რა სასწაულების მომსწრეა დავით ბუშურიშვილი და როგორ გახდა ის 16 წლის ასაკში ხევისბერი

99

დავით ბუშურიშვილი ყველაზე ახალგაზრდა ხევისბერი გახლავთ. ის 16 წლის იყო, როდესაც ეს პასუხისმგებლობა დააკისრეს. ამასთან ერთად, დავითი სტიქაროსანიცაა.

დავით ბუშურიშვილი (ალავერდის ეპარქიის სოფელ ფშაველის წმინდა ევსტათი მცხეთელის ტაძრის სტიქაროსანი და სოფელ ლალისყურის ხევისბერი): თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის პერიოდში აქტიურად ვეცნობოდი სხვადასხვა რელიგიის ისტორიას და მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებამ ისე დამაინტრესა, რომ გადავწყვიტე, ამ გზას გავყოლოდი. დაახლოებით, 16 წლის ასაკში ალავერდის საკათედრო ტაძარში წავედი და აქედან დაიწყო ჩემი სასულიერო ცხოვრება.

– როდის გახდით წყაროსთავის წმინდა გიორგის ტაძრის ხევისბერი (ხევსურებში და ფშავებში), ანუ ხატის დეკანოზი (თუშებში)?

– ჩემს გვარს მთიდან აქვს ფესვები. ჩვენი გვარის წინაპრები ხევსურეთიდან გადმოსახლებულან ლალისყურში. 16 წლის გახლდით, როდესაც ჩემი სოფლელების თხოვნით, წინა ხევისბერის შემდეგ ეს პასუხისმგებლობა მე გადმომაბარეს. ეს ოთხი წლის წინ მოხდა. ჩვენთან ხევისბერი ხატის დეკანოზად იწოდება, თუმცა, ეს საერო წოდება გახლავთ. დეკანოზი, როგორც სასულიერო წოდება, კი სხვაა.

ხევისბერს, ანუ ხატის დეკანოზს დიდი პასუხისმგებლობები აკისრია. მოგეხსენებათ, ძველად, ხევისბერი პირველი მიდიოდა ლაშქრობაში. დღეს ეს საჭირო აღარ არის, თუმცა, კიდევ ბევრი და დიდი პასუხისმგებლობებია დარჩენილი.

– ძველად ხევისბერი ასაკოვანი და დიდი გამოცდილების ადამიანი ხდებოდა. თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ჩაგიბარებიათ ეს პასუხისმგებლობა.

– დიახ. ეს წყალობა გახლავთ ღვთისა თავს არ ვიქებ, როგორც ჩემი თანასოფლელები ამბობენ, ჩემი სულიერი ცხოვრებისა და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს ასე. ეს გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა და ხალხმა მიიღო. პირველი ვარ, ვინც ეს პასუხისმგებლობა ამ ასაკში აიღო, რაც ბევრს უკვირს, რადგან ეს არ არის მარტივი. განსაცდელის დროს ადამიანს უნდა დაეხმარო, ნუგეში მისცე, ყველა სიტყვა მოზომილი თქვა, რომ არ დააბრკოლო ადამიანი. შენი ქცევა უნდა შეშვენოდეს ხევისბერისას. უნდა შეგეძლოს, აღელვებული ადამიანები დააშოშმინო, უნდა ეცადო, სწორად იცხოვრო, ზედმეტი არაფერში მოგივიდეს და ასე შემდეგ.

– პარალელურად სწავლობთ?

– დიახ, სტუდენტი ვარ. გრემის სასულიერო სემინარიაში ვსწავლობ, მეორეკურსელი გახლავართ. მანამდე კოლეჯი დავამთავრე. საქმე ისაა, რომ თავიდან მშობლებმა წინააღმდეგობა გამოთქვეს ჩემს სემინარიაში ჩაბარებასთან დაკავშირებით. მშობლის ურჩობა დიდი ცოდვაა და ამიტომ მათ ნებას დავყევი – სოფელ კაჭრეთში კოლეჯ „აისში“ ჩავაბარე, ხის მხატვრულ დამუშავებაზე. ეს ხელობა ვისწავლე, პარალელურად კი, ეროვნულებისთვის ვემზადებოდი და მადლობა უფალს, მშობლებიც დამთანხმდნენ სემინარიაში ჩაბარებაზე.

– წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები როგორ აღმოჩნდა თქვენს სოფელში?

– წლების წინ მამა ანგელოს კოკოლიშვილი გავიცანი, რუის-ურბნისის ეპარქიის ძამას წმინდა ხეობის სოფელ ელბაქიანთ კარის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარი. მან გადმოსცა ჩვენს სოფელს ეს სიწმინდე წინა წლის გიორგობას. მისი დამსახურებით ჩამობრძანდა ჩვენთან წმიდა გიორგის წმიდა ნაწილები. მაშინ ხალხი ზეიმითა და დიდი სიხარულით დახვდა. უამრავი ადამიანი მოვიდა სიწმინდის პატივსაცემად. მამა ანგელოსის შემწეობით, ჩვენი სოფლის ტაძარში ინახება, ასევე, წმიდა ნიკოლოზის სხეულის ნაწილი, რომელიც მან იტალიიდან ჩამოაბრძანა და მასთან ერთად, იმ საფლავის ქვის ნაწილიც, სადაც პირველად ესვენა წმიდა ნიკოლოზი.

