რა სიურპრიზებით ანებივრებს მარიამ ელიეშვილს მეუღლე ამერიკიდან

218

ყველასთვის საყვარელი მომღერალი მარიამ ელიეშვილი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. როგორ ახერხებს ოჯახური ცხოვრების აქტიური კარიერისთვის შეთავსებას, სად აპირებს ცხოვრების გაგრძელებას და შეეხება თუ არა ცვლილებები მის შემოქმედებას, ამაზე თავად მოგვიყვება.

მარიამ ელიეშვილი: ჩემი ცხოვრება დაოჯახების შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესოა. კარიერული თვალსაზრისითაც, ჩემს მეუღლესთან ერთად, უფრო ბევრს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ოჯახურ ცხოვრებასაც და პროფესიულ საქმიანობასაც შეძლებისდაგვარად, ღირსეულად ვუძღვები. მგონი, გამომდის, რომ ყურადღება არცერთს არ მოვაკლო.

– მიუჩვეველი იყავი ოჯახს და პროფესიას შორის ყურადღების განაწილებას. როგორ აუღე ალღო?

– ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ადამიანს დაუკავშირებ ცხოვრებას. გიორგი ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორია. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ ოჯახურმა საქმეებმა და საერთოდ, ჩვენმა ოჯახურმა ცხოვრებამ, ხელი კი არ შეუშალა ჩემს კარიერას, პირიქით, შეუწყო. ჩემი მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. მუდმივად გვერდით მიდგას და მამხნევებს. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ბალანსი დავიცვა და მინდა, მეუღლეს დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთი მხარდაჭერისთვის. გიორგი საუკეთესო მეუღლეა და მეც ვცდილობ, მისთვის ღირსეული მეორე ნახევარი ვიყო.

– როგორც ვიცი, მეუღლეს უძღვნი ყველა ახალ სიმღერას.

– ასეა. ადამიანი, რომელსაც ჩემს ყველა სიმღერას ვუძღვნი, ჩემი მეუღლეა. ჩემს ცხოვრებაში მისი გამოჩენის შემდეგ ყველა სიმღერა განსაკუთრებულად იმღერება. როგორც თვითონ ამბობს, მისთვის ეს ძალიან ემოციურია. ჩვენ ხშირად გვიწევს განშორება, მე საქართველოში ვარ ხოლმე, გიორგი – ამერიკაში და როცა ჩვენ შორის ამხელა მანძილია, მისთვის ეს განსაკუთრებით ემოციურია.

– ალბათ, ბევრმა იცის, რომ მისი ცხოვრება და საქმიანობა ამერიკას უკავშირდება, შენი – საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში გიწევს გასტროლით სიარული. ოჯახის შექმნის შემდეგ სად ატარებთ ძირითად დროს?

– ჯერჯერობით დროის უმეტეს ნაწილს საქართველოში ვატარებ. ძირითადად, გიორგი ჩამოდის ხოლმე აქ ან სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებით ერთმანეთს. მუდმივად გზაში ვართ. ეს იმან გამოიწვია, რომ მე ჩემი მიმდინარე მუსიკალური პროექტები საქართველოში უნდა დამესრულებინა. ჩვენ-ჩვენი გეგმებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ დასაწყისში რამდენიმე თვე მე საქართველოში ვყოფილიყავი. გიორგი, თავისი გრაფიკის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ცდილობს, დრო ჩემთან ერთად გაატაროს. რამდენიმე თვეში კი მეც ამერიკაში მომიწევს საცხოვრებლად გადასვლა. ჩვენი ძირითადი საცხოვრებელი ამერიკა იქნება, თუმცა, ძალიან ხშირად ჩამოვალთ საქართველოში. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ჩემს მუსიკალურ აქტიურობასა და ქართველ მსმენელთან სიახლოვეზე გავლენას არ მოახდენს.

– ნერვიულობ ამის გამო?

– ყველაფერი გააზრებული მაქვს. როდესაც ამ ნაბიჯს ვდგამდით, მსგავს საკითხებზეც ვფიქრობდით. პირველი პერიოდი რთულად წარმოსადგენი იყო, მაგრამ დრო გავიდა, ბევრი საკითხი დავალაგეთ და როგორც ჩვენი ურთიერთობისა და მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა, იმის მიხედვით მივიღეთ გადაწყვეტილება.

– როგორი კულინარი ხარ?

