“თუ ადამიანი საფრთხეს მიქმნის, დედას ვუტირებ”

85

მომღერალი ბორის ბედია ზოდიაქოთი მორიელია. ვნახოთ, არის თუ არა ის ამ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი.

– მორიელი მამაკაცები ადვილად იპყრობენ ქალის გულს, უყვართ მათთვის სიურპრიზების გაკეთება და ამისთვის ფულს არ იშურებენ…

ბორის ბედია: მხოლოდ ფული არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, ადამიანი მოგეწონოს და მასაც მოეწონო. მორიელობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ფულს იყენებ ქალის გულის მოსაგებად. მე მჯერა ზოდიაქოსი, მაგრამ მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია. ზოგი ასეთია, ზოგი – ისეთი.

რაც შეეხება ქალის გულის ადვილად დაპყრობას, ესეც ინდივიდუალურია. მე მომღერალი ვარ და შეიძლება, ზოგის გული დავიპყრო, ზოგის კი – ვერა. ყველასთვის საყვარელი ვერ იქნები. არც არის საჭირო, ყველას უყვარდე. მთავარია, ვისაც საჭიროა, იმას ვუყვარვარ. თუ ვიღაცებს არ ვუყვარვარ, ეს არ არის პრობლემა. მთავარი ერთი რამ არის – შეიძლება, ადამიანი არ გიყვარდეს, მაგრამ ზოგადად, თუ მისთვის კარგის გაკეთება არ შეგიძლია, ცუდი, მით უმეტეს, არ უნდა გაუკეთო.

– ვერ იტანენ უარს და არ მიდიან კომპრომისზე…

– მოდი გულახდილად ვთქვათ, მოგეწონა ადამიანი და მას არ მოეწონე, რა თქმა უნდა, ეს არ გესიამოვნება, მაგრამ როცა ვხვდები, რომ ადამიანს არ მოვწონვარ, მეც აღარ მომწონს, ვკარგავ მის მიმართ ინტერესს. თუ ის ვერ ხედავს ან აიგნორებს ჩემს კაცობას, მაშინ ჩემგანაც იგნორს მიიღებს. ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანს სიკეთეში გავეჯიბრო.

თუ ადამიანი იტყვის, რომ ცხოვრებაში უარი არ მიუღია, ესე იგი, მაგრად იტყუება, მაგრამ უარის გამო არ უნდა დაიბოღმო და არ გაბოროტდე.

– მათთვის ცხოვრებაში პირველ ადგილს სექსი იკავებს.

– რა თქმა უნდა, ეს უპირველესი არა, მაგრამ ერთ-ერთი სერიოზული პირობაა. ერთ-ერთი იმიტომ, რომ ადამიანთან ურთიერთობას პირდაპირ სექსით ვერ დაიწყებ. ჯერ უნდა გაიცნო, დაუმეგობრდე, მერე მოდის სიყვარული, სექსი და ასე შემდეგ. ამის გარეშე, აბა, როგორ, ცხოველები ხომ არ ვართ?! ადამიანები ვართ. ერთჯერადი ურთიერთობები კი, რა ვიცი, გასართობი ცენტრი ხომ არ არის. კი, როგორ არა, მეც მქონია ერთჯერადი ურთიერთობები, უცხოეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ ასეთი რამეები ჩემთვის უკვე აღარ არის საინტერესო. ახლა ვცდილობ, ჩემი მეორე „მე“ ვიპოვო, შევხვდე ადამიანს, რომელიც ჩემი თანამგზავრი იქნება. უფრო ოჯახისკენ ვიხრები, მეოჯახე ტიპაჟი ვარ და ამ ასაკში, ჯანსაღ და წმინდა ურთიერთობებს ვანიჭებ უპირატესობას. ყველა ასაკს თავისებური შეხედულებები ახასიათებს. სად 20-25 წლის და სად 35 წლის ადამიანის ფიქრები.

