დალი ჩიტალაძე – მხოლოდ ორ ეპიზოდს ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან, დანარჩენს ყველაფერს დავტოვებდი

262

ქართულ ბომონდურ წრეში სილამაზითა და ელეგანტურობით გამორჩეული ქალი – დალი ჩიტალაძე, 60 წლისაა. ასაკი რომ მხოლოდ ციფრებია, ის ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებს. 60 წლის ასაკშიც თავისი გემოვნებითა და ახალგაზრდული ენერგიით ბევრისთვის მისაბაძია.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი მოუტანა, ბევრი ტკივილიც მიაყენა, ეს მის იერსახეზე არასდროს აისახება. თავისი შინაგანი მდგომარეობით 25 წლის ასაკში ტრიალებს. მის ცხოვრებაში ახლა ბევრი ახალი ინტერესია. აპირებს, კიდევ ერთი უცხო ენა ისწავლოს, აქვს გეგმები და პროექტები, მოსინჯა პედაგოგობა და ზოგადად სურს, არ ჩამორჩეს თანამედროვეობას.

ამ ყველაფერზე დალიმ “სარკეს” დაბადების დღის წვეულების შემდეგ ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– დალი, ალბათ ყველა ადამიანი სხვადასხვა ასაკს განსხვავებულად ხვდება. როგორია თქვენი 60 წელი?

– მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რატომ ამხელ საკუთარ ასაკს ასე თამამადო. მე კი ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატური აღქმა მაქვს ასაკის, ვარ ჰარმონიაში ჩემს სხეულთან, გარემოსთან. მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები, თორემ ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? 60 წელი მარტო ციფრები ყოფილა. მე თვითონ არ მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში ექვსი და ნული დაიწერა. განწყობით და შინაგანი შემართებით თავი 25 წლის გოგო მგონია.

ჩემი ენერგიის მთავარი წყარო ის არის, რომ არასოდეს ვჩერდები, ყოველი მომდევნო წელი ჩემთვის მოტივაციაა, რომ განვვითარდე, რაღაც ახალი ვისწავლო. სულ სიახლის ძიებაში ვარ. ჩემი ხასიათი მაძლევს სიცოცხლის, სიყვარულის საშუალებას. როდესაც ისწავლი, რომ ცხოვრება უნდა დააფასო თავისი ბევრი სილამაზით, მაშინ ვერც ერთი ასაკი მოგერევა. ყოველთვის უნდა იყო კმაყოფილი და საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ.

– რომელ პერიოდს თვლით თქვენს ცხოვრებაში ოქროს წლებად?

– ოქროს წლები მაშინ გიყვარს შენს ცხოვრებაში, როდესაც ხარ თავდაჯერებული, შემდგარი პიროვნება. ჩემს ცხოვრებაში ოქროს წლები დაიწყო 40 წლიდან. სწორედ მაშინ ვიპოვე სიმშვიდე საკუთარ თავში, რადგან 40 წლამდე ჩემს ცხოვრებაში მაინც ბევრი ვნებათაღელვა იყო. როგორც იტყვიან, საკუთარი თავის 40 წლის შემდეგ ვიწამე. ბოლო 20 წელია, ცხოვრებაში მყარი ნაბიჯებით მოვდივარ. ახლა კი, რაც 60 წლის გავხდი, ვგრძნობ, რაღაც ახალი სუნთქვა მეხსნება. ძალიან დიდი გეგმები და პროექტები მაქვს, რომლებიც მინდა, განვახორციელო. სავსე ვარ ენთუზიაზმით და დიდი ენერგიით.

– თქვენი ცხოვრების დამონტაჟების საშუალება რომ მოგეცეთ, რა ეპიზოდებს ამოჭრიდით?

– მხოლოდ ორ ეპიზოდს ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან, ჩემი ძმისა და დის გარდაცვალებას. დანარჩენს ყველაფერს დავტოვვებდი, იმ სირთულეებსაც კი, რომლებიც მქონდა ცხოვრებაში. ყველანაირი სირთულე იყო ჩემი გამოცდილება და გაძლიერება.

– რაზე გწყდებათ გული ყველაზე მეტად, უკან რომ იხედებით?

– ბევრი შვილი რომ არ მყავს. უკან რომ დამაბრუნა, აუცილებლად ვიყოლიებდი რამდენიმე შვილს, რადგან ეს დიდი სიმდიდრეა.