავს და ვიცი, სწორად როგორ მოვეკიდო ამ ყველაფერს.

– ფიქრობთ, ადამიანები მოძღვართან გულწრფელები არიან?

– ცდილობენ, თუმცა ზოგს გამოსდის და ზოგს – არა. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც შეგნებულად ცდილობენ, ითვალთმაქცონ, რაღაც დამალონ… თუმცა სასულიერო პირს იმხელა გამოცდილება უგროვდება, რომ ხვდება ამ ყველაფერს. ხანდახან შეიძლება ჩვენი თავი თვითონვე მოვიტყუოთ და ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ რაღაცას მიხვდეს. მას კი ჰგონია, რომ გატყუებს. ამას იმისთვის აკეთებ, რომ იქნებ მიხვდეს რამეს, იქნებ სინანული დაეუფლოს.

არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც თავიდან არაგულწრფელი ადამიანი შემდეგ ნამდვილი მორწმუნე გამხდარა და თვითონვე მოუნანიებია, რომ სხვა მიზნით მოვიდა.

– მოსახლეობის კითხვებს პასუხობთ პირდაპირ სოციალურ ქსელში. ეს რატომ გადაწყვიტეთ?

– ვუყურებდი მდგომარეობას ქვეყანაში… ბევრი ადამიანია, ვისაც სასულიერო თემატიკასთან დაკავშირებით ბევრი რამ აინტერესებს, მაგრამ ვერ ახერხებს მისვლას ეკლესიამდე, არ ჰყავს სულიერი მოძღვარი, არ აქვს სასულიერო ლიტერატურა…

სანამ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას დავიწყებდი სოციალური ქსელით, საგანმანათლებლო კურსის ჩატარება დავიწყე და ახლაც ვაგრძელებ – განვმარტავ სახარებას. მათეს სახარება მაქვს სრულად განმარტებული, შემდეგ მცნებები, იოანეს სახარება იოანე ოქროპირის მიხედვით… “იუთუბზე” სრულად არის ატვირთული ეს ყველაფერი. ახლა მოციქულთა საქმეებს განვმარტავ ასევე იოანე ოქროპირის მიხედვით. საგანმანათლებლო ხაზია, რომელსაც საკმაოდ ბევრი მსმენელი ჰყავს. როდესაც კითხვებზე პასუხების გაცემა დავიწყეთ, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა დავინახე ჩვენი მაყურებლებისა. მაშინ მივხვდი და ვიგრძენი, რამდენად აქტუალური იყო ჩემი გადაცემა თუ თემები.

რომ ნახოთ, რამდენი გამოხმაურება მოდის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან… ემიგრანტებისთვის იმხელა ნუგეშია, რომ სასულიერო პირს კითხვები დაუსვან და პასუხები მიიღონ, ვერ აღგიწერთ. იმდენი მადლიერების წერილი მოგვდის, წაკითხვას ვერ ავუდივართ. მახარებს, რომ ტყუილად არ ვირჯები.

ხალხს აინტერესებს ყველაფერი – დაწყებული საღვთისმეტყველო თემებიდან, ყოფითი ნიუანსებით დამთავრებული. ერთადერთი, რაც მე ვთხოვე ხალხს, იყო ის, რომ ინტიმურ თემებზე არ მოეცათ ღია შეკითხვები. ვთქვი, რომ უხერხულია საჯაროდ ამ თემებზე საუბარი და თუ ვინმეს მსგავსი პრობლემები აქვს, შეუძლია მოვიდეს და ერთი ერთზე ვისაუბროთ.

– ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, როგორი განათლებულიც უნდა იყოს ადამიანი…

– ამ დროს ღმერთი გეხმარება. მე რომ ვიწყებ ამ ციკლს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის ცოდნაზე მაქვს პრეტენზია და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა შემიძლია. არასოდეს ვკითხულობ კითხვებს წინასწარ. ადმინი მაწვდის და მეც იქვე ვეცნობი, არ ვფილტრავ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მითქვამს, არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ ამაზე-მეთქი და ეს ნორმალურია.

უფალი გვასწავლის, ნურასოდეს ზრუნავთ, რა თქვათ, უფალს მიენდეთ და მე ვისაუბრებ თქვენი ბაგეებითო. ეს მთელი არსებით მიგრძვნია მრავალჯერ. ეს ყველა გულწრფელ ქრისტიანს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით მოძღვრებს. მახსოვს, როდესაც ახალი მღვდელი ვიყავი, ქადაგებისთვის ვემზადებოდი – რაღაცებს ვკითხულობდი, ვცდილობდი, წინასწარ მცოდნოდა, რა უნდა მეთქვა და ისეთი საშინელება გამომდიოდა, მეტი რომ არ შეიძლება, აბდაუბდა იყო, ვერ ვალაგებდი აზრებს.

