“აუცილებლად უნდა შემშლოდა ის, რაც შემეშალა”

114

ციცინო კობიაშვილის “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის ციცინო კობიაშვილი?

ციცინო კობიაშვილი: ერთი პატიოსანი და ჩვეულებრივი ადამიანი. მიყვარს ჩემი ღმერთი, ჩემი ოჯახი, ქვეყანა და საქმე.

– როგორია თქვენთვის საოცნებო ცხოვრება?

– მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში. დაგვანებონ თავი ამდენმა შინაურმა თუ გარეულმა მტერმა. წინ წავიდეს ყველაფერი, რომ ჩვენ თუ არა, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ჰქონდეთ დალაგებული ცხოვრება. არ უწევდეთ იმაზე ფიქრი, თუ როგორ იცხოვრონ ხელფასის აღებიდან ერთი კვირის შემდეგ.

– გულჩვილი ადამიანი ხართ?

– ძალიან გულჩვილი ვარ. მიხარია თუ მწყინს, ყველაფერზე მეტირება, ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ეს ხანდახან ხელსაც მიშლის.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– ყველაფერს ისე განვიცდი, დღესაც რომ რამე ცოტა ემოციური მითხრან, ცრემლები წამომივა. ფეხბურთი ავიღოთ, ჩვენმა ბიჭებმა მეც, როგორც მთელი საქართველო, სიხარულის ცრემლებით მატირეს (იცინის).

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– ძალიან ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი. ფულში არ არის ბედნიერება. მე მეშინია დიდი ფულის. არ ვიცი, რა უნდა ვუქნა. ალბათ, გავცემდი. რა თქმა უნდა, საკუთარ ოჯახზეც ვიზრუნებდი, მაგრამ, ძირითადად, სიკეთეს მოვახმარდი. გარშემო ბევრს ჩვენზე მეტად უჭირს და მე მრცხვენია ხოლმე გაჭირვებაზე და ჩემს შემოსავალზე ვისაუბრო, როდესაც სხვების უარეს მდგომარეობებს ვხედავ. ძალიან მინდა, ჩემს ქვეყანაში ასეთი გაჭირვებული არავინ იყოს. გული მისკდება ქუჩაში მათხოვრების დანახვაზე. ყველა წუთში რომ განცხადებებს ვისმენთ და ვკითხულობთ იმ ადამიანების შესახებ, ვისაც სიცოცხლის გადასარჩენად, თუნდაც, ერთი ლარი ესაჭიროება, როგორია? ნუთუ ეს არ დამთავრდება? ნუთუ არ გვექნება ისეთი ჯანდაცვა, რომ ადამიანებს ასეთ აუცილებელ საკითხებზე არ უწევდეთ დარდი. ამიტომ, თუ დიდი ფული მექნებოდა, ჯანდაცვაში ჩავდებდი.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– არ მიფიქრია ამაზე. ისიც მყოფნის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასე თუ ისე, უხარიათ და უყვართ ჩემი სპექტაკლები. ნამდვილად არ მინდა, მსოფლიო მასშტაბით რომ გავლენიანი ვიყო. მე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს მაყურებელს უხაროდეს ჩემი სპექტაკლის სანახავად მოსვლა და რომ ნახავს, სითბო და სიყვარული წაიღოს. მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა ასე არ მოდის. ამისთვის სხვა თვისებები უნდა გქონდეს.

– რა მიგაჩნიათ თქვენს შეცდომად?

– ძალიან ბევრჯერ შევმცდარვარ, ალბათ, როგორც ყველა ადამიანი. მე ამ შეცდომებზე ვისწავლე, გავიზარდე და რომ არა ის ტკივილები, რაც ამ შეცდომებმა მომიტანა, შეიძლება, არ ჩამოვყალიბებულიყავი ისეთად, როგორიც ვარ. ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს და ალბათ, აუცილებლად უნდა შემშლოდა, ის, რაც შემეშალა.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…

