“ოთხი ცხოვრება ვიცხოვრე და აბსოლუტურად სხვა თამო ვარ ახლა”

126

თამო ვაშალომიძე ახლა ცხოვრების იმ ბედნიერ ეტაპზეა, როცა გვერდში საყვარელი მეუღლე უდგას, შვილებით ხარობს, საკუთარი ბიზნესი აქვს და ირგვლივ სანდო ადამიანებიც ჰყავს. მისი თქმით, ოცნებები ნელ-ნელა უსრულდება და სულ მალე, ბავშვობის ყველაზე ნანატრი ოცნებაც აუხდება, რომელზეც წინასწარ საუბარი არ სურს. ახლახან, თამოს დაბადების დღე ჰქონდა, რომლის გადახდა ვერ მოახერხა და ეს დაბადების დღე, როგორც თავად ამბობს, მიუხედავად ცუდი მოგონებისა, მაინც არასოდეს დაავიწყდება.

თამო ვაშალომიძე: ახალი წელი უფრო მიყვარდა, ვიდრე ჩემი დაბადების დღე. მახსოვს, ბავშვობაში, უფრო დიდები ერთობოდნენ, ქეიფობდნენ და ვერ აღვიქვამდი რომ ჩემი დაბადების დღე იყო. საჩუქრები კი მოჰქონდათ – „ბანბანერკები“ და „მადონას“ ჭურჭელი (იცინის). ასე რომ, ახლანდელი დაბადების დღეები უფრო მომწონს და მიყვარს, ვიდრე ბავშვობის. ყოველ ჩემს დაბადების დღეზე რომ წლები მემატება, ამას არ განვიცდი, შეგუებული ვარ, ვიცი, ვერ შევცვლი. რა თქმა უნდა, უნდა მოგვემატოს. მთავარია, როგორ უვლის ქალი თავს და როგორ იცვამს. ზოგადად, ჩაცმას დიდი მნიშვნელობა აქვს გარეგნობაში. თუ თავს მოუვლი და მიხედავ, წლები არ დაგეტყობა. ხუთი წელი ხდება, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ ცდილობს, ჩემს დაბადების დღეზე განსაკუთრებულად და დედოფლად მაგრძნობინოს თავი. მან შემაყვარა ჩემი დაბადების დღე, თავისი სიურპრიზებით, განცდებით, ემოციებით.

– წელს შენს დაბადების დღეზე ეს გრანდიოზულობა და ემოცია არ იყო, რადგან ცუდად იყავი. რა მოხდა?

– 12 ივლისს, პეტრეპავლობას მაქვს დაბადების დღე და მე და ჩემი ქმარი ყოველთვის ვცდილობთ, გრანდიოზულად აღვნიშნოთ ეს დღე. ბოლო წლებია, ამ დღეს, ძირითადად, უცხოეთში ვართ. წელს მიზანი დავისახე, რომ ყველაფერი უნდა გადავდო, დასვენება იქნება ეს, დაბადების დღე თუ უცხოეთში ვიზიტები და ჩემი კომპანიის გაფართოებაზე ვიზრუნო. უფრო ბიზნესპრიორიტეტები წამოვწიე წინ. ყოველ ახალ წელს ვაჯამებ განვლილს და აღმოჩნდა, რომ ბიზნესის განვითრებისა და ჩემი ფოტომოდელობის კუთხით, გასული წელიწადით არ ვიყავი კმაყოფილი. ამიტომ, წელს ჩემი დაბადების დღე არა უცხოეთში, არამედ ბათუმში დავგეგმეთ. გვინდოდა, ჩვენ ორს, ზღვის ფონზე, წყნარად, მშვიდად, რომანტიკულად გაგვეტარებინა დრო, მაგრამ არ გამოვიდა – ჩემმა ქმარმა თავისი მეგობრები დაპატიჟა, ჩემი დაქალიც ჩამომიყვანა თბილისიდან. რესტორანი დაჯავშნეს, ყველაფერი მოაგვარეს, მაგრამ 11-ში, ღამე, სამი სხვადასხვა შამპანური დავლიე და მოვიწამლე. 12-ში თვალი ვერ გავახილე, თავბრუ მეხვეოდა. სამი გადასხმა გამიკეთეს და ასე ჩემს დაბადების დღეს წვეთოვნებზე შეერთებული შევხვდი. არც ზღვაზე გავსულვარ და არც რესტორანში მივსულვარ. ტორტიც კი არ გამიჭრია. ასე რომ, წელს ყველაზე ცუდი დაბადების დღე მქონდა. მერე ვამბობდი: შინაგანად იმდენად არ მინდოდა გადახდა, ალბათ, ამიტომაც მოხდა ასე-მეთქი. მეგობრები მეუბნებიან: ალბათ, თვალი გეცაო (იცინის). თვალისა და კარმის მჯერა, მაგრამ ფაქტია, ეს დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება. თან, მე ვარ ადამიანი, რომელიც არ სვამს, არ ეწევა და იშვიათად დავდივარ კლუბში განსატვირთად, ისიც მხოლოდ უცხოეთში. ფხიზლად მიყვარს ცხოვრება და ალბათ, ჩემი ორგანიზმი მიუჩვეველი რომ არის სასმელს და მშიერ კუჭზე დავლიე, მოვიწამლე. თუმცა, ფოტოს გადაღება ვარდისფერ კაბაში და ტორტთან მოვასწარი (იცინის). სხვათა შორის, წლევანდელი დაბადების დღე იმით იყო განსხვავებული, რომ ჩემმა შვილებმა პირველი საჩუქარი მიყიდეს – გულის ფორმის კულონი. ეს ოცლარიანი სამკაული, ჩემთვის უდიდესი და შეუფასებელი საჩუქარია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვატარებ.

