რატომ არ სჭირდება მერიემ გოგაშვილს ღარიბი მამაკაცი და როგორ აღმოჩნდა ის მარტო

212

მერიემ გოგაშვილს უკვე კარგად ვიცნობთ, რადგან ორგზის „პრაიმ ჰაუსელია“, თუმცა, მის ცხოვრებაში კიდევ ბევრი რამ არის, რაზეც მხოლოდ ამ ინტერვიუდან შეიტყობთ.

მერიემ გოგაშვილი: „პრაიმ ჰაუსსში“ მეორედ შესვლა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. ძალიან მარტივად მივიღე ეს გადაწყვეტილება. რატომაც არა?! მესამე სეზონში იმდენი „ჰეითი“ და დაძაბულობა გავიარე, იმის ფონზე, ახლა ძალიან მსუბუქად ვგრძნობდი თავს, საერთოდ არ მადარდებდა. თუმცა, მერე მივხვდი, რომ არ უნდა შევსულიყავი, აღარ ჰქონდა ისეთი ხიბლი, როგორიც თავიდან. თითქოს, მეხუთე სეზონში ჩემი ბრძოლა აღარ იყო. ამიტომ ყველაფერი გავატარე, ყველას ყველაფერი ვუთხარი, ყველა გავლანძღე… არც იმათ დამინდეს (იცინის). სიმართლე რომ ვთქვა, წამოსვლა მინდოდა და ეს რომ გავაანალიზე, თითქმის ყველას დავუარე, შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი-მეთქი, რამაც იმხელა კონფლიქტები გამოიწვია, მე რომ მეძინა, მაინც ჩემთან დაკავშირებულ თემებს განიხილავდნენ. რა ვქნა, გველი ენა მაქვს.

– სხვათა შორის, ხშირად გიწერენ კომენტარებში, როგორი გველგესლაა, რა მწარე ენა აქვსო და ასე შემდეგ..

– კი, გელაძუას მეძახიან. წინა სეზონში მერი ბებო ვიყავი, ამ სეზონზე წამწამებიანი გველაძუა გავხდი (იცინის). ერთს წავგესლავდი და მერე პოლემიკაში აღარ შევდიოდი, დაუხოციათ ერთმანეთი (იცინის). უნდა დაჯდე და იღადაო, როცა ისინი შენი ნათქვამის გამო ერთმანეთს ეჩხუბებიან (იცინის). მხოლოდ ერთი მომენტი იყო, რომელიც სენსიტიურად შემეხო, მაგრამ რადგან ვვარდებოდი, რომ დავფიქრებულიყავი, კიდევ უარესს გავაკეთებდი (იცინის). ნიკოს ეშინოდა, მის გვერდით საძინებელში რომ მეძინა, ჩემს ცოლს რამე არ მოსწიოსო (იცინის).

– პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საშიში პიროვნება ხარ…

– ასეა (იცინის). ამ სეზონზე ხალხისგან დიდი მხარდაჭერა მივიღე. მესამე სეზონზე ასე არ იყო. აბსოლუტურად ყველა გამოკითხვაში ვლიდერობდი, თუმცა გამოვვარდი. ყველაფერი ხდება. მეგონა, გამიჭირდებოდა, მაგრამ არა, თითქოს დავისვენე, იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, უკვე მინდოდა, ასე მომხდარიყო.

– როგორი ხარ რეალურ ცხოვრებაში? მართლა წამწამებიანი გველაძუა არის შენი რეალური სახე?

– არა, არ არის (იცინის). ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი რამ გადავაფასე. უფრო დავაფასე ურთიერთობები. რეალურად ძალიან კეთილი ვარ, მეგობრობაში გულსა და სულს მოგცემ, ყველაფერს გავაკეთებ. რამე რომ არ შემეძლოს, მაგრამ შენ გჭირდებოდეს, მაინც გაგიკეთებ, აუცილებლად. რეალურ ცხოვრებაში საერთოდ სხვა ტიპი ვარ, მაგრამ სარკაზმი და ირონია მაინც მახასიათებს. არ მიყვარს რამის შელამაზება. მირჩევნია, ყველაფერზე პირდაპირ გითხრა, ვიდრე ვაზელინი ვიყო და გეპირფერო. თუ მემეგობრები, მემეგობრები ასეთს.

– რეალურ ცხოვრებაში ხდება, თუ ხდება, კონფლიქტები და ამ დროს დაუნდობელი ხარ?

