რას ნიშნავს გივიკო ხახიძისთვის ცნობილი მშობლების შვილობა და როგორ ამხნევებდა მას კახი კავსაძე

518

გივიკო ხახიძე სერიალ „ჩცდ“-ს გუნდს ახალი სეზონიდან შემოუერთდა და ის პარლამენტარის შვილის როლს ასრულებს, რომელიც ტასოს უმეგობრდება.

– გივიკო, როგორ აღმოჩნდი სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“?

გივიკო ხახიძე: ჩემი ფოტოები გააგზავნეს, რის შემდეგაც კასტინგზე დამიბარეს. მივედი, მცირე სცენა გავითამაშეთ და ორი კვირის შემდეგ დამირეკეს. როცა მითხრეს, გივიკო, როლზე დაგამტკიცეთო, ძალიან გამიხარდა. ტელეფონში ემოციები ვერ გამოვხატე, მაგრამ რომ გავთიშე, მერე მთელ ხმაზე ვყვიროდი, ამიყვანეს-მეთქი. ჩემთან ერთად ჩემი მეგობრები იყვნენ და მათაც ძალიან გაუხარდათ.

სერიალის გუნდს ძალიან კარგად შევეწყვე. პირველივე დღიდან ყველასთან ვმეგობრობ.

– როგორ მოგწონს შენი პერსონაჟი?

– კარგი პერსონაჟია, მშობლებისგან ყველაფრით განსხავდება და კარგი ადამიანი ჩანს. თავიდან სცენარი რომ წავიკითხე და გავიგე, როგორი მშობლებიც ჰყავდა, სხვანაირი წარმოდგენა შემექმნა. რადგან პარლამენტარის შვილი იყო, მეგონა, თვითონაც ცოტა „გაბლატავებული“ იქნებოდა, მაგრამ სულ სხვანაირი აღმოჩნდა.

– როგორ მოგწონს პოპულარობა?

– არ მეგონა, რომ ასე უცბად გავხდებოდი ცნობილი. გამიხარდა. ქუჩაში რომ გავდივარ, ვგრძნობ, რომ ხალხი მცნობს. ამბობენ ხოლმე, ეს ის ბიჭი არ არის „ჩემი ცოლის დაქალებიდანო“?! ბევრი მოსულა და ჩემთან ფოტო გადაუღია. ბევრი მეუბნება, რომ მოსწონს ჩემი პერსონაჟი. ყველას დადებითი შეფასებები აქვს და მიხარია. როგორც ვიცი, დაჩი რომ გამოჩნდა, მისი და ტასოს ვიდეოებით იყო აჭრელებული „ტიკ-ტოკი“.

– ტასოს როლის შემსრულებელს, ქეთას როგორ შეეწყვე?

– მასაც პირველივე დღიდან დავუმეგობრდი და კარგი ურთიერთობა გვაქვს.

– ცნობილი მშობლების შვილი ხარ. მომიყევი, ვინ არიან დედა და მამა.

– დედა არის მაიკო სახლთხუციშვილი, სამეფო უბნის თეატრის ტექნიკური რეჟისორი, მამა დავით ხახიძე – მსახიობი. ვერ ვიტყვი, რომ პროფესიული კუთხით ოჯახის ტრადიციის გაგრძელებას ვაპირებ. ჯერ არ ვარ დარწმუნებული ამაში, რადგან ზუსტად არ ვიცი, სად ჩავაბარებ. თუმცა დედაჩემის მამაც და მამაჩემის მამაც, ყველანი, მსახიობები იყვნენ. მამამ მითხრა, თუ ძალიან არ გიჟდები მსახიობობაზე, ისე არ ჩააბარო ამ პროფესიაზეო. დედაც მეუბნება, რასაც გული გიკარნახებს, იმ პროფესიას გაჰყევიო. მე ტექნიკური მიმართულება უფრო მაინტერესებს. ახლა გადავედი მეთორმეტე კლასში და წელს უნდა გავაკეთო არჩევანი. იმედია, მალე მივიღებ გადაწყვეტილებას. მათემატიკა ძალიან მიყვარს, თუმცა, არა მხოლოდ, ქართულსა და ინგლისურსაც კარგად ვსწავლობ, რადგან ვიცი, რომ ეს საგნები ჩასაბარებლად დამჭირდება. სხვა საგნებს ვერ ვაქცევ ამდენ ყურადღებას, მაგრამ ყველა საგანს და მასწავლებელს პატივს ვცემ და ყველაფერს ნორმალურად ვსწავლობ. ამ მომენტისთვის უფრო ფინანსების მიმართულებით ვფიქრობ და ვნახოთ, რას გადავწყვეტ. პატარა რომ ვიყავი და ჩემს მშობლებს ვუყურებდი, ძალიან მინდოდა, მეც მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ მერე უკვე სპექტაკლებში რომ მივიღე მონაწილეობა, რატომღაც ისე აღარ მომინდა, როგორც მანამდე. მერე მათემატიკას ავუღე ალღო და ინტერესი გამიჩნდა. მსახიობობა ახლაც მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თეატრალურში ჩაბარება აუცილებელი არაა. შემიძლია, სხვა პროფესია მქონდეს და ეს საქმე შევუთავსო, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე მგონია.

