“ჩემი შეყვარებული ხშირად მეკითხება, რონალდინიო თამაშის დროს სულ იცინის, შენ რატომ არ იცინიო?”

355

ალბანეთთან გამართულ მატჩში  ქოჩორამ თავისი გოლით ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ალბანელებს თავისი “ჯოჯოხეთი” მშრალზე დარჩათ.

შრომისმოყვარეობით ცნობილი გიორგი ქოჩორაშვილი კი, თავის ინტერვიუებში საკმაოდ გულწრფელად გვიამბობს საკუთარ თავზე, ფსიქოტიპს გვიხატავს და ვიგებთ, რომ ის მოაზროვნე ფეხბურთელია.

დათო გორგილაძესთან ინტერვიუში ქოჩორა არაერთ საინტერესო რამეს ამბობს. მსუბუქად ეხება თავის შეყვარებულს, სანდრა მენდოსასაც.

“ბურთი ჩემი ცხოვრებაა და როდესაც დავფიქრდი, რა ჰქონდა ჩემთვის ბურთს გაკეთებული, მივხვდი, რომ ის მეგობრები, რომლებიც მყავს, ის ენები, რომლებიც ვისწავლე, ქვეყნები, რომლებიც მოვიარე, საკვები, რომელიც გავსინჯე, წარმატება და წარუმატებლობა, რომელიც ყოველდღიურად მქონდა, მისი მოტანილია; ამ ბურთისგანაა. ეს უბრალო სიყვარული კი არა, ეს ჩემი ცხოვრებაა. 

მახსოვს, სახლში მისული რონალდინიოს სკილებს ვუყურებდი იუთუბიში. მერე ვცდილობდი მეც იგივე გამეკეთებინა. ფეხბურთი მან შემაყვარა. 

ფეხბურთი მაგიდასავითაა, რომელსაც ოთხი ფეხი აქვს – ფეხბურთი არის ტაქტიკა, ტექნიკა, ფსიქოლოგია და ფიზიკური მომზადება. 

ახლა მივხვდი, რომ ფეხბურთი უფრო მეტად გონებრივი თამაშია, ვიდრე ფიზიკური. სწრაფად ფიქრობ და იცი, ტექნიკა სად გამოიყენო, სად უნდა დაარტყა, პასი სად მისცე; ეს თავიდან იმართება; გონების ჩართვაა საჭირო სწორად რომ  გადაწყვიტო, რა მოიმოქმედო. არ უნდა იყო შებოჭილი, თავისუფლება უნდა გქონდეს, რისი პოვნაც ძნელია. თავისუფლებას რომ პოულობ, სტადიონზე უკვე გსიამოვნებს შენი საქმის კეთება.

ჩემი შეყვარებული ხშირად მეუბნება, აი, რონალდინიო თამაშის დროს სულ იცინის, შენ რატომ არ იცინიო? მე ენერგიას ვხარჯავ კონცენტრაციაზე, დისციპლინაზე. რონალდინიოსთვის თავისუფლებაა მთავარი, რომ მერე მოედანზე ისიამოვნოს. მე კონცენტრაცია მინდა, რომ მთელი გონებით იქ ვიყო. 

როდესაც მარტო ვიყავი, სანდრაც არ არის ყოველთვის ჩემთან ერთად, ვიტანჯებოდი იმაზე ფიქრით, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი გავმხდარიყავი. ეს იყო მეორე გუნდში ყოფნისას ლევანტეში. ნაკრებში რომ არ მიწევდა თამაში, იმ დროს. თითქოს ყველაფერს ვაძლევდი ფეხბურთს და ის არ მიბრუნებდა სიყვარულს. მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, ფეხბურთს მოსაცემი აღარაფერი აქვს, მან უკვე მომცა ყველაფერი. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი ასე მხვდება. ის შრომა რაც ჩადებულია, ღირდა...” – გიორგი ქოჩორაშვილი.