“მქონდა სერიოზული ურთიერთობები, მაგრამ მერე დავშორდით იმიტომ რომ გართობა მიყვარს”

340

მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე, ერთმანეთის პარალელურად, ორ ქართულ სერიალში „სიყვარულს მიღმასა“ და „ჩემი ცოლის დაქალებში“ თამაშობს. ერთგან გმირია, მეორეგან მოღალატე. ვნახოთ, როგორია მისთვის ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის შექმნის პროცესი.

ირაკლი ჩხიკვაძე: სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ რაღაც პერიოდი პაუზა მქონდა, ჩემი პერსონაჟი აქტუალური არ იყო და ამ მომენტში, სერიალ „სიყვარულს მიღმაში“ შემომთავაზეს როლი. რა თქმა უნდა, ვიკითხე და არცერთ პროექტს არ ჰქონდა პრობლემა, რომ ორივეგან მეთამაშა. ეს ნორმალური ამბავია. მსახიობი ვარ და ეს არის ჩემი პროფესია. სერიალებშიც ვთამაშობთ, სპექტაკლებშიც და კინოშიც.

სამწუხარო ის არის, რომ ზოგს ჰგონია, როგორიც სერიალში ხარ, ისეთი ხარ სინამდვილეშიც. ეგ ძალიან სასაცილოა, კურიოზები ხდება ხოლმე. ამ ორმა ერთმანეთისგან განსხვავებულმა როლმა კი ცოტა დაბნეულობა შემოიტანა. ერთმა მომწერა, „ჩცდ-ში“ მიყვარხარ, „სიყვარულს მიღმაში“ მეზიზღები და რა ვქნაო?!

– უფრო მეტად უყვარხართ თუ ეზიზღებით?

– არ ვიცი, ალბათ, უნდა ვუყვარდე. მე ხომ მსახიობი ვარ და არა ანდრო ან აკაკი შუკაკიძე. ალბათ, ასე შესრულებული როლებისთვის უნდა ვუყვარდე ხალხს, მე ასე ვფიქრობ. თუ როგორც მსახიობს, ისე შემაფასებენ, ალბათ, შემიყვარებენ. ისე ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა, ნარცისული (იცინის).

– „სიყვარულს მიღმაში“ რომ მეგობარს ცოლი წაართვა თქვენმა პერსონაჟმა, ამას როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

– სხვათა შორის, ჩემი მეგობრები მირეკავდნენ და დამცინოდნენ, საზიზღარი პიროვნება ყოფილხარო (იცინის).

– ცოლიანი მეგობრები თუ უცოლოები?

– ორივე (იცინის). შენ ვინ ყოფილხარო, მეუბნებოდნენ (იცინის). მეცინება ასეთებზე, ეს ხომ მხოლოდ როლებია. მიხარია, თუ ამ ანდრომ ცუდი ემოციები გამოიწვია მაყურებელში. ესე იგი, სწორად მითამაშია. პირწავარდნილი მოღალატე, უზომოდ ეგოისტი, მხოლოდ საკუთარ თავზეა ორიენტირებული. რაღაც საზიზღრობა ჩაიდინა და თან ყველანაირი არგუმენტი აქვს იმის ასახსნელად, რომ ეს სიყვარულისა და სულიერების სახელით გააკეთა. ვის ოჯახშიც ანდრო შევა, დაინგრევა ის ოჯახი (იცინის). საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, ადამიანები მედიტაციებზე რომ გადადიან, ერთი საშიშროება ჩნდება – ძალიან ეგოისტებად ყალიბდებიან, მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებაზე არიან ორიენტირებული. ხანდახან ხდება ისეთი რამ – გინდა, ის, რაც არ შეიძლება გინდოდეს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯო.

– რთული არ არის ორი ამდენად განსხვავებული ხასიათის თამაში?

– ალბათ, რთულია, ეს ცხოვრებაც რთულია. თუმცა, ძალიანაც არ გამჭირვებია. სიმართლე რომ ვთქვა, ამ როლებზე ფუნდამენტურად არ მიმუშავია. ერთ გადაღებაზე მივდივარ და ერთ გმირს ვთამაშობ, მეორე სერიალის გადაღებაზე – მეორეს, თეატრში კიდევ სულ სხვა ტიპის გარდასახვა მიწევს. ეს არის ჩემი პროფესია. ბევრი რთული პროცესია ამ დროს გასავლელი, მაგრამ ეს არის ჩემი საქმე.

