როგორია მარტოკაცის ცხოვრება ხევსურეთის სოფელ ჩირდილში და რამ გადააწყვეტინა მამუკა არაბულს მთაში დაბრუნება

226

27 წლის მამუკა არაბულმა ხევსურეთში, საკუთარ სოფელში – ჩირდილში დაბრუნება გადაწყვიტა. ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც წელიწადის ყველა სეზონს ამ სოფელში, საკუთარ სახლში გაატარებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა და სამომავლოდაც მნიშვნელოვანი გეგმები აქვს, რომელზეც თავად მოგვიყვება.

მამუკა არაბული: მე აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. 18 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, რათა უნივერსიტეტში მესწავლა, სამსახური დამეწყო და კარიერაზე მეზრუნა. წლების განმავლობაში რაგბით ვიყავი დაკავებული, უმაღლეს საფეხურზე ვთამაშობდი, მაგრამ მთელ იმ წლებში, რომელიც თბილისში გავატარე, მუდმივად აქაურობის დანაკლისი მქონდა. ამქვეყნად ყველაფერს მთა მირჩევნია, ძალიან მიყვარს აქაურობა და მიჭირდა მის გარეშე. წლების წინ აქაურობა ხალხმრავალი იყო და მე ამ გარემოში ნამდვილი ბავშვობა გავატარე. მერე ვხედავდი, როგორ დაიცალა სოფელი და აღარავინ ფიქრობს დაბრუნებაზე, ნასახლარებიღაა დარჩენილი. მათ დანახვაზე გული მტკივა, რადგან ოდესღაც მეც ვყოფილვარ იმ სახლებში სტუმრად, მითამაშია კიდეც იმ ეზოებში და ყველა ადგილს განსაკუთრებული მოგონებები უკავშირდება.

გადავწყვიტე, ეს დანაკლისი შემევსო, ანუ ჩემს სოფელში, ჩირდილში დავბრუნებულიყავი, სადაც ბავშვობა გავატარე. კარგა ხანი მაწუხებდა აზრი – ღირს თუ არა?! რა იქნება მერე? რა ბედი ეწევა სპორტს? კარიერას ხომ დავკარგავ?

– წლების განმავლობაში რაც აშენეთ, ყველაფერზე უარის თქმა გაგიჭირდებოდათ.

– კი, მაგრამ წლების განმავლობაში, მხოლოდ ზაფხულობით ვახერხებდი სოფელში ყოფნას. ძალიან მენატრებოდა აქაური შემოდგომა, ზამთარი, ახალი წელი და გადავწყვიტე, დამებრუნებინა ეს ყველაფერი მანამ, სანამ ახალგაზრდული ენერგიით რამის გაკეთება შემეძლო.

დაახლოებით, ერთი წლის წინ განსაკუთრებული ნოსტალგია შემომაწვა. ხასიათი შემეცვალა – ბევრ რამეს ვაკვირდებოდი, ბევრს ვფიქრობდი, განცდები გამიმძაფრდა, ბევრი რამ მადარდებდა და მაღელვებდა. ვფიქრობდი, რა მიშველიდა, რა იქნებოდა უკეთესი ამ მდგომარეობაში. თბილისში ისეთ სამსახურში მიწევდა მუშაობა, რომ ფაქტობრივად, მთელ დროს მანქანასა და საცობებში ვატარებდი. კვირაში 6 დღე ვმუშაობდი და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად მძიმედ მოქმედებდა. მუდმივად ქაოსსა და ერთმანეთის უპატივცემულობას ვხედავდი, რაც ძალიან მაწუხებდა. ქალაქში არ იციან მანდილოსანს როგორ უნდა მოეპყრონ, არ იციან, რომ მოხუცს ხელი უნდა წააშველონ, რომ ზებრაზე გზა უნდა დაუთმონ ადამიანს და ხშირად გაიღიმონ. აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება და ნელ-ნელა აგრესიული ვხდებოდი.

გაზაფხულზე საბოლოოდ გადავწყვიტე და ჩირდილში გადმოვედი. აქ ძალიან დავმშვიდდი, სულ სხვა ადამიანი ვარ. ახლა სოფლის საქმეზე ვარ ორიენტირებული, სიმშვიდესა და სიწყნარეში ვატარებ დროს. შრომა არასდროს მეზარებოდა და დრო საქმის კეთებაში გამყავს. ტყეში დავდივარ შეშის მოსაჭრელად ან მეზობელ სოფელში, სადაც დედაჩემი და მამაჩემი ცხოვრობენ და სადაც მეც გავიზარდე, იქ ვინმეს დახმარება თუ დასჭირდება, არასდროს მეზარება. ჩირდილში ბიძაშვილს სასტუმრო აქვს, რომელსაც სეზონურად ამუშავებს, დანარჩენ დროს აქ მხოლოდ მე ვარ. აქ, ფაქტობრივად, არაფერია, მათ შორის არც ელექტროენერგია. თუმცა, დავბრუნდი და ვცდილობ, საკუთარ სახლს ყურადღება მივაქციო. მინდა, ჩემი კერიდან კვამლი ამოდიოდეს და გზა ზამთარშიც გაკვალული იყოს. მინდა ვთქვა, რომ ეს სოფელია და არა ნასოფლარი.

