მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა მხატვარმა, რუსუდან ფეტვიაშვილმა, ხატვა 2 წლის ასაკიდან დაიწყო. ეს არ იყო ბავშვური ნახატები. ზებუნებრივი ნიჭის წყა-ლობით, ერთი მოსმით, სახატავი ფურცლიდან ხელისაუღებლად შესრულებულ, განსაცვიფრებელ ნახატებს მნახველი ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავდა. პატარა გოგონას გამოჩენა ხელოვნებათმცოდნეებმა საუკუნის მოვლენად, სასწაულად შეაფასეს. რუსუდან ფეტვიაშვილის სახელი, დიდი ხანია, გასცდა საქართველოს საზღვრებს. მსოფლიოს პრესტიჟული გალერეები დიდ პატივად თვლიან, გამოფინონ მისი ნამუშევრები.
2019 წელს მხატვარმა დიდი პირადი დანაკარგი განიცადა – მისი ცხოვრების სიყვარული, მეუღლე თემურ ბადრიაშვილი გარდაიცვალა. სავსე, ბედნიერი 33 წელი გაატარეს ერთად, ერთი დღითაც არ დაშორებულან. ეს ერთობის განცდა რუსუდანს ქმრის გარდაცვალების შემდეგაც არ ტოვებს და, რადგან თემურს ჰქონდა დიდი სურვილი, თბილისში გაეხსნათ პატარა გალერეა, მხატვარმა ამ სურვილს ხორცი შეასხა და თბილისში, აბაშიძის N21ა-ში, გაიხსნა გალერეა, სადაც მხატვრის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია განთავსდა.
რუსუდან ფეტვიაშვილი ჟურნალ „სარკესთან” საუბრობს:
– ჩვენ თბილისსა და ბათუმში გვქონდა გალერეა, რომელიც შემდეგ დაიხურა. თემურს ყოველთვის უნდოდა, გაგვეხსნა პატარა სივრცე, სადაც შესაძლებელი გახდებოდა ჩემი ნამუშევრების გამოფენა. მართალია, სახელოსნო მაქვს სახლში, მაგრამ იქ დამთვალიერებლის მიღება მოუხერხებელია.
თემურის გარდაცვალების შემდეგ გალერეის გახსნამ ჩემთვის სიმბოლური დატვირთვა შეიძინა.
– მსოფლიოსთვის და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა ბოლო წლები, პანდემია, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი. ეს ყველაფერი, როგორც ხელოვანზე, რა გავლენას ახდენს თქვენზე?
– არა მარტო ხელოვანზე, ნებისმიერ მოქალაქეზე ახდენს გავლენას. ავიღოთ უკრაინის ომი, ეს ეხება როგორც უკრაინელებს, ისე ქართველებს, ევროპელებს, ამერიკელებს. მსოფლიო ძალიან დაპატარავდა. ჯერ ერთი, თანაგრძნობა და თანაგანცდა გვაქვს ამ დიდი უბედურების. 21-ე საუკუნეში, როცა ვფიქრობდი, რომ ომები შორს დარჩა, მშვიდობიანი ცხოვრების ხანა დაიწყო, ადამიანებს ჰქონდათ თავიანთი გეგმები, განათლების, შრომის, ოჯახის შექმნის, უცებ საიდანღაც მოვარდნილმა ბოროტმა ძალამ უკუღმა აატრიალა ყველაფერი. იხოცებიან ბავშვები, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლია, ინგრევა ქალაქები, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა. სრულიად გაუგებარია, რომ ცივილიზებურ სამყაროში ეს ხდება.
ჩვენთვის ჯერ ის იყო შემზარავი, ერთ პატარა ქრისტიანულ საქართველოს მეორე დიდმა ქრისტიანულმა ქვეყანამ ტერიტორიის 20% რომ წაგვართვა და შავებით შემოსა უამრავი დედა. ახლა კიდევ ორი უზარმაზარი მონათესავე ქვეყანა ომობს, ცეცხლითა და მახვილით მუსრავს და ანადგურებს ერთმანეთს. ეს არის დიდი უგუნურება. მთელი მსოფლიო არეულია, ვერ მიაღწიეს იმას, რომ სიმშვიდე და ჰარმონიული ბალანსი იყოს დაცული.
ვცდილობ, ტელევიზორს ნაკლებად ვუყურო. საშინლად მთრგუნავს ამდენი უარყოფითი ინფორმაცია, არ მინდა, სულიერი წონასწორობა დამენგრეს, მაგრამ ვერც ბოლომდე თავის არიდებას შეძლებ ადამიანი. აუცილებელია, იცოდე, რა ხდება შენ გარშემო, როგორი გაჭირვებაა, რა ტკივილია.