– თეატრში როგორ დაიწყეთ ახალი სეზონი?

– ახალი სეზონი ფესტივალით გავხსენით. პირველი სპექტაკლი უკვე ვითამაშეთ და 2-3-თვიანი შესვენების შემდეგ ძალიან სასიამოვნო იყო. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ. ასევე, ჩემს მეგობრებთან – კოკო როინიშვილთან, გიორგი კიკნაძესთან, ნოდარ ძოწენიძესთან, ანი იმნაძესთან, ბარბარა ასლამაზიშვილთან და თინათინ წულაძესთან ერთად დავიწყე „ქალაქის თეატრის“ აშენება. ეს ჩვენს ქალაქში ახალთახალი სივრცეა, რომელიც საკუთარი ხელებით გავაკეთეთ. ოთხი ჩაქუჩით დავიწყეთ და დღეს უკვე რომ მოხვალთ, თეატრი დაგხვდებათ.

– როგორ მოგწონს პოპულარობა?

– საქართველოში, რატომღაც, სერიალში რომ თამაშობ, ისეთი ჰგონიხარ ადამიანებს, როგორ პერსონაჟსაც ასახიერებ, სხვად ვერ აღგიქვამენ და ეს რეალურად, ცოტა რთულია. მე ირაკლი მქვია, გვარად ჩხიკვაძე ვარ. აკაკი შუკაკიძე ნამდვილად არ ვარ, არადა ბევრი თვლის ასე. ვიღაცას უკვე ანდრო ვგონივარ. მერე კიდევ სხვა პერსონაჟი გამოჩნდება და ცოტა ირევიან, ვინ არის ეს კაცი ბოლო-ბოლოო. ცოტა რთულია, როგორც აკაკის რომ მელაპარაკებიან.

– გმირობების ჩადენას მოითხოვენ ხოლმე?

– ასეც ხდება (იცინის). ბარში ან კლუბში რომ ვარ მეგობრებთან ერთად, ფოტოების გადაღებას მთხოვენ ხოლმე, როგორც გმირ აკაკის და მე ასეთ ადგილებში საერთოდ არ ვიღებ ფოტოებს. მეგობრებთან ერთად ვერთობი, ან მთვრალი ვარ, ან ცოტათი ნასვამი და არ მინდა ამ დროს ფოტოების გადაღება. თუ სწყინთ, ბოდიშს ვიხდი ყველასთან, მაგრამ რა ვქნა. ქუჩაში ფოტოს გადაღებასთან არ მაქვს პრობლემა.

– ირაკლის რეალურ ოჯახზე და ცხოვრებაზე მოგვიყევით.

– დაახლოებით, 7 წელია თბილისში ვცხოვრობ, თუმცა, რუსთავში დავიბადე და გავიზარდე. მყავს მშობლები და სამი და. ახლა დასთან და მეგობართან ერთად ვცხოვრობ, ოთახის მეზობლები ვართ. მსახიობობის მიღმა მიყვარს სეირნობა, შემეცნების პროცესი და რემონტი – თეატრშიც და სახლშიც (იცინის). ყოველდღიურობა რთულია. საქართველოში მსახიობისთვის ხანდახან რაღაცები გართულდება ხოლმე, ეკონომიური თვალსაზრისით, მაგრამ ესეც ცხოვრებაზე დაკვირვებას გასწავლის. მსახიობი მაძიებელი ჭია ხარ, სულ გინდა, რაღაცები არ გამოგრჩეს და შენს პროფესიას შემატო რამე. ნორმალურად, საშუალოდ ვცხოვრობ, როგორც ყველა ქართველი და მეც ისე მტკივა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, როგორც ყველა ქართველს. მინდა, ჩემი ხალხი ბედნიერი იყოს, უხაროდეს ამ მიწაზე სიარული და წარმატება. სამწუხაროდ, არ გვაძლევენ საშუალებას, არ უნდათ, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და მისი წარმატებებით. ეს ამბავი მტკივა და სხვებივით მეც ვიბრძვი ჩემს კვადრატში ჩვენი ქვეყნის უკეთესობისთვის.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ ამაზე აღარ ვსაუბრობ.

– მშობლები არ გეკითხებიან – ცოლი როდის უნდა მოიყვანო, შვილიშვილები როდის გვეყოლებაო?