– რა სასწაულებრივი ისტორიები უკავშირდება ამ წმიდა ნაწილებს?

– ჩვენს სოფელში წმიდა გიორგის სახელობის მეშვიდე-მერვე საუკუნეების ეკლესია დგას. ის წმიდა ადგილად ითვლება. გადმოცემით ვიცით, რომ ტაძრის მთავარი საკურთხეველი წმიდა გიორგის წმინდა ნაწილზე დგას. ამ ადგილს არაერთი სასწაული უკავშირდება და საიდან აღარ მოდიან მოსალოცად. შეპყრობილი ადამიანიც განკურნებულან აქ. ეს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს. მაგალითად, ერთი ისტორია მახსენდება: ეშმაკეულით შეპყრობილი ბავშვი ძალიან იტანჯებოდა თავისი მდგომარეობით. ყველგან ჰყოლიათ სამკურნალოდ, მაგრამ უშედეგოდ და ბოლოს გადაუწყვეტიათ, რომ რუსეთში წაეყვანათ.

იქ მიმავლებს გზად წმინდა გიორგი გამოცხადებიათ და ჩვენს სოფელში მოუყვანია სალოცავად. ბავშვი აქედან გამოჯანმრთელებული წაუყვანიათ. რაც შეეხება, ბოლო პერიოდს – წმინდა გიორგის წმინდა ნაწილების მობრძანებასთან ერთად, სასწაულები გახშირდა. არაერთი ასეთი ისტორია მომისმენია აქაურების თუ ჩვენს სოფელში მოსალოცად ჩამოსული ადამიანებისგან. როდესაც წმინდა გიორგის ნაწილები ჩვენთან მობრძანდა, მალევე იყო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა ტაძარში სალოცავად და შესაწირად. ტაძარში სანაწილე რომ შევაბრძანე და მღვდელმა პარაკლისი დაიწყო, სანაწილის გარშემო სასწაული ატმოსფერო შეიქმნა, თითქოს, ლოცვით წმინდანებთან ერთობაში შევედით.

ჩვენს სოფელში სასმელი წყალი ძალიან ჭირდა. საშინელ მდგომარეობაში იყვნენ მცხოვრებლები. ჩვენი სოფლის მფარველად წმინდა გიორგი ითვლება და სწორედ მას შევთხოვე, სასმელი წყალი მოეცა ჩვენთვის. ძალიან მალე მოგვარდა ეს პრობლემა, როცა მანამდე დიდხანს ვწვალობდით. ეს დიდი სასწაული იყო.

ერთი ქალბატონი დამიკავშირდა. მითხრა, რომ სასიკვდილო ჯადო ჰქონდა გაკეთებული და დიდ შფოთვებში იყო. წმინდა გიორგის ნაწილი გამოვაბრძანე, პარაკლისი აღვავლინე და ეს ქალი გამოჯანმრთელდა. შემდეგ ვთხოვე, თავისი მაწყევარისთვის ელოცა. როგორც იცით, არც სიკეთე და არც ბოროტება უკვალოდ არ ქრება. ცუდიც და კარგიც უკან აუცილებლად დაგიბრუნდება.

სიწმინდე ოჯახებშიც დაბრძანდება და არაერთი ადამიანი განუკურნებია. მაგალითად, ჩემი მეგობრის დედას კიბო ჰქონდა. მართვით სუნთქვაზე ჰყავდათ, ძალიან მძიმედ იყო. მეგობარმა მთხოვა, მისთვის მელოცა. ორ დღეში მოხსნეს ხელოვნური სუნთქვიდან, გამოკეთდა და ძალიან იყო გახარებული.

ერთი ქალბატონი იყო ჩვენთან მოსალოცად, წმინდა გიორგის წმინდა ნაწილებზე ლოცულობდა. განიცდიდა, რომ უფულოდ დარჩა, უამრავი ვალით. როგორც მიყვებოდა, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა დრო რომ გავიდა, ამ ქალბატონმა, უზომოდ მადლიერმა, სახლში მომაკითხა. მითხრა, რომ წელიწადნახევარის წინ სახლიდან წასული მისი შვილი, წმინდა გიორგის წმინდა ნაწილების მოლოცვიდან ორი დღის შემდეგ საზღვარგარეთიდან ოჯახში დაბრუნებულა ფულით. ვალებიც გადაუხდიათ და ამოუსუნთქავს ოჯახს.

სასწაულები წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილსაც უკავშირდება და ეს ისტორიები ტაძარში მისი შებრძანებისთანავე დაიწყო. როდესაც ტაძარში წმინდა ნაწილები და წმინდა ნიკოლოზის ხატი შევაბრძანეთ ენით აღუწერელი კეთილსურნელება დადგა. ეს სუნი წმინდა ნაწილებს ავარდა და მთელი ტაძარი გაიჟღინთა, რაც ყველა იქ მყოფმა იგრძნო და კიდევ უფრო აღვივსეთ რწმენით.