“საქართველოში ძირითადად ძუნწი მამაკაცები გვყავს“ – როგორი მამაკაცი სჭირდება მერიემ გოგაშვილს

184

მერიემ გოგაშვილს უკვე კარგად ვიცნობთ, რადგან ორგზის „პრაიმ ჰაუსელია“, თუმცა, მის ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ არის, რაზეც ის „თბილისელებთან“ საუბრობს:

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

– როგორი ხარ რეალურ ცხოვრებაში? მართლა წამწამებიანი გველაძუა არის შენი რეალური სახე?

– არა, არ არის (იცინის). ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე. უფრო დავაფასე ურთიერთობები. რეალურად ძალიან კეთილი ვარ, მეგობრობაში გულსა და სულს მოგცემ, ყველაფერს გავაკეთებ. რამე რომ არ შემეძლოს, მაგრამ შენ გჭირდებოდეს, მაინც გაგიკეთებ, აუცილებლად. რეალურ ცხოვრებაში საერთოდ სხვა ტიპი ვარ, მაგრამ სარკაზმი და ირონია მაინც მახასიათებს. არ მიყვარს რამის შელამაზება. მირჩევნია, ყველაფერზე პირდაპირ გითხრა, ვიდრე ვაზელინი ვიყო და გეპირფერო. თუ მემეგობრები, მემეგობრები ასეთს.

– ნათქვამი გაქვს, მიყვარს, როცა მამაკაცი ხელისგულზე მატარებსო. რას ნიშნავს შენთვის ხელისგულზე ტარება?

– ყველა ქალს უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ, ყურადღების ცენტრში ჰყავთ, სითბოს იჩენენ, მაგრამ ზრუნვა მატერიალურ მზრუნველობაშიც გამოიხატება. როდესაც მამაკაცი ძალიან ბევრ რამეს გიკეთებს: გამოგზაურებს, გყიდულობს, რაც გინდა – ეს არის ხელის გულზე ტარება. თუ მამაკაცი მატერიალურად შემდგარი არ არის, მე მასთან ურთიერთობა არ მექნება.

– ერთ დღესაც ღარიბი ბიჭი რომ შეგიყვარდეს, რას შვრები?

– არა, არ იქნება ასეთი სიტუაცია (იცინის). როდესაც რაღაც პრობლემა მაქვს და მამაკაცი მიგვარებს, ამაზე ვგიჟდები. მატერიალური მდგომარეობის შემდეგ ამას ვაქცევ ყურადღებას. შენ რომ შენს პრობლემაზე ეტყვი და ის ძალიან მშვიდად გიპასუხებს, მორჩა, მოგვარებულია… მამაკაცი რომ პრობლემებს უთქმელად გიგვარებს, ამაზე კარგი რა არის?! რაც შეეხება სიღარიბეს, მამაკაცი უნდა შრომობდეს. მამაკაცი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. ჯერ თვითონ უნდა მოსწონდეს საკუთარი თავი და მერე უკვე ზრუნავდეს იმ ქალზე, ვინც გვერდით უდგას, რათა ის კარგად გამოიყურებოდეს, თავს კარგად გრძნობდეს – ამით კაცი საკუთარ არჩევანს სცემს პატივს. ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება. იმას არ ვამბობ, რომ კაცმა მე ყველაფერი უნდა გამიკეთოს და მე ანალოგიური – არა, როგორც კაცი დებს ურთიერთობაში რესურსს, ისე უნდა ჩადოს ქალმაც, მაგრამ მე მიყვარს დომინანტი მამაკაცები. თუ პაემანზე კაცი მეტყვის, რომ ორივემ თანაბრად ავიღოთ ფინანსური ვალდებულებები, მოდი, ასეთი მამაკაცი, კარგად იყოს, რა (იცინის).

– რთულია შენთვის სასურველი მამაკაცის პოვნა?

– ძალიან (იცინის). საქართველოში, ძირითადად, ძუნწი მამაკაცები გვყავს. თუმცა, იმედს არ ვკარგავ (იცინის).