“დიასახლისობაც კარგად გამომდის და დამოუკიდებლად ცხოვრებაც”

103

ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე არასოდეს ჩერდება. მუდამ ისწრაფვის თავისი მიზნისკენ და ოცნებებიც გვიან, მაგრამ ნელ-ნელა უსრულდება. ამაში მას შრომისმოყვარეობა ეხმარება. მის ცხოვრებაში არაერთხელ იდგა რთული მომენტები, თუმცა ესეც გადალახა და ახლა ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

გიორგი ნაზღაიძე: ვინც ჩემს ცხოვრებას ადევნებს თვალს, იცის, რომ ჩემს ცხოვრებაში წარმატება მოდის მხოლოდ მაშინ, როცა ამ წარმატების მიღწევაში დიდი შრომა მაქვს ჩადებული. დიდი შრომის გარეშე იშვიათია, ადამიანმა წარმატებას მიაღწიო. საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვედრას რომ ამბობენ, ჩემს შემთხვევაში ასეც რომ მოხდეს, შემდგომ მაინც დიდი შრომა მჭირდება, რომ ეს ყველაფერი დავამტკიცო და ვაჩვენო, რომ მე ნამდვილად ღირსი ვარ ამ წარმატების. საბოლოო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ ჩემთან ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად მოდის.

– საბოლოო ჯამში, ეს შრომა რამდენად გიფასდება?

– ჩემი შრომა ნაწილობრივ მიფასდება, რადგან არიან ადამიანები, ვინც შრომას რაღაც მიზეზის გამო არ გიფასებენ. უფლის მადლობელი ვარ, რომლის დამსახურებითაც მაქვს ყველაფერი და რასაც მივაღწიე – მხოლოდ ჩემი მონდომებისა და შრომის ფასად. ასე რომ, მხოლოდ შრომა არ არის, ზემოდანაც წყდება ეს ყველაფერი. თუმცა, იღბლიანი ვარ ბევრ რაღაცაში – გამიმართლა ოჯახში, მეგობრებში…

– ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები. როგორი ცხოვრება გამოიარე და რამდენად ხშირი იყო დაღმავლობა და წარუმატებლობა თუ პირიქით?

– ოცდათვრამეტი წლის ვარ და ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე, ასვლა-ჩასვლებითაა სავსე. როცა ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი არასტაბილურია, ალბათ, სხვანაირად ვერც იქნები და წარუმატებლობები და დაღმავალი პერიოდები გარდაუვალია, თუ გავლენიანი მშობელი არ გყავს და მილიონები არ გაქვს. თუ შენით წვალობ და შრომობ, ხშირად არის არასტაბილური მდგომარეობა, მით უმეტეს, თუ გინდა, ცხოვრებაში ყოველთვის მეტს და მეტს მიაღწიო. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო აღმავალ-დაღმავალი პერიოდები, მაგრამ არასოდეს გავჩერებულვარ. თუ დაღმავალი პერიოდი დგას, უნდა ეცადო და იქიდან ამოხვიდე, თუ აღმავალი პერიოდი დგას, უნდა იცოდე, რომ სულ ასე არ იქნება.

– რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ, ხომ არ გაშინებს ცვლილებები და რამდენად შეგიძლია, პრობლემებსა და წინაღობებს თვალი გაუსწორო?

– დიდად არ მიყვარს, სტაბილურობა მირჩევნია, მაგრამ ცვლილებების არ მეშინია. თუ დადგა პერიოდი, როცა ვხვდები, საჭიროა, რაღაცები შევცვალო, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართოს, ამას ვაკეთებ და ვცვლი. როცა იდგა დაღმავალი პერიოდი, ვცდილობდი, რადიკალურად შემეცვალა ყველაფერი. მაგრამ, როცა აღმავალი პერიოდი მედგა, ვცდილობდი, უფრო წინ მევლო და უფრო მეტისთვის მიმეღწია. დღემდე ასე ვარ.

– გიორგი, როდის იდგა შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?

– ყველაზე რთული პერიოდი რამდენიმე წლის წინ იდგა, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით მოხდა ჩემი დაბლოკვა ტელევიზიაში. თუმცა, ამ ამბიდანაც ჩემი შრომითა და ბევრი წვალებით მაინც ვიპოვე გამოსავალი. ჩემი სიმართლე მაინც დავამტკიცე.