– თქვი, ბიზნესგეგმებს უნდა მოვახმარო მთელი ჩემი ენერგია და დროო. დასვენებას არ აპირებ?

– დასვენება გეგმაში არ მაქვს. ბავშვები უნდა წავიყვანო ბაკურიანში და უბრალოდ, მათ უნდა გავყვე. სექტემბერში კი იტალიაში ვიზიტი მაქვს დაგეგმილი, სადაც მიწვეული ვარ და ამ ღონისძიებისთვის ვემზადები. ამიტომ, ამ ზაფხულს არ მექნება დრო, სადმე წავიდე და დავისვენო.

– რომ ამბობენ, წლების თანაცხოვრების შემდეგ, წყვილს შორის სიყვარული ხუნდება და ცხოვრებაში სხვა ფერები შემოდისო, ამაზე რას იტყვი?

– არიან წყვილები, ერთად რომ იღვიძებენ, ტელევიზორთან ატარებენ დროს, ვახშმობენ… ჩვენ სულ გვენატრება ერთმანეთი და სულ შეყვარებულების რეჟიმში ვართ. იმდენად დატვირთული, ფაქტობრივად, ვერ ვნახულობთ ერთმანეთს. ის თავის საქმეებზეა, მე – ჩემს საქმეებზე და არ გვაქვს ერთმანეთის მობეზრების დრო. შინაგანად სტაბილური და მშვიდი ადამიანი ვარ და ვცდილობ, ეს სტაბილურობა და სიმშვიდე, ურთიერთობებშიც დომინირებდეს. მიყვარს სხვებზე ზრუნვა და ვცდილობ, ვინც გვერდით მყავს, ბედნიერები იყვნენ. სიყვარულის გარეშე არანაირი ურთიერთობა არ შემიძლია. იმავდროულად, ვარ მშრომელი და დამოუკიდებელი. არ შემიძლია, უსაქმურად, სხვაზე დამოკიდებული ცხოვრება.

– ძალიან რთული ცხოვრების გზა გამოიარე და დღემდე შენი შრომითა და წვალებით მოხვედი. ახლა, როცა ბედნიერი ხარ და უკან იხედები, რა გრძნობა გაქვს?

– ხანდახან მინდა, იმ პატარა თამოს, რომელიც სოფელში ცხოვრობდა, ვუთხრა: არაფერზე არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არის და ტყუილად ნერვიულობდი-მეთქი. იმ საყვარელ, პატარა გოგოს გავამხნევებდი, რომელიც ხის ტოტზე იჯდა და ჟურნალისტობაზე და ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობდა. ალბათ, ოთხი ცხოვრება ვიცხოვრე და ოთხი სხვადასხვა თამო ვიყავი. რომ ვუყურებ ჩემი ცხოვრების „თამოებს“, ახლა აბსოლუტურად სხვა თამო ვარ. უკან რომ ვიხედები, იმდენი რამ მოხდა ჩემს თავს, არ მჯერა, რომ მე ვარ ის ადამიანი. ახლა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე ვარ, რადგან უდიდესი მოვალეობა მაკისრია – ჩემი შვილების აღზრდა. მინდა, ისე გავზარდო და იმდენი სიძლიერე, განათლება და ნერვები მივცე, რაც მე არ მქონდა. ანუ, რაც მე მაკლდა, მინდა, ჩემს შვილებს ჰქონდეთ. აქვე გეტყვით, რომ ფოტომოდელობის კუთხით, ისეთი რამ მოხდა, რისთვისაც დიდი ხანია, ვიბრძოდი და ვშრომობდი – შანსი მაქვს, ის ოცნება ავიხდინო, რა ოცნებაც ბავშვობიდან მქონდა. მეტს ვერაფერს გეტყვით (იცინის). რაც შეხება ჩემს კომპანიას, ბევრი პროდუქტი ემატება და შეიძლება, ჩემი პროდუქცია, იტალიაშიც გავიტანო იმპორტზე.