– როგორი მდგომარეობა დაგხვდათ?

– როცა ასეთ ადგილას მიდიხარ, შეგუებული უნდა იყო იმ აზრს, რომ ბევრი რამ არ გექნება. დროთა განმავლობაში თვითონ, საკუთარი ხელით უნდა შექმნა ყველაფერი. ამისთვის უნდა იწვალო, შეალამაზო, გაარემონტო ან სულაც ააშენო. ბევრი აქტიურობის შედეგად მოვახერხე, რომ ელექტროენერგიის გაყვანა დაიწყეს. ალბათ, ერთ კვირაში უკვე მექნება დენი და პირველ ნათურასაც ავანთებ. მინდა, ჩემი სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთო და ამისთვის თანადაფინანსება მოვიპოვე. თუმცა, როცა ელექტროენერგია არ არის, ხელსაწყოებსაც ვერ იყენებ და ხელ-ფეხი შეკრული გაქვს. ეს ძალიან მიშლიდა ხელს, ბევრ რამეს ჭრიდება აქ ხელის შევლება და გაკეთება, თორემ სანთელსა და ლამპას მიჩვეული ვარ, ბავშვობაში ასე ვცხოვრობდი და პირიქით, ლამპის შუქი სხვა სიმშვიდეს მგვრის.

– ეს ნაბიჯი ალბათ სხვებისთვისაც სტიმულია, ბევრს მოუნდება დაბრუნება, თუმცა მარტივი არ არის…

– მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება, ჩემი მაგალითით, პირველ ეტაპზე აქ საცხოვრებლად გადმოსვლა არ გადაწყვიტონ, მაგრამ მე ვიქნები სტიმული ადამიანებისთვის და ვეტყვი მათ, რომ მეც მათნაირად ვყოყმანობდი, ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ თუ გიყვარს შენი კუთხე და შენი ისტორია, ბავშვობა, რომელიც იქ გაატარე, არ არის შეუძლებელი ამის განხორციელება. თუმცა მხოლოდ ფიქრი არ არის საკმარისი. საკუთარ თავს სულ იმას ვუმეორებდი, უნდა წახვიდე, უნდა წახვიდე. გუნდში მეუბნებოდნენ, დარჩი, არ წახვიდეო, მაგრამ ჩემს განვითარებას ქალაქში ვერ ვხედავდი. ბევრს გაუკვირდა, ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი, ჩემი სახლი ხევსურეთშია და თუ ოდესმე ჩემი ნახვა მოგინდებათ, სიხარულით გიმასპინძლებთ-მეთქი. მე ადამიანი თბილისში ვერ გამიცნობს, ეს არ არის ჩემი გარემო. თუ ვინმეს ნამდვილი მამუკა არაბული აინტერესებს, ხევსურეთში უნდა ნახოს. ქალაქის გარემო ცვლის ადამიანს. მე კი ერთი უბრალო ხევსური ბიჭი ვარ, რომელსაც ყველაზე მეტად უბრალოებაში ცხოვრება უნდა. ადამიანებს დღეს ყველაზე მეტად სიყვარული, ერთმანეთთან ურთიერთობა, ბუნებასთან და ცხოველებთან კავშირი გვაკლია. აქ ხან დათვი შემხვედრია გზაზე სათევზაოდ წასულს, ხან მელა, ხან შველი და ხანაც მგელი. უკითხავთ, არ გეშინიაო? რისი უნდა მეშინოდს, ის თავის გზაზე მიდის, მე – ჩემსაზე.

– მართლა არ არის სახიფათო?

– ძალიან იშვიათად, არც გამიგია, რომ მგელს დაეგლიჯოს ვინმე. დათვისგან შეიძლება, უფრო მოდიოდეს საფრთხე, მაგრამ მთავარია იცოდე, სად ხვდები მას და რა მდგომარეობაშია. დედა დათვი თუ ბელებთან ერთად არის, მაშინ აგრესიულია. ხოლო თუ დაჭრილია ან კბილი სტკივა, მაშინ ყველაზე გამწარებლია. უნდა შეგეძლოს იმის ამოცნობა, როდის როგორ იქცევა ცხოველი და ამის მიხედვით თავი დაიცვა. როცა მთაში ცხოვრობ, ამას სწავლობ, მე კი აქ გავიზარდე. ჩემს სახლთანაც იყო დათვის ნავალი, არც მელიები მაკლიან. აქ ადამიანები არ არიან, თორემ ისინი მარტო არ მტოვებენ (იცინის).

– როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა?