– რა ეტაპები გაიარე და ახლა რა ეტაპზე ხარ?

– ძალიან ბევრი ეტაპი გავიარე და ახლა იმ ეტაპზე ვარ, ისევ რომ უნდა განვვითარდე და ისევ იმისთვის უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემს მიზნებს მივაღწიო. არასოდეს ვჩერდები და ეს აქტიურობაა ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპი. ღრმა სიბერეშიც კი მექნება მიზანი, რომლისთვისაც ვიმოქმედებ, ვიშრომებ და ვიწვალებ. თუ არ არსებობს მიზანი, ადამიანი „იშლები“, შინაგანად უინტერესო ხდები, ჩათვალეთ, ცხოვრება დასრულებულია. მიზნით ხარ ადამიანი რეალიზებული და მოქმედი.

– ახლახან ბინა შეიძინე და დამოუკიდებლად დაიწყე ცხოვრება. თავად აკეთებ სახლის საქმეებს თუ გეხმარება ვინმე?

– ბევრი წელი დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, რადგან რაღაც პერიოდი ცხოვრება მომიწია ამერიკაში, თურქეთში, უკრაინაში. დაახლოებით ოთხი თვეა, რაც ცალკე გადავედი საცხოვრებლად. ვიყიდე ბინა, დავასრულე რემონტი, მოვაწყვე ჩემი გემოვნებით და მშვიდად დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება. ყველაზე მეგობრული ოჯახი მაქვს, მაგრამ რაც არ უნდა კარგად იყო მშობლების გვერდით, დგება ასაკი, როცა ადამიანმა ცალკე უნდა იცხოვრო. ზოგადად, ცხოვრება ძალიან რთულია და რაც უფრო ადრე შეეჩვევი დამოუკიდებლად ცხოვრებას და პასუხისმგებლობას შენს თავზე აიღებ, მომავალში მით უფრო გაგიადვილდება ყოფა. სახლი სრულიად ჩემი გემოვნებით, კომფორტულად მოვაწყვე, ჩემი უძვირფასესი ადამიანების რჩევით. არის პატარა სახლი, მაგრამ ყველა სივრცე ათვისებულია, ლამაზ ფერებში გადაწყვეტილი. რომ შემოვა ადამიანი, სახლური სიმშვიდის აურას გრძნობს და ამიტომ, ყველას უყვარს ჩემთან მოსვლა. თავად ვალაგებ, ვასუფთავებ და საჭმელსაც მე ვაკეთებ. კვირის ბოლო მაქვს გამოყოფილი, სახლის სრულად დალაგებისთვის და გადასარევად ვართმევ თავს. ასე რომ, დიასახლისობაც კარგად გამომდის და დამოუკიდებლად ცხოვრებაც. დაღლილი რომ მივდივარ ჩემს მყუდრო, პატარა სახლში, სულიერად ვისვენებ. სახლი არის ჩემთვის რელაქსის სივრცე, სადაც მიხვალ, დაწვები და დაისვენებ, რომელიც ყოველთვის მინდოდა და ახლა მაქვს. ბევრი წლების მერე ავიხდინე ეს ოცნება.

– გავიგე, შენს კარიერულ ცხოვრებაში სიახლეა: ახალ გადაცემას იწყებ…

– დიახ, გეთანხმებით, ახალი გამოწვევის წინაშე ვდგები, ახალი გადაცემით, ახალი ფორმატით, ახალ ტელევიზიაში. ახალი ყოველთვის კარგია და იმედია, სექტემბრიდან ახალ გადაცემაში მიხილავთ. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, ვადასტურებ. სულ მალე კი, ყველა ყველაფერს გაიგებს.

– როგორც მივხვდი, ზაფხულში დაისვენებ და ახალი ძალებითა და ენერგიით შეუდგები მუშაობას ახალ პროექტზე.

– დიახ, ამ ზაფხულს მეგობრები უცხოეთში ვაპირებთ დასვენებას, ზღვისპირა ტურისტულ სივრცეში. მერე, აუცილებლად ჩემთან აგარაკზე, ფასანაურში დავისვენებ და ამის მერე კიდევ რამდენიმე ლოკაცია მაქვს შერჩეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დავისვენებ, ძალებსაც აღვიდგენ და შემოდგომით მიხილავთ ჩემი ახალი გადაცემით.