მსახიობი თაკო ჭანუყვაძე – ახალგაზრდა ქალი, ფერადოვნებით გამორჩეული, მუდმივად მოწესრიგებული, მომხიბვლელი… შეხედავ და იფიქრებ, რომ ბედის ნებიერაა, არასდროს თითი თითზე არ დაუკარებია. სინამდვილეში ძალიან შრომისმოყვარეა, ენერგიული, ორ თეატრში მთელი დატვირთვით მუშაობს. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სხვებისთვისაც ქმნის სამოსის დიზაინს და რამდენიმე მაღაზიასთან თანამშრომლობს. ოჯახის მოვლასაც ასწრებს, სცენაზე თამაშსაც და გადაცემის წაყვანასაც.
დატვირთული ყოველდღიურობის მიუხედავად, მსახიობი „სარკეს“ სიამოვნებით დათანხმდა ინტერვიუზე და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაგვიზიარა.
– ადვილად დააბალანსეთ დრო თეატრსა და ტელევიზიას შორის?
– მე მსახიობი ვარ, ეს ჩემი საოცნებო პროფესია იყო ბავშვობიდან, ამიტომ რეალობადქცეულ, ნალოლიავებ ოცნებას არაფრის გამო შეველევი. თეატრი ჩემთვის მთავარია, თან ორ თეატრში ვმუშაობ, საკმაოდ დატვირთული ვარ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეში 2-3 სპექტაკლის თამაში გვიწევს. ძალიან საინტერესოა მოძრაობის თეტარში მუშაობა, ეს კიდევ სხვა სამყაროა, გამომსახველობის სხვა ფორმების ფლობას ითხოვს.
ენერგია ნამდვილად არ მაკლია, ყველაფრისთვის მყოფნის. ზოგჯერ მეც გაოცებული ვარ, საიდან ამდენი ენერგია. ამაზე რომ ვფიქრობ, ვხვდები, თეატრია ჩემთვის დაუშრეტელი ენერგიის წყარო. მომწონს მაყურებელთან შეხვედრა, მათთან ემოციების გაცვლა. როგორც კი დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და თეატრში მივედი, დღემდე ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი პროფესიულ არჩევანში.
– 12 წელია, თეატრში მუშაობთ, ამ წლების განმავლობაში თქვენი მაყურებლისთვის იყავით ცნობილი, მაგრამ პოპულარობა ფართო მასშტაბით ტელესერიალმა ,,ჩემი ცოლის დაქალებმა” მოგიტანათ. რა როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში ამ სერიალმა და თქვენმა პერსონაჟმა?
– დიახ, თეატრს არ აკლია მაყურებელი, ყოველთვის ძნელია ბილეთის შოვნა, მაგრამ მე კი არა, დამსახურებულ მსახიობებსაც, რომლებმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი თეატრში გაატარეს, მაყურებელთა ვიწრო წრე იცნობს. ტელევიზია სწრაფად გხდის ცნობადს, პოპულარულს. საკმარისია, ერთ-ორ შოუში გამოჩნდე და მაშინვე გცნობენ ქუჩაში.
“ჩემი ცოლის დაქალებმა” მომიტანა ცნობადობა, უამრავი დადებითი კომენტარი, თბილი ღიმილი, ალერსიანი მოსალმება. ეს ძალიან სასიამოვნოა. გამოცდილებაც დიდი მივიღე კამერასთან მუშაობით, გვერდით საინტერესო ადამიანები მყავდა. მადლობელი ვარ, რომ ამ სერიალისთვის შემარჩიეს და ხალხის სიყვარული დავიმსახურე.
– ოჯახზე ვისაუბროთ. ქმარი თუ არის თქვენი პროფესიის თაყვანისმცემელთა რიგებში, როგორ ზრდით გოგონას, რამდენად გრჩებათ დრო ოჯახური ურთიერთობისთვის?
– მეუღლე განსხვავებული პროფესიის არის. ძალიან გამიმართლა, მისი სახით მყავს ყურადღებიანი, გულწრფელი, მოყვარული, ერთგული მეგობარი. მუდმივად გვერდით მიდგას, მამხნევებს, მაქებს, პატივს სცემს ჩემს პროფესიას. 14 წელია, ერთად ვართ და მხოლოდ გულშემატკივრობას ვგრძნობ მისგან, რაც კიდევ უფრო დიდ ძალას მაძლევს წინსვლისა და წარმატებისთვის. მას მოსწონს, რომ არის მსახიობის მეუღლე და არასდროს გამოთქვამს საყვედურს ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო.
ერთი გოგონას დედა ვარ. ანასიკო-ანა გონიერი გოგოა, უყვარს ჩემს სპექტაკლებზე დასწრება, როგორც მსახიობთა უმრავლესობის შვილები, ისიც კულისების გოგოა, დამოუკიდებელი ადამიანია თავისი აზრებით და შეხედულებებით.
– რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის, იყოს პროფესიაში წარმატებული?
– ყველასთვის მნიშვნელოვანია. პროფესია და სამსახური თავდაჯერებულს გხდის. შეიძლება შეცდე პროფესიის არჩევანში და არ გიხაროდეს იმ საქმის კეთება, რითიც დაკავებული ხარ. გული არ უნდა გაიტეხო, მიიხედ-მოიხედე, უამრავი საინტერესო საქმეა, იფიქრე, რა გეხერხება, რისი ნიჭი გაქვს. დღეს ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თუ მოინდომებ, აუცილებლად იპოვი საინტერესოს, შენი თავის რეალიზებას შეძლებ, წარმატებაც მოვა და დაფასებაც.