– მინდა, ჩემი მშობლებისა და ჩირდილის სახლი ზამთრისთვის მოვამზადო. ტყეში სიარული დამჭირდება, რომ ზამთრისთვის შეშა მოვიმარაგო. უშუალოდ, ზამთრისთვის ბევრი საქმე არ მრჩება, ყოველდღიურობაში, ალბათ, საკუთარი სახლის მოვლა და სამანქანო გზამდე გაკვალვა დამჭირდება. ასევე, წყაროდან წყლის მოტანა, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და მსგავსი საქმეები. ყველაფერს ძალიან კარგად ვახერხებ. ჩემს სოფელთან ახლოს სასაზღვრო პოლიციაა და ვფიქრობ, იქ შევიტანო განცხადება მუშაობის დასაწყებად, რომ სტაბილური სამსახური და შემოსავალი მქონდეს.

– როგორც ვიცი, ტურებსაც აწყობთ ჩირდილში.

– კი, პირველი ადამიანი ვარ, რომელმაც 6-7 წლის წინ ჩირდილში ერთდღიანი ტურების გაკეთება დავიწყე, რაშიც სოციალური ქსელები მეხმარება. ეს ყველასთვის ძალიან კარგი საშუალებაა ქალაქის რუტინისგან განსატვირთად. ვცდილობ, ადამიანებს აქაურობა გავაცნო, საინტერესო ისტორიები მოვუყვე და ჩემს სახლშიც ვუმასპინძლო. აქაურობა ძალიან მშვიდი და მივიწყებულია, მაგრამ ძალიან საინტერესო და ლამაზია. მეორეს მხრივ, ეს სეზონური შემოსავლის წყაროა.

მთელი ზაფხული სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი მწერს. ბევრი მეუბნება, არ მეგონა, თუ კიდევ არსებობენ შენნაირი ადამიანებიო და ჩემთვის ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ასეთი მასობრივი მხარდაჭერისა და სითბოს მიღების შემდეგ როგორ უნდა ვთქვა უარი აქაურობაზე?! უამრავი მწერს, თუ რამე შემიძლია, შენ გვერდით მიგულეო და მეც შეძლებისდაგვარად ვაქტიურობ სოციალურ ქსელში. ისე ვერ ვახერხებ, როგორც საჭიროა, მაგრამ მაინც ვცდილობ, ადამიანებს აქაური ცხოვრება გავაცნო – ჩემი თვალით დანახული ფოტოების საშუალებით გავუზიარო. თითოეულ კადრს ძალიან ემოციურად ხვდებიან ხოლმე და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

– „ახალგაზრდა ხარ, უნდა დაქორწინდე და აქ სად უნდა იპოვო მეორე ნახევარი?“ – ამას, ალბათ, ბევრი გეკითხებათ.

– მე უზომოდ რომანტიკოსი ადამიანი ვარ. მიყვარს პოეზია, სიმღერა და მუსიკის გარეშე საერთოდ ვერ ვჩერდები. ჩირდილში, მით უმეტეს, მიმძაფრდება ემოციები. შეყვარებულიც ვყოფილვარ და გულის ფანცქალიც განმიცდია. თუმცა, ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ის არის, რომ დღეს უჭირთ გულწრფელი ადამიანების დაჯერება. ყველაზე რთული ცალმხრივი სიყვარულია – როცა მთელი არსებით გიყვარს ადამიანი, მაგრამ ის ეჭვის თვალით გიყურებს. მეტ დროს რომ ვუთმობდეთ ადამიანების გაცნობას, ასეთი რამ არ მოხდებოდა.

ვფიქრობ, ცხოვრება თვითონ გაჩვენებს, სად და როდის შეიძლება, ის ადამიანი იპოვო, ვინც მუდამ შენ გვერდით იქნება. მე მგონია, რომ ჩემი ცხოვრებით დავანახვებ ადამიანებს, რამდენად ვარ სასურველი და ვინმესთვის შესაფერისი. მარტო მთის არა, ყველა კაცი ყოველმხრივ სასურველი უნდა იყოს – განა მარტო შეხედულად, ნავარჯიშები ტანით ან გონებით, მოქცევაც უნდა იცოდე, არ უნდა იყო უზრდელი და არც თავხედი. მე რომ სოფელში ძმაკაცი მივიყვანო და მან უფროსებთან უზრდელობა დაიწყოს, არავინ აპატიებს, შეარცხვენენ. ეგეთი ადამიანები არ სჭირდება მთას. მთაში აღზრდილმა ადამიანმა ქალის ფასიც იცის და ვაჟკაცობისაც. მე ვფიქრობ, ქალისთვის პირველ რიგში, საიმედო უნდა იყო. შენს გვერდით რომ დგას, უნდა შეეძლოს ყველანაირ მდგომარეობაში დაგეყრდნოს და შენი იმედი ჰქონდეს. მე ასე მინდა, ვიცხოვრო. არაფერი მაქვს დასამალი და ყველას, ვინც აქ მოხვდება, ჩემს ყოველდღიურობას ვაცნობ ისეთს, როგორიც რეალურად არის. თავის დროზე ბედისწერა, ალბათ, შეგახვედრებს ადამიანს, ვინც ისეთს დაგინახავს, როგორიც ხარ.