“სად ხარ, სად მოგილოცო დაბადების დღე ქეთი ბერძენიშვილო?”

148

სად ხარ? სად მოგილოცო დაბადების დღე ქეთი ბერძენიშვილო? –  ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გარდაცვლილ ჟურნალისტს, ქეთი ბერძენიშვილს სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს უძღვნის:

“ქეთუშა როგორ ხარ გოგო?

ხო მე ვარ, მე ვარ შენი დათო ლიკლიკაძე. შენი საცოდავი და დაბეჩავებული მეგობარი, რომელსაც ყველაზე მეტად ატკინე გული შენი გარდაცვალებით. ვინ ვინ და მე და შენ მაინც ხომ ვიცით რომ ყველაზე მეტად მე გიყვარდი. 

ამდენი ხანია შენს სიკვდილს არ ვაღიარებ (მიუხედავად იმისა ყველა ცნობა არსებობს ეს საშინელი ინფორმაცია დამიდასტუროს) და დავათრევ ჩემს სხეულს შენს მოლოდინში, ან ახლა შემაშველებ ხელს, ან ახლა… ან ახლა….

არა ქეთი, შენ არ შეგეძლო ჩვენი მიტოვება, რაღაც სხვა მოხდა. თითქოს ჩვენ წავედით ყველა ხანგძლივ მოგზაურობაში, ალბათ ჩემი ტურით სადმე და მოგზაურობაც დასრულდა, უბრალოდ სახლში დაბრუნება არ გვინდა და ასე ჯიუტად წავედით შენგან.

შენ არ შეგეძლო ჩვენი დატოვება ქეთი. ეს ჩვენ წავედით შენგან. ეს ჩვენ აღარა ვართ შენთვის.

შენ იმდენ რამეს ასწრებდი, იმდენ ტვირთს ატარებდი (ფიზიკურსაც სხვათაშორის) არ შეიძლება შენი დამთავრება. შენ ყველას ამბავი ხარ ქეთი, ყველას ემოცია. ის კიარადა შენი სიკვდილის ამბავიც მგონი თვითონ შენ მომიყევი, მაგრამ მე თავს ვიშტერებ ამ დრომდე.

სადა ხარ? სად მოგილოცო დაბადების დღე ქეთ? – წერს დათო ლიკლიკაძე.

ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი 2023 წლის 8 ნოემბერს, სტამბოლში გარდაიცვალა. მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და  თურქეთში მკურნალობდა.