“ფეხით რაღაცას შევეხე და ვიგრძენი ბავშვის სხეული იყო“ – ახალგაზრდა კაცმა ჭაში ჩავარდნილი ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა

404

საჩხერეში, სოფელ არგვეთში 3 წლის ბავშვი 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა. დემეტრე ჭიდან მეზობელმა, ნუგზარ კიპაროიძემ ამოიყვანა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. “საზოგადოება საჩხერელი” სოციალურ  ქსელში საჩხერეში მომხდარ გასაოცარ ისტორიაზე ინფორმაციას ავრცელებს :

სასწაულებრივად გადარჩენილი სიცოცხლე, ანუ ჩვენი დროის გმირები

„ჰეი, ვინ მოდის, მანდ მომავლიდან!“

შოთა ნიშნიანიძის ამ შეძახილის შემდეგ არაერთმა მომავლიდან მოსულმა ქართველმა ჩაიდინა გმირული საქციელი სხვათა სიცოცხლის გადარჩენისთვის.

გუშინ, 21 აგვისტოს, მათ რიცხვს შეემატა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის მკვიდრი ნუგზარ კიპაროიძე.

კეთილად დასრულებული ეს სამწუხარო ამბავი კი ამგვარად მოხდა: სამწლინახევრის ლამაზი, გონებაგახსნილი, ონავარი ბიჭი, დემეტრე კიპაროიძე მეზობელ თანატოლთან, სოფოსთან გადავიდა სათამაშოდ.

ბებია ლამზირამ, სანამ ბავშვს მიაკითხავდა, განწირული კივილი გაიგონა  – არიქა, გვიშველეთ, ბავშვი ჭაში ჩავარდაო.

მყისვე ჩავიდა 18 მეტრი სიღრმის ჭაში დემეტრეს მამა, გიორგი, ეძება, ვერ იპოვნა და სასოწარკვეთისაგან განადგურებული ამოვიდა.

ახლა გიორგის მეგობარი ნუგზარ კიპაროიძე გაუჩინარდა ჭაში და ცოტა ხნის შემდეგ უსულო ბავშვის სხეულით ამობრუნდა.

ნუგზარ კიპაროიძე: „ჩავყვინთე, ვეძებე, სანამ სუნთქვა არ შემეკრა. ამოყვინთვა რომ დავაპირე, ფეხით რაღაცას შევეხე და  ვიგრძენი ბავშვის სხეული იყო.“

საჩხერის სამედიცინო ცენტრის სასწრაფო დახმარების ექიმებმა, განსაკუთრებით რეანიმაციის განყოფილების გამგემ, მამუკა ახვლედიანმა  ყველაფერი იღონეს , რომ ბავშვის გაჩერებული გული ამუშავებულიყო. მერე რეანომობილი, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა და…

პატარა დემეტრეს მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.