– ჩემი მეუღლე ხშირად მაქებს ხოლმე. არ ვიცი, სიყვარულის გამო თუ ნამდვილად გემრიელად ვამზადებ, მაგრამ ასეა (იცინის). მაქსიმალურად ვცდილობ, კარგი კულინარი ვიყო, თან, ნელ-ნელა ვისწავლო ის, რაც აქამდე არ ვიცოდი. შექებას უკვე ვიმსახურებ და თანდათან, კიდევ უფრო დავიხვეწები (იცინის). ამაზე, ალბათ, უფრო ჩემმა მეუღლემ უნდა ისაუბროს, მაგრამ მე მცდელობას არ ვაკლებ. თავიდანვე იმ კერძების მომზადების სწავლით დავიწყე, რაც მას უყვარს. ელემენტარული რაღაცების მომზადება აქამდეც ვიცოდი, მაგრამ რომ ვთქვა, დილიდან საღამომდე სამზარეულოში ვტრიალებდი-მეთქი, არ იქნება მართალი. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ამის დრო ფიზიკურად არ მრჩებოდა. ახლა ვცდილობ, სხვადასხვა სახეობის კერძების მომზადება ვისწავლო, გულწრფელად მინდა, კარგი დიასახლისი ვიყო. საერთოდ, ასეთი ხასიათი მაქვს – მაქსიმალისტი ვარ და მინდა, ამ სფეროშიც ძალიან კარგი ვიყო.

– რადგან ხშირად გიწევთ განშორება, მონატრებაც ხშირია. ეს, ალბათ, რომანტიკულიცაა და თან რთულიც.

– ამ განშორებებს ნამდვილად აქვს ორი მხარე. ძალიან რთულია, როცა საყვარელ ადამიანს ამხელა მანძილი გაშორებს და ძალიან გენატრება. როცა ფაქტის წინაშე დგები, მერე კიდევ უფრო კარგად ხვდები, რა რთულია განშორება და გარკვეული პერიოდით ცალ-ცალკე ყოფნა. თუმცა, თან ამ დროს კიდევ უფრო მეტად აფასებ იმ დროს, რომელსაც მასთან ერთად ატარებ. ბევრად უფრო კარგად იაზრებ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთად ცხოვრება და სიყვარულის გამოხატვა. ამიტომ როცა ერთად ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ, რომ განშორების მონატრება გადაგვალახვინოს. გვინდა, სანამ ამერიკაში ერთად ცხოვრებას დავიწყებთ, ეს პერიოდი, ღირსეულად გავიაროთ.

– როგორ ახერხებს ამერიკიდან შენს განებივრებას?

– გიორგის ამაში სიშორე ნამდვილად ვერ უშლის ხელს. მუდმივად ჩემს ყოველდღიურობაშია ჩართული. სადაც არ უნდა იყოს, დღეს ერთად ვიწყებთ და ვასრულებთ. მიუხედავად სიშორისა, მუდმივად ცდილობს, პატარ-პატარა სიურპრიზები გამიკეთოს. ამაში აქ მყოფი მეგობრები ეხმარებიან. მართლა ახერხებს, რომ ყველა დღე გამილამაზოს. უყვარს მოულოდნელი სიურპრიზები. ხშირად ახერხებს, ძალიან მოულოდნელად ლამაზი და საინტერესო ტურები მომიწყოს სხვადასხვა ქვეყანაში. უცებ მეტყვის ხოლმე: მოდი, რამდენიმე დღე ერთად გავატაროთ, თან გარემო შევიცვალოთო. ამით ძალიან მახარებს. უკვე ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი მოვინახულეთ და ეს კიდევ უფრო გვილამაზებს ერთად ყოფნის დროს.

– თაფლობის თვეც ძალიან ლამაზ ადგილას გაატარეთ…

– კი, თაფლობის თვეში დომინიკის რესპუბლიკაში ვიყავით. საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. ულამაზეს გარემოში გავატარეთ დრო. კუნძული, ლამაზი სანაპიროები, მხიარული და ბედნიერი ხალხი, გვერდით საყვარელი ადამიანი და ეს ყველაფერი ერთად დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მომტანი აღმოჩნდა. ალბათ, ეს მოგზაურობა მთელი ცხოვრება გამორჩეულად მემახსოვრება.

– როგორი გეგმები გაქვთ ქორწილთან დაკავშირებით?

– აუცილებლად გვექნება ლამაზი ქორწილი, თუმცა როდის, ჯერ ამას ვერ ვიტყვი. ამერიკაშიც ბევრი მეგობარი გვყავს და საქართველოშიც, ამიტომ ორივე ქვეყანაში მოგვიწევს ამ ლამაზი დღის ახლობლებთან გაზიარება.