“არასდროს არაფერი უთხოვია იმის გარდა სოხუმში დამმარხეთო, ბოდიში ნელი დეიდა“

263

ცნო­ბი­ლი მებაღე, “გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის” მფლო­ბე­ლი ზურა შე­ვარ­დნა­ძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად 19 წლის წინ, შემოდგომაზე ვიყიდე პირველი ნაკვეთი თბილისის ზღვისკენ მიმავალ გზაზე. მაშინ  აქ არც ასფალტი იყო, არც შუქი, არც ელექტრონი და გაზი, მისამართიც არ გვქონდა, არაფერი არ ერქვა ჩვენს ქუჩას. ახლოს სულ ორი მეზობელის  ახალაშენებული, გაულესავი სახლი ჩანდა. ჩვენს წინ დიდ, ძეძვიან მინდვრებზე აზერბაიჯანელი მწყემსების ნახირი ძოვდა. ჩემი ახალშეძენილი პატარა ნაკვეთი იყო დაჭაობებული და ჭაობი სავსე სამშენებლო ნაგვით. 

ახლანდელივით, მზიანი თბილი შემოდგომა იდგა, ძალიან ვიყავი გახარებული და საქმეს ვეშურებოდი. გურიაში ბიძაჩემს ლადოს და ასკანელ მეზობელ ზურია სისვაძეს შევუთვალე არიქა მიშველეთ მეთქი, ჩამოვიდნენ და შევუდექით. ფეხისალაგი გავმართეთ, ზურიამ ჭა ამოიღო, ამოყორა და ჭაობის წყალი დღენაჟებში მივმართეთ, რომელსაც დღემდე ვიყენებთ სარწყავად. ეზოში მომცრო, ხის მწვანე, ფინური ვაგონი დავდგი, ის იყო ჩვენი თავშესაფარიც, სამზარეულოც და ზოგჯერ საძინებელიც. დილაობით დეზერტირების ბაზარში ჩავდიოდი, პამიდორი, ყველი, ხახვი, იშვიათად ძეხვი ან შებოლილი სიგა ამომქონდა სდილისთვის. დაღლილები ვაგონთან, ტირიფის ქვეშ, სახელდახელოდ ჯირჯებისგან მოწყობილ მაგიდასთან ვჭამდით ლადო, ზურიე და მე.

იმ დღესაც ბევრი ვიმუშავეთმეთ, ვბარეთ და ნაბარავში ამორჩეული ქვა ვაგროვეთ. სასადილოდ ფეხს ვითრევდით, უთქმელად, ულაპარაკოთ მაგრამ არცერთს არ გვეხალისებოდა ისევ პამიდორი, ისევ ხახვი, ისევ ერევნის ძეხვი…

ხელით რომ დავიბანეთ და შევგროვდით, ეზოში რომელსაც ჯერ არც ჭიშკარი ჰქონდა და არც ღობე შუახნის, მაღალი, შავებში ჩაცმული ქალი შემოვიდა, თავზეც შავი ეფარა. ერთ ხელში დიდი ტილოგადაფარებული ლანგარი ეჭირა, მეორეში ნაჭრის ჩანთა. გავეგებე, გამიღიმა მორიდებით, ოქროს ორი კბილი გამოუჩნდა.  მოსალმებაზევე შევატყვე მეგრელობა. 

– მეზობელი ვარ მე შენი შვილო. გიყურებთ ეს დღეებია, შრომობთ კია ბევრს მარა გაგიმართლებთ ღმერთით.

-გმადლობთ ქალბატონო.

-ნელი მქვია მე, ბერულავა იყო ჩემი ქმარი. სამი შვილი მყავს, უფროსები ალბათ შენზე. აგერ ვართ უკან, გეცოდინება შენ ჩვენი სახლი, ასე მოეწყო ჩვენი ცხოვრება..

მივხვდი რასაც გულისხმობდა.

-გამომართვი დიდა აწი, არ მიწყინოთ თუ საკადრისად ვერ მოგართვით, გულითაა ღმერთია მოწამე და გადახადა გახამებული ტილო ლანგარს.

დიდ, გულუღმა ჯამზე თეთრ, ფითქინა ღომს ორთლი ასდიოდა, პიტნიანი ნადუღი და ბევრი სულგუნის ნაჭრები ჩაედო გულიანად შუაგულში. ორი წიწილი შეეწვა და კოხტად დაეჭრა, მწვანე ტყემალი და ჭიქით წითელი სისხინა აჯიკა იდო კიდევ ლანგარზე.

გავშრი უხერხულობისგან.

-ასე რატომ შეწუხდით?

-რამ შემაწუხა დიდა, მეზობლის გულობიზა ცეცხლში არ ჩავდგები კიდომ?

-კამპოტიც მოგართვით, არ დამძრახოთ უკაცო ოჯახი მაქვს და…. ჩანთიდან დაორთქლილი სამ ლიტრიანი ქილა ამოაცოცა.

თბილად, დედობრივად მიღიმოდა  თვალები სიკეთით, სიხარულით ჰქონდა სავსე, ბედნიერი იყო  რომ შეძლო ახალი მეზობლისთვის პატივი ეცა. მოვიპატიჟეთ, არ დარჩა, გაგვეცალა.

უენოდ, უსიტყვოთ, გემრიელად გეახელით. არც ლადოს, არც ზურიას და არც მე არაფერი გვითქვამს.

სად არ ვყოფილვარ, რა აღარ მინახავს, მას მერე ასეთი გრძნობით და ბედნიერმა როდის ვისადილე აღარ ვიცი.

დღეს უკვე ამ ამბიდან 20 წლის თავზე ვამბობ, სანამ ასეთი და ამდაგვარი ამბები კიდევ ხდება ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა, აი მერე აღარ ვიცი. 

გუშინ, კვირას შვილებში და შვილიშვილებში ჩაფლული, მადლიანი, სიხარულით და სიყვარულით სავსე ნელი დეიდა აგერ კუკიაზე დავკრძალეთ. არასდროს არაფერი უთხოვია იმის გარდა სოხუმში დამმარხეთო.

ბოდიში ნელი დეიდა“ – წერს ზურა შევარდნაძე.