– პრაღაში მივფირინავდით. მაშინ ადლერიდან იყო ფრენა. მე, ჩემი მეუღლე და მეგობარი ვიყავით. ადლერში მანქანით ჩავედით და აღმოვაჩინე, რომ საბუთები, ვიზა და ვალუტა, სახლში დამრჩა, ჩემიც და ჩემი მეუღლისაც – ყველაფერი ერთ ჩანთაში მედო. იქ დაიწყო მთელი ამბავი. წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა? 3 საათში მიფრინავდა თვითმფრინავი. ატყდა ამბავი. შევედით აეროპორტის უფროსთან, რომელიც ქალი გახლდათ, ჯერ კარგად მიმალანძღა, მერე მითხრა, შემიძლია, ხვალინდელ რეისზე გადაგიცვალოთ ბილეთებიო. მაშინ მობილურები არ იყო. გავიქეცით ფოსტაში, დავრეკე დედასთან, მაგრამ მე ლაპარაკი არ შემეძლო, ნერვიულობისგან მეტყველების უნარიც წართმეული მქონდა და ჩემმა მეუღლემ აუხსნა მდგომარეობა. დედა გავარდა ჩემთან სახლში, მერე აეროპორტში, იპოვა ჩარტერული რეისი, მგზავრი, რომელსაც დიდი ძაღლი მოჰყავდა, რომ ჩვენთვის ადვილი საპოვნელი ყოფილიყო და ეს ყველაფერი გამოატანა. საბუთები იმ დღესვე ჩამოგვივიდა და მეორე დღეს გადავფრინდით პრაღაში. პრობლემა მოგვარდა, მაგრამ ეს ამბავი ლაქად მადევს მთელი ცხოვრება (იცინის). რამეზე ჭკვიანურად ლაპარაკს რომ დავიწყებ ხოლმე, ჩემი მეუღლე და მეგობარი მეუბნებიან, შენ გაჩუმდი, შენ ხმა არ ამოგეღებაო (იცინის).

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– იტყვიან ხოლმე, ყვავილს უყვარს მოპარვაო (იცინის). ჰოდა, ყვავილები მომიპარავს, სახლში წამომიღია და გამიხარებია.

– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, სიმართლეს ეტყვით?

– ჩემს მეგობარს არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი, მაგრამ იმ ქმარს დედას ვუტირებ, კედელზე ავაწებებ. ჩემს მეგობარს არავითარ შემთხვევაში არ მოვუკლავ გულს.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა თუ გადაგხდენიათ?

– ჩემი მეუღლე კარგა ხანი, სანამ ჩვენ შორის რამე დაიწყებოდა, ტურასავით დამყვებოდა უკან (იცინის). ყველგან იყო, სადაც წავიდოდი. არც იმას მეუბნებოდა, არც ამას, მაგრამ დამყვებოდა. ვეუბნები, კაცო, გამაგებინე, რა გინდა ჩემგან, რატომ დამყვები, დაცვა ხარ ჩემი, მეგობარი, შეყვარებული თუ ვინ, არ ვიცი და მითხარი-მეთქი. როგორ, ხომ გასაგებია, რომ მიყვარხარ და იმიტომ დაგყვებიო. მერე, შე დალოცვილო, რამე თბილი სიტყვა არ უნდა მითხრა-მეთქი? ჩაუცქრიალდა თვალები იუმორით და მეუბნება: „ფეჩი“ (იცინის). მოსაბრუნებული გავხდი, ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო ეს ყველაფერი (იცინის). არტისტი მაინც არტისტია.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ყოველდღე ვცდილობ, ჩემს თავზე გავიმარჯვო. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემს თავს ვაჯობო. ასაკის მატებასთან ერთად, მით უმეტეს. 68 წლის ვარ. 60 წელს ზემოთ თითოეული წელი ნაჩუქარია უფლისგან. ბედნიერი უნდა იყო, რომ ცოცხალი და საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული ხარ. ცხოვრებაში ამაზე დიდი განძი არ არსებობს, ჩემთვის არ არსებობს, არ შემიძლია, ან ფიზიკურად კარგად ვერ ვარ. ცუდად ყოფნას თვალს არ მოვუხუჭავ და არც თითს მოვუკაკვავ. შემიძლია თუ არა, თავს შემოვუძახებ და საქმეს ვაკეთებ. საქმეზე გადამაქვს ყურადღება. ორი თიაქარი მაქვს ხერხემალზე. უფრო სწორად, მქონია, არც ვიცოდი. შარშან ისე „გამჭედა“, ვერ ვმოძრაობდი, ხელით დავყავდი ოჯახის წევრებს. თურმე, ასეთი რამეც შეიძლება დაგემართოს ადამიანს. ამ დროს გაგანია რეპეტიციები მქონდა. საშინელ დღეში ჩავვარდი. კიბეზე ასვლა–-ჩამოსვლა, ადგომა-დაწოლა, წარმოუდგენლად მიჭირდა, ამიტომ ვიტყვი, რომ ყველა წამში ვიმარჯვებდი საკუთარ თავზე. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ ავად ვიყავი და ვეღარ წავიდოდი ჩემი საქმის გასაკეთებლად. არცერთი წამით არ გავჩერებულვარ. პარალელურად, დავდიოდი კვლევებზე, ექიმებთან, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერმა მიშველა. მერე ვეძებე ალტერნატიული გზები და აღმოვაჩინე არაჩვეულებრივი ნევროლოგი, რომელიც ყურზე ელექტროიმპულსებს აკეთებს. თურმე ასეთი მეთოდიც არსებობს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ გამწარებული რომ ხარ ადამიანი და არაფერი გშველის, რაღა გზა გაქვს, ესეც ვცადე. ჩემს მეუღლეს მივყავდი ხელით მასთან და მეათე პროცედურის შემდეგ ჩემი ფეხით რომ ჩამოვიარე დაღმართზე, მივხვდი, რომ ფეხზე წამოვდექი. მიუხედავად იმ მდგომარეობისა, შინაგანად არცერთი წამით არ დამიშვია, რომ ავად ვიყავი და ამის გამო რამეზე უარი უნდა მეთქვა. როდესაც განსაცდელია, ათმაგი მოტივაცია მეძლევა. მიმაჩნია, რომ ადამიანმა სანამ პირში სული გიდგას, ენდა იბრძოლო, ებრძოლო, პირველ რიგში, საკუთარ ტკივილებს, უზნეობებს და საერთოდ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, უნდა ეცადო. დიდ განსაცდელში ჩავარდნილი, არავინ ვიცით, რას ვიზამთ, ღმერთმა ყველას გვაშოროს, მაგრამ ჩემი პატარა განსაცდელების დროს, შევძელი ჩემი თავისთვის მეჯობნა.