მაშინ გამახსენდა უფლის სიტყვები, რომ უფალს უნდა მივნდობოდი. მას შემდეგ უკვე 11 წელია, რაც მღვდელი ვარ და არასოდეს ვემზადები წინასწარ ქადაგებისთვის, არც ამ კითხვა-პასუხებისთვის. პირჯვარს გადავიწერ, უფალს ვთხოვ შემწეობას და მალაპარაკებს.

– ოჯახი – ცოლი, შვილები… როგორ უყურებენ თქვენს სასულიერო მოღვაწეობას?

– მათთვისაც რთულია ეს ამბავი, თუმცა საამაყოა, როდესაც ხედავენ, რამდენ ადამიანს უყვარს მათი მამა. შეუძლებელია, ღირსეული სასულიერო პირი იყო, თუ შენ მრევლისთვის თავი არ გაქვს გადადებული. ამ დროს კი, გინდა თუ არ გინდა, აუცილებლად აკლდები შენს ოჯახს. ბუნებრივია, მეუღლესაც აქვს ჩემთან ურთიერთობის დანაკლისი, ბავშვებსაც და მე – მათთან. მადლობა უფალს, რომ ჩემი მეუღლეც და შვილებიც მიგებენ.

თავიდან ჰქონდათ გარკვეული ბრძოლები და წინააღმდეგობები და მადლობა უფალს, მოერივნენ და ახლა ყველაფერს სწორად უდგებიან. ყველაზე მთავარია, ჩემს გულწრფელობასა და სიყვარულში არ ეპარებათ ეჭვი.

ვხუმრობ ხოლმე, ისედაც ხომ ძნელია მღვდლის ცოლობა და განსაკუთრებით ჩემნაირი თავზეხელაღებული მღვდლის-მეთქი. ჩემს მეუღლეს ყველანაირი მედალი ეკუთვნის, რაც კი არსებობს დედამიწაზე. სანამ ბოლომდე გაიაზრებდა, რა იყო ჩემი საქმე, ცოტა გაუჭირდა. როგორც მღვდლობაა რთული, არანაკლებად რთულია, მღვდლის ცოლობა. თუ ქალმა ვერ შეძლო, გაჰყვეს იმ დამოკიდებულებაში, რაც მის მეუღლეს გააჩნია, ძალიან გაუჭირდება მასაც და მის ქმარსაც. მღვდელი თუ მამაა, მისმა მეუღლემ უნდა შეძლოს, რომ თავისი შინაგანი დამოკიდებულებით იყოს დედა თავისი ქმრის სულიერი შვილებისთვის, რაც იოლი არ არის.

37 წლის ვიყავი, დიაკონი რომ გავხდი. ამდენი წელი რომ შეჩვეული ხარ, შენი მეუღლე ერისკაცია, მერე კი ერთბაშად გადაწყობა იმაზე, რომ ქმარი ჩვეულებრივი მოქალაქე აღარ არის, რთული გარდატეხა ხდება. ოჯახის წევრებმაც უნდა შეცვალონ მასთან დამოკიდებულება.

ჩემი უფროსი შვილი 29 წლის ხდება, პატარა კი 7 წლის არის. პატარა რომ დაიბადა, ვერ მიხვდა, მამა უნდა დაეძახა ჩემთვის თუ მამაო. ხან მამას მეძახდა და ხან – მამაოს. ბოლოს კი ჩამოყალიბდა და იცის, რომ მამა ვარ.

– გაბრაზებენ შვილები?

– შვილები ყველას აბრაზებენ, რაც ლოგიკურია. მთავარია, მშობლები ვიყოთ დიდსულოვნები და მიმტევებლები. შეუძლებელია, შვილი ისე იქცეოდეს, რომ მშობლისთვის დამაკმაყოფილებელი იყოს. ეს არც უნდა მოვითხოვოთ მშობლებმა შვილებისთვის. თავიანთი განვითარების გზას გადიან და მშობლები იმისთვის ვარსებობთ, რომ დავაკვალიანოთ, გვერდით დავუდგეთ, მივანიშნოთ, როგორ უნდა მოიქცნენ სწორად, ოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თავს მოხვეული და ძალდატანებითი. თავისუფლება უნდა ვასწავლოთ და სწორი არჩევანის გაკეთება.

– შვილებსა და სულიერ შვილებს ერთსა და იმავე დარიგებებს აძლევთ?

– რასაკვირველია?! არანაირი განსხვავება არ არის ხორციელ და სულიერ შვილებთან დამოკიდებულებაში. ისინიც ჩემი შვილები არიან და მრევლიც.

ასევე იხილეთ