ეს სამყარო არის უკიდეგანო, ღვთის წყალობით შექმნილი. ყველაფერი იცვლება, ერთადერთი, რაც არ იცვლება, ეს არის სიყვარული, ეს არის ღმერთი, ეს არის უფალი, ამიტომ ადამიანი უნდა ეცადოს, ცოტათი გამოეცალოს ამ ქაოსს, მაინცდამაინც შუაგულში არ იტრიალოს. ბოროტება ისეთია, თუ სულ ამ საშინელებებზე იფიქრე, აგიყოლიებს, ჩაგითრევს, თავის ჭკუაზე გატრიალებს. სწორედ აქ არის საჭირო კონსტრუქციული აზროვნება, საქმის კეთების სურვილი, აღმშენებლობაზე ფიქრი. როცა ასეთ მძიმე დროს შენს აზროვნებას არა ომისკენ მიმართავ, არამედ საქმის კეთებისკენ, შეიძლება შეიცვალოს კიდეც მდგომარეობა, გაწყდეს ეს მძიმე ჯაჭვი და გამოსავალი გამოჩნდეს.
დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას, იმედს, ბევრ რამეს ცვლის. საერთოდაც, ადამიანს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. შეიძლება თავადაც არ იცის, რომ დიდი ძალა აქვს, მაგრამ თუ მიჰყვება გულისხმას, აზროვნების კონსტრუქციულობას, აუცილებლად შეცვლის სამყაროს.
– ამ შიშს, აგრესიას, განუკითხაობას თქვენს ხელოვნებაში რითი დაუპირისპირდით?
– ჩემს მხატვრობას რაც შეეხება, მე პირდაპირ არასდროს ვამბობ სათქმელს, ეს უფრო იგავური გადმოცემაა. ყველაფერი, რაც ხდება დედამიწაზე, აუცილებლად გადმოდის ნამუშევრებში, უფრო პირობითად და რადგან სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი მარადიულია, მარადიულია თემებიც, რაც გაწუხებს და რისი გავლენითაც იქმნება ტილოები.
საბედნიეროდ, სიკეთე ჭარბობს ბოროტებას. სიკეთე თავისთავადია, მშვიდი, არ ხმაურობს, არ ჩანს, თვითკმარია. ბოროტება ტურბულენტურია, რყევებს იწვევს, ამიტომ ჩანს, თითქოს ბოროტებამ წალეკა დედამიწა. ასე ნამდვილად არ არის. შიში არ უნდა გავაკაროთ გულს, იმედი არ უნდა მოვკლათ, იმედი იმისა, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.
– ხელოვნების ისტორიას აქვს მაგალითები, როცა ამა თუ იმ ოსტატის ნამუშევრებში ასახული მოვლენები შემდგომში წინასწარმეტყველებად იქცეოდა. თქვენც ხომ არ გაქვთ ასეთი ნამუშევარი?
– ნამდვილად ხდება ასე და ამას სხვა ახსნა არა აქვს, გარდა იმისია, რომ იმ კონკრეტული წიგნის, მუსიკის ან ტილოს შექმნაში ქვეცნობიერი იღებდა მონაწილეობას. ინფორმაცია სამყაროს დიადი შემოქმედისგან თითოეულ ჩვენგანს აქვს, მაგრამ ამ ინფორმაციის გააზრება და გადმოცემა ყველას არ შეუძლია. ამას რაც გინდათ, ის დაარქვით, ზებუნებრივი ნიჭი, შთაგონება, მუზა, უფლის კარნახი, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს, მე ნამდვილად არ მახსენდება ჩემი ნამუშევრებიდან რაიმე წინასწარმეტყველური, მომავალში რა იქნება, არ ვიცი.
– ხომ არ შეგიქმნიათ კონკრეტული ტილო, რაც მეუღლის ხსოვნას მიუძღვენით?
– მთელი ის დრო, როცა ავადმყოფობდა, მასზე ზრუნვით და ფიქრით ვიყავი სავსე და, ცხადია, შემოქმედებაზეც აისახებოდა. ეს ახლაც გრძელდება, მაგრამ არა სევდით და ნაღველით, არამედ განცდით იმისა, რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ. ის სარკმელი, რომელიც ყოფს ორ სამყაროს, მხოლოდ პირობითია, ჩვენ ყველანი ერთ სივრცეში ვცხოვრობთ, ოღონდ სხვადასხვა განზომილებებში. ზოგჯერ ეს განზომილებები ეჯახება ერთმანეთს და მაშინ განცდა იმისა, რომ შენი ძვირფასი ადამიანი შენ გვერდითაა, ძალიან მძაფრია.
– ხშირად გაქვთ გამოფენები უცხოეთში, ამჟამად რომელი ქვეყანა გიმასპინძლებთ?
– ძალიან მალე პარიზში გავემგზავრები, სადაც ჩემი გამოფენა გაიმართება.
– იმუშავეთ “ვეფხისტყაოსანზე”, სახარებაზე… აგრძელებთ რელიგიურ თემებზე მუშაობას?
– ასეთი მასშტაბებით – არა. ისე, ჩემს ნამუშევრებში ხშირად ვიყენებ ფსალმუნებს იმიტომ, რომ ძალიან მრავლისმთქმელია, ტევადი, შინაარსიანი, კეთილი.
– პედაგოგიურ საქმიანობას თუ ეწევით?
– ამისთვის მზად არ ვარ. თუ პედაგოგობა დაიწყე, მთელი დრო და ენერგია უნდა ჩადო ამ საქმიანობაში. ის ადამიანი ან ადამიანები, ვინც შენგან ელოდებიან ოსტატობის გადაცემას, გაწბილებული არ უნდა დატოვო, ამიტომ ჯერჯერობით უარს ვამბობ შემოთავაზებებზე.