– მორიელები ძალიან ამბიციურები არიან, უყვართ საკუთარი თავის და შესაძლებლობების დემონსტრირება…

– გააჩნია სიტუაციას. შეიძლება, მოხვდე ისეთ წრეში, სადაც არ შეუძლიათ ნიჭის შეფასება და მათთან არც ღირს თავის გამოჩენა, ვერ გაიგებს მათი ინტელექტი. სადაც გამოსაჩენია, სადაც ნიჭიერების აღქმა შეუძლიათ, იქ მაქსიმალურად უნდა გამოიჩინო თავი. აჩვენო ის, რისი უნარიც ღმერთმა მოგცა. სწორი ამბიცია ყველა ჯანსაღ და თავმოყვარე ადამიანს აქვს, მთავარია ამპარტავანი და მედიდური არ იყო. ეს დამღუპველია. ვინ არ შემცდარა, ასეთი მომენტები ყველას გვქონია, მაგრამ მთავარია, კარგი მიმართულებით იმუშაო. თავმდაბლობა საჭიროა, მაგრამ ყველასთან არა. დღეს საქართველოში ყველასთან თავმდაბალი არ უნდა იყო. შენი თავმდაბლობა ვიღაცამ შეიძლება, სისულელედ ჩაგითვალოს. მოკრძალებულობას ან ქალთან ჯენტლმენობას თუ იჩენ, ზოგი უკვე სხვანაირად გიყურებს. არის ადამიანების კატეგორია, ვინმე რომ ეუხეშება, ეს მოსწონთ. მე არ შემიძლია, ქალს ვეუხეშო. პირიქით, ყველასთან კარგად ვიქცევი.

– ყველა ტიპის ურთიერთობაში უზომოდ მესაკუთრეები და ძალიან ეჭვიანები არიან. საკუთარი თავის გარდა არავის ენდობიან.

– კუროც მინახავს ისეთი ეჭვიანი, რომ მორიელი მიმიქარავს. თუ ადამიანი საეჭვოდ იქცევა, ესე იგი, ჩემი ეჭვი გამართლებულია, მაგრამ უმიზეზოდ დავიწყო ადამიანზე ეჭვიანობა, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მოვლენებს ობიექტურად შევხედო. ზოგჯერ ადამიანის გამოხედვაც გაცდენს, ზოგს ისეთი შესახედაობა აქვს, რომ ეჭვს იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ერთგულია. საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობი. ცხოვრებაში ბევრი ადამიანის მიმართ მაქვს რწმენაც და ნდობაც.

საერთოდ, ამბობენ, რომ მორიელები გამომძიებლები ან ისტორიკოსები უნდა იყვნენ. ძალიან მაგარი გამომძიებელი ვიქნებოდი, მაქვს შესაბამისი თვისებები და ისტორიაც ძალიან მიყვარს.

– ძალიან მწარე და გესლიანი ენა აქვთ. მიეკუთვნები ასეთი მორიელების რიცხვს?

– მივეკუთვნები, მაგრამ მე არასდროს ვარ კონფლიქტის წამომწყები. არც შარიანი ტიპი ვარ. თუ ვხედავ, ვიღაცისგან პროვოკაცია მოდის და ეს ჩემს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, დედას ვუტირებ, გავანადგურებ. თუ პატარა შეხლა-შემოხლაა, დიპლომატიურად მივუდგები, ავუხსნი, დავამშვიდებ. დიპლომატია ყოველთვის ძალიან მეხმარება, მაგრამ თუ ადამიანი შეუვალია და საფრთხეს მიქმნის, მართლა დედას ვუტირებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩხუბის ინიციატორი მე არასდროს ვარ. გესლიან ენას რაც შეეხება, კი, ეს ჩემთვისაც არის დამახასიათებელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე მართალი უნდა ვიყო.

– მორიელები მანიპულატორები არიან და სასურველი მიზნის მისაღწევად საოცარი ინტრიგების დახლართვა შეუძლიათ…

– მოვიტყუები, რომ ვთქვა, ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამიკეთებია-მეთქი. თუმცა, ვინმესთვის ბოროტება არ გამიკეთებია და ჩემ გამო სხვისი საქმე ცუდად არ წასულა. ღმერთმა დამიფაროს ამისგან. არ მიყვარს ინტრიგები და ზურგს უკან რაღაცების ხლართვა. ასეთი რამ არცერთ კაცს არ შეეფერება. სამწუხაროდ, ჩვენს შოუბიზნესში დღეს ბევრია ასეთი.

მე მიყვარს სიმართლე და ერთგულება. ადამიანში მხოლოდ სიკეთეს ვეძებ. სულ სამი ძმაკაცი მყავს, ვისაც სიცოცხლეს ვანდობ, ჩემნაირი ჯიგარი ხალხია, ღმერთმა დამიფაროს ვთქვა, მილიონი ძმაკაცი მყავს-მეთქი. ამას რომ ამბობს, ის ადამიანი ძალიან საშიშია და უნდა გაერიდო, ესე იგი, ყველასთან თამაშობს. კაცი მართალი და ბუნებრივი უნდა იყოს, სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა როლს არ უნდა ირგებდეს.