როგორი სიურპრიზი გაუკეთა ალექსანდრე ზაზარაშვილმა დედას დაბადების დღეზე

107

მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა დედას განსაკუთრებული სიურპრიზი გაუკეთა. უსაყვარლესი დედა-შვილი ამის შესახებ თავად მოგვიყვებიან.

გულიკო ეგნატაშვილი: საერთოდ არაფერი ვიცოდი ალექსანდრეს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. საბუთს ელოდა და მომავალში რომ ჩამოვიდოდა, ეს, რა თქმა უნდა, ვიცოდი, მაგრამ ახლა ვერც კი წარმოვიდგენდი. მთელი ეს დრო უცნაური შეგრძნება მქონდა. ალექსანდრეს ვეუბნებოდი, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მალე უნდა ჩაგეხუტო-მეთქი, მაგრამ არა, დედა, რას ამბობ, ჯერ ვერ ჩამოვალო, მპასუხობდა.

ალექსანდრე რომ კონკურსებზე გადიოდა, მე უცნაური წინათგრძნობა მქონდა ხოლმე. ყოველთვის ასე იყო და ახლაც ვეუბნებოდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქვს, როგორიც შენი კონკურსებზე გასვლის დროს მქონდა და ვერ ვხვდები, რა მჭირს-მეთქი. დამარწმუნა, რომ აგვისტოს ბოლოსთვის გასაუბრება უნდა ჰქონოდა და ვერაფრით ვერ ჩამოვიდოდა, რომ ჩემი შეგრძნებები ამჯერად ცდებოდა. ამის მიუხედავად, მე ოჯახის ყველა წევრს ვეუბნებოდი, შინაგანად ვერ ვგრძნობ თავს კარგად, რაღაც ხდება-მეთქი. იმ დღესაც, სახლი დავალაგე და ალექსანდრეს საყვარელი კერძების მომზადება დავიწყე. მეკითხებოდნენ, რა გჭირს, რა ხდებაო და ვპასუხობდი, არაფერი, უბრალოდ, მინდა, ასე მოვიქცე-მეთქი. ამასობაში, დავიღალე და საღამოს წამოვწექი. ამ წლების განმავლობაში, რაც ალექსანდრე ამერიკაში ცხოვრობს, ხშირად მომჩვენებია მისი ხმა, თითქოს მეძახდა ხოლმე, დედაო. იმ საღამოსაც, წამოწოლილი ვარ, დაღლილი და სახლის უკანა ფანჯრიდან ალექსანდრეს სიმღერა მესმის. ვიფიქრე, მელანდება-მეთქი და მთელი სხეული გამეყინა. პირი გამიშრა, გული ამიჩქარდა. ავდექი და მაინც, ნელ-ნელა ფანჯარასთან მივედი. უცხო მანქანას ვხედავ და ლუქიდან ალექსანდრეს თმები ჩანს. ძალიან შემეშინდა, მეგონა, მართლა მომელანდა და კივილი ავტეხე. ალექსანდრე მეუბნება: დედა, ნუ გეშინია, მე ვარო. გავგიჟდი, ღმერთო, აღარ ვიცოდი რა მექნა. წამების განმავლობაში ათასმა აზრმა გამიელვა: პირდაპირ ფანჯრიდან ხომ არ გადავიდე, რომ მალე მივიდე ჩემს შვილთან, მოკლე გზა ესაა-მეთქი. კინაღამ ცუდად გავხდი. მერე რომ ჩამეხუტა და ხელში ამიტაცა, მართლა შოკში ვიყავი. ისე ცუდად გავხდი, მერე მაგრად ვეჩხუბე (იცინის). ასეთი რამ რატომ გამიკეთე, ასეთ ემოციებში ჩამაგდე-მეთქი. ძალიან მინდოდა, აეროპორტშივე დავხვედროდი, მაგრამ აჩრდილივით დამადგა თავს (იცინის).

– სავარაუდოდ, დედის დაბადების დღისთვის დააჩქარა ჩამოსვლა და მომიყევი, როგორი დაბადების დღე გქონდა?