– რა თქმა უნდა. შურისძიება ძალიან ტკბილია, მაგრამ ყველაზე არ უნდა იძიო შური. ზოგს ცხოვრება მიხედავს, კარმა თავისას აკეთებს, ზოგზე კი ხელიც არ უნდა გაისვარო. ზოგს, უბრალოდ, უნდა დაანახვო, ვინ ხარ და მიახვედრო, რომ შენთან თამაში არ გამოუვა. ამისთვის შეიძლება, რაღაც ერთი-ორი გააკეთო, მეტი არ არის საჭირო. მე ცხელ გულზე არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. ფაქტები, მოვლენები, მოწინააღმდეგის შეფასება მეხმარება, სწორად წარვმართო ჩემი ქმედებები. რეალურად, ცხოვრება ყველაზე დიდი თამაშია, შეიძლება, ძალიან გამოგწუროს და მზად უნდა იყო ყველაფრისთვის.

– შენ როგორი პოზიციები გაქვს ამ თამაშში, რასაც რეალური ცხოვრება ჰქვია?

– თუ ცხოვრებას ბოლომდე არ გამოწურავ, თვითონ გიხმარს ძალიან მაგრად. ამიტომ მის რიტმს ფეხი უნდა აუწყო. მე ვფიქრობ, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ჭკვიანი მოთამაშე ვარ. ვიცი, როდის უნდა დავდგე წინ, როდის უნდა დავიხიო უკან, ვის დავარტყა, ვის არა – ეს ცხოვრებაა და აქ დაგროვილი გამოცდილება გაძლევს კარგ ან ცუდ შედეგს.

– ნათქვამი გაქვს, მიყვარს, როცა მამაკაცი ხელისგულზე მატარებსო. რას ნიშნავს შენთვის ხელისგულზე ტარება?

– ყველა ქალს უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ, ყურადღების ცენტრში ჰყავთ, სითბოს იჩენენ, მაგრამ ზრუნვა მატერიალურ მზრუნველობაშიც გამოიხატება. როდესაც მამაკაცი ძალიან ბევრ რამეს გიკეთებს: გამოგზაურებს, გყიდულობს, რაც გინდა – ეს არის ხელის გულზე ტარება. თუ მამაკაცი მატერიალურად შემდგარი არ არის, მე მასთან ურთიერთობა არ მექნება.

– ერთ დღესაც ღარიბი ბიჭი რომ შეგიყვარდეს, რას შვრები?

– არა, არ იქნება ასეთი სიტუაცია (იცინის). როდესაც რაღაც პრობლემა მაქვს და მამაკაცი მიგვარებს, ამაზე ვგიჟდები. მატერიალური მდგომარეობის შემდეგ ამას ვაქცევ ყურადღებას. შენ რომ შენს პრობლემაზე ეტყვი და ის ძალიან მშვიდად გიპასუხებს, მორჩა, მოგვარებულია… მამაკაცი რომ პრობლემებს უთქმელად გიგვარებს, ამაზე კარგი რა არის?! რაც შეეხება სიღარიბეს, მამაკაცი უნდა შრომობდეს. მამაკაცი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის. ჯერ თვითონ უნდა მოსწონდეს საკუთარი თავი და მერე უკვე ზრუნავდეს იმ ქალზე, ვინც გვერდით უდგას, რათა ის კარგად გამოიყურებოდეს, თავს კარგად გრძნობდეს – ამით კაცი საკუთარ არჩევანს სცემს პატივს. ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება. იმას არ ვამბობ, რომ კაცმა მე ყველაფერი უნდა გამიკეთოს და მე ანალოგიური – არა, როგორც კაცი დებს ურთიერთობაში რესურსს, ისე უნდა ჩადოს ქალმაც, მაგრამ მე მიყვარს დომინანტი მამაკაცები. თუ პაემანზე კაცი მეტყვის, რომ ორივემ თანაბრად ავიღოთ ფინანსური ვალდებულებები, მოდი, ასეთი მამაკაცი, კარგად იყოს, რა (იცინის).

– რთულია შენთვის სასურველი მამაკაცის პოვნა?

– ძალიან (იცინის). საქართველოში, ძირითადად, ძუნწი მამაკაცები გვყავს. თუმცა, იმედს არ ვკარგავ (იცინის).

– ახლა რა ხდება?

– მარტო ვარ და სხვათა შორის, არ მომწონს. ორი წელია, სრულიად მარტო ვარ. დედა ემიგრაციაში მყავს, მამა გარდაცვლილია. ძალიან მაკლია ზრუნვა, ყველა პრობლემას მარტო ვაგვარებ და ვგრძნობ, რომ მჭირდება ადამიანი, რომელსაც დავეყრდნობი და რომელიც ჩემზე იზრუნებს.