– მშობლებმა როგორ შეგაფასეს სერიალში?

– დედაც და მამაც მეუბნებიან: მერე რა, რომ ჩვენი შვილი ხარ, ისე შეგაფასებთ, როგორც იმსახურებო. ყოველი სერიის ეთერში გასვლის შემდეგ მათ ვურეკავ და ვეკითხები, როგორი ვითამაშე, კარგი ვიყავი თუ არა. სხვათა შორის, სულ დადებითს არ მეუბნებიან, რამდენჯერმე კრიტიკაც მოვისმინე მათგან. ბოლოს მამაჩემმა შემაქო, კარგად ითამაშეო და დედაც მაქებს ხოლმე. მამა თვითონაც მონაწილეობდა ამ სერიალში და მისი დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქასთინგზე რომ გავედი, არ იცოდა და რომ გაიგო, ამიყვანეს, ძალიან გაუხარდა.

– როგორი მამაა?

– ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც მამა-შვილს უნდა ჰქონდეს. ეს ყოველთვის ასე იყო. როცა რაღაცას მასწავლის, მკაცრიცაა, თუმცა, ჩემი მშობლები ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობრები არიან. მათ ყველაფერს ვუყვები და მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ.

– კახი კავსაძესთან ერთად გაქვს ნათამაშები სპექტაკლში. როგორ გახსენდება ის პერიოდი?

– კახი კავსაძის შვილმა, ირაკლი კავსაძემ დადგა „პატარა უფლისწული“. მაშინ 12-13 წლის ვიყავი. რომ გავიგე, კახისთან ერთად უნდა მეთამაშა, ძალიან გამიხარდა. ის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გავიცანი. ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის მისი პარტნიორობა და უზომოდ მიხაროდა იმის გამო, რომ მე – პატარა გივიკო ხახიძე, ვიდექი დიდი კახი კავსაძის გვერდით და ხელიხელჩაკიდებული მოვდიოდით სცენაზე. მუშაობის პროცესში ბევრ კარგ რჩევას მაძლევდა და სულ მამხნევებდა. მეუბნებოდა, შენ გვერდით ვარ, სანერვიულო არაფერი გაქვსო. არა მარტო დიდი მსახიობი, უსაყვარლესი ადამიანი იყო. მე მაინც ვნერვიულობდი, მაგრამ სპექტაკლი რომ დაიწყო, ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

– სერიალში ყველა ელოდება, რომ შენს პერსონაჟსა და ტასოს ერთმანეთი შეუყვარდებათ. რა ხდება რეალურ ცხოვრებაში გივიკოსთან, გყავს შეყვარებული?

– არა, სინადვილეში შეყვარებული არ ვარ და ამ მხრივ, საინტერესო არაფერი ხდება.

– როგორ გახსენდება ბავშვობა?

– უფრო მორცხვი და არაკომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი. სამეგობრო წრეში ყოველთვის თავისუფლად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ადრე უცხო ხალხს მარტივად ვერ ვუმეგობრდებოდი, კომპლექსი მქონდა. ახლა ყველა ადამიანთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა და დამეგორებაც ადვილად გამომდის – ამ მხრივ, შევიცვალე. ბავშვობაში საკმაოდ ხიფათიანი ვიყავი, სულ რაღაცას ვიტეხავდი, ხან თავი მქონდა გატეხილი და ხან ხელი ან ფეხი – თაბაშირში. ხან საიდან გადმოვხტებოდი, ხან საიდან, მაგრამ საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმა არ მიმიღია, მხოლოდ მოტეხილობები (იცინის).