– ახლაც მეტირება, რომ ვიხსენებ. 14 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ დაბადების დღეს საერთოდ არ ვიხდიდი. ნათქვამი მქონდა, ალექსანდრეს გარეშე არც არასდროს აღვნიშნავ-მეთქი. წელს ყველა გავაფრთხილე, სიტყვიერადაც არ მომილოცოთ, თორემ ძალიან მეწყინება-მეთქი. ძალიან აგრესიულად ვიყავი განწყობილი ჩემი დაბადების დღე რომ მოდიოდა. თუმცა, თურმე, წინ რა მელოდა. ამდენი წლის შემდეგ, წელს მოხდა პირველად, რომ მე და ალექსანდრე ერთად ვართ ჩემს დაბადების დღეზე. ჩემმა მეგობრებმა და საყვარელმა ადამიანებმა საოცარი საჩუქარი გამიკეთეს, რესტორანი დახურეს და ალექსანდრემ კონცერტი ჩამიტარა. გვერდით მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდა. ალექსანდრემ და ნაიკომ იმღერეს, ორივემ ერთად წაიყვანეს მთლიანად ჩემი დაბადების დღე. ტორტი, ფეიერვერკები… მოკლედ, გრანდიოზული დღესასწაული მომიწყვეს და გულწრფელად ვამბობ, რაც დავიბადე, ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე წელს მქონდა. ვინც მიყვარდა, ყველა ჩემ გვერდით იყო. მთელი დაბადების დღე ბედნიერებისგან ვტიროდი. დედაზე მიძღვნიდა სიმღერებს და ემოციებისგან და ამხელა სიხარულისგან ცუდად ვიყავი. ასეთ რამეს ვერაფრით წარმოვიდგენდი. ვიდექი, სცენას ვუყურებდი და ვფიქრობდი: ღმერთო, რამხელა ბიჭია ჩემი შვილი-მეთქი და ტირილით ვკვდებოდი. ცამდე ამიყვანეს ბედნიერებისგან.

– დიდი ხანი არ არის გასული, მას შემდეგ, რაც საქართველოში იყო.

– ჰო, დიდი ხანი არ გასულა. პირველად ცოტა ხნით იყო ჩამოსული და რომ მიდიოდა, მითხრა, დედა, კარგა ხანი ვეღარ გნახავო. რთულ საბუთს ელოდა, კაციშვილმა არ იცის, როდის მომივა, შეიძლება 3-4 წელი გავიდეს მოლოდინშიო. თურმე, მოუვიდა პასუხი და არ მითხრა. მარტო მამაჩემმა იცოდა ამის შესახებ, ისიც, რომ ალექსანდრე ჩამოდიოდა. უფიქრია, ასე მოულოდნელად რომ დაინახავს შვილს, ცუდად არ გახდესო და რომ მოვიდა ალექსანდრე, თვითონ გახდა ცუდად. სასწრაფო გამოვიძახეთ. ის ჩემზე ნერვიულობამ გახადა ცუდად, ძალიან ემოციურია და არაფერი დაემართოსო, განიცდიდა თურმე.

ალექსანდრე: წინა ჩამოსვლაზე მინდოდა დედასთვის ამ სიურპრიზის გაკეთება, ვფიქრობდი, რომ მოულოდნელად ჩამოვსულიყავი, გაფრთხილების გარეშე, მაგრამ რადგან ოთხი წელი იყო გასული ჩემი წასვლიდან, ვიფიქრე, ვინმე ცუდად არ გახდეს-მეთქი და ამიტომ, ყველას წინასწარ ვუთხარი, სამაგიეროდ, ამჯერად შევძელი ჩანაფიქრის განხორციელება. ძალიან მინდოდა, დედაჩემის დაბადების დღეზე აქ ვყოფილიყავი. ამის შემდეგ ჩემი დაბადების დღეც იყო და დიდი სურვილი მქონდა, ეს დღე ოჯახთან ერთად გამეტარებინა. უბედნიერესი ვარ, რომ ეს შევძელი. ძალიან კარგი დღე გამოვიდა, ყველას ჩემი საყვარელი საჭმელების გაკეთება დავავალე (იცინის). მეგობრების, ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღვნიშნე სახლში და გულწრფელად გეტყვით, რომ ამ მომენტს ოთხი წელი ველოდი.

წინა ჩამოსვლაზე, იმდენად გადაჩვეული ვიყავი აქ ყოფნას, ამერიკაც მომენატრა, თან აქ მინდოდა, თან – იქ. იქაურობა ახლაც მენატრება, მაგრამ ახლა მშობლიური სახლის სიტუაცია იმდენად კარგად შევიგრძენი და გავიხსენე, იმდენად ვტკბები აქაურობით, რომ უფრო რთულია წასვლა. ზაფხულის ბოლოს, სექტემბერში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ მოულოდნელად საქმეები გამომიჩნდა და მალე მიწევს. თუმცა, ისეთი დამუხტული მივდივარ, რომ ალბათ, მთებს გადავდგამ (იცინის).