რაც შეეხება მარცხს, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთიც, ძალიან დიდი ტკივილი, განცდები. მგონებია, რომ ყველაფერი დამთავრდა, მიფიქრია, ხვალ საერთოდ გათენდება ნეტავ?! გასულა დრო და მივმხვდარვარ, რომ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო. უფალმა ყველაზე კარგად იცის, რა არის ჩვენთვის საჭირო და საშველი. შეიძლება, ისე გატკინოს ერთი წუთით, გეგონოს, რომ მორჩა ცხოვრება, ამ ტკივილს ვერ გადაიტან, მაგრამ გადაიტან, გავა დრო, უკან მოიხედავ და მიხვდები, რომ ღმერთმა გადაგარჩინა. ეს იმდენჯერ გამომიცდია ცხოვრებაში, რომ ახლა თამამად შემიძლია ამის თქმა. ზოგჯერ, ის, რაც დღეს მარცხი გგონია, ყველაზე დიდ გამარჯვებად გექცევა.

– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?

– ყველაზე დიდი, რაც ამქვეყნად შევქმენი, ჩემი ოჯახია, ჩემი ბუდე, სადაც ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით, ძალიან გვიყვარს და ყველაფერს ერთმანეთისთვის ვაკეთებთ. ძალიან ვამაყობ ჩემი საქმითაც და საკუთარი თავითაც. მე ეს ყველაფერი, როგორც რეჟისორმა, ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგად მოვიპოვე. ჯერ სცენაზე ვიდექი და მერე გამიჩნდა რეჟისორობის სურვილი. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, ბევრმა ვერ გამიგო, ვერც ჩემმა მეუღლემ, რატომ უნდა ჩამებარებინა სარეჟისოროზე და თავიდან მესწავლა. ამის გამო სერიოზული კონფლიქტებიც გვქონდა, მაგრამ არავის შევეპუე. დამცინოდნენ ხოლმე კოლეგები, რა დროს შენი სტუდენტობაა, გიჟი ხარო, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან საკრალური თემა იყო და არის. ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ პროფესია, სამსახური, ეს პირდაპირ ჩემს გულზე გადის და ამაყი ვარ, რომ წინააღმდეგობების მიუხედავად, უკან არ დავიხიე, საქმე ბოლომდე მივიყვანე და დღეს ამ პროფესიაში ვარ.