– მარტო მშობლები კი არა, მთელი საქართველო მაგას მეკითხება, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი საქმეა. რეალურად მართლა არავის საქმე არ არის.

– რას ამბობენ ახლობლები, როგორი ბიჭია ირაკლიო?

– ძალიან საყვარელიო, მაგრამ არა, ამას აღარ ამბობენ. ახლა ამბობენ, როგორი მშრომელიაო. თუმცა, საუბრები შეფასების ჭრილში დიდად არ გვაქვს ხოლმე.

– საყვარელი რატომ აღარ, რა შეიცვალა?

– აღარ ვარ ჯიგარი და საყვარელი. ახლა აღარ არის საინტერესო ასეთი ადამიანი. ცხოვრებაში ხომ სხვადასხვა ეტაპებს გავდივართ და ბოლო წლებია, მივხვდი, რომ ჯიგრობა და საყვარლობა არ არის პოპულარული ამბავი (იცინის).

– ნათქვამი გაქვს, უფრო გართობის ადამიანი ვარ, ვიდრე სიყვარულისა და ოჯახისო. შეიცვალა დამოკიდიებულება?

– არა, ვფიქრობ, რომ თუ არ და ვერ ერთობი, ესე იგი, რაღაც კარგად ვერ არის. თუმცა, რომ ვამბობ, რომ გართობა უფრო მაინტერესებს, ეს არ ნიშნავს, რომ სერიოზული ურთიერთობა არ მინდა. ჩაკეტილი არ ვარ და თუ ასეთი ურთიერთობა იქნება, არ შევეწინააღმდეგები. უბრალოდ, სერიოზული ურთიერთობა სხვა პასუხისმგებლობებია და არ უნდა მოატყუო შენი თავი, უნდა იცოდე, ეს ნამდვილად გინდა თუ არა, იმიტომ რომ მერე უკან ვეღარ დაიხევ და არასერიოზულად ვეღარ მოიქცევი. მქონია სერიოზული ურთიერთობები და ვიცი, ეს რაც არის. ძალიან კარგი იყო, მაგრამ, მერე დავშორდით. ალბათ, იმიტომ, რომ მე გართობა მიყვარს, მაგრამ სერიოზულ ურთიერთობაშიც უნდა გიყვარდეს გართობა. შენც უნდა ერთობოდე, შენი პარტნიორიც და ამით თავს კარგად უნდა გრძნობდეთ. მხოლოდ სერიოზულობა, ალბათ, მოსაწყენი იქნება.

– აკაკისავით ძლიერი სიყვარული და ერთგულება შეგიძლია?

– მგონი, კი და ერთგულებისთვის დავსჯილვარ კიდეც. ვყოფილვარ სიყვარულის ერთგული, იქითა მხრიდან არ ყოფილა იგივე იმპულსი, მაგრამ მე მაინც მიერთგულია ჩემი გრძნობისთვის. თუმცა, არა მგონია, იმ ხარისხის ერთგულება შემეძლოს, როგორიც აკაკის შეუძლია, მაგრამ, ხალხო, იცოდეთ, რომ ჩემში ერთგულება ნამდვილად დევს. ერთგული ვარ ჩემი პროფესიის, მეგობრების, სამშობლოს მიმართ. რაც ჩემთვის ძვირფასია, იმას არ ვღალატობ.

– პოპულარობამ თუ გაზარდა ქალბატონების ინტერესი ირაკლისადმი?

– ქალბატონებისგან ინტერესი არასდროს მაკლდა, მაგრამ კი – როცა მასშტაბები იზრდება, ინტერესიც სხვა დოზითაა (იცინის). შეიძლება, მომწერონ, ქუჩაში გამომეცნაურონ და ძალიან სასიამოვნოა, როცა ისეთი ლამაზი ქმნილება, როგორიც ქალია, ამას აკეთებს. ისინი თავის ენერგეტიკას გაწვდიან და რა სჯობს ამას. მინდა, ყველას ვუთხრა, მე თქვენ გხედავთ და ძალიან ვაფასებ თქვენს დამოკიდებულებას. ძალიან საინტერესოები ხართ, ქალბატონებო. საერთოდ, მგონია, რომ ქართველი ქალი ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში, ჩემს გონებასა და გულში მოწინავე ადგილზეა, რადგან ქართველი ქალი ტემპერამენტიანი, ძლიერი, ჭკვიანი და ძალიან მიმზიდველია.