ანა ქავთარაშვილი – იტალიაში მოღვაწე ქართველმა საოპერო მომღერალმა ზაფხულის არდადეგები სამშობლოში გაატარა. ეს ზაფხული მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, თუ რატომ – ამაზე იგი თავად მოგვიყვება.
ნანა ქავთარაშვილი: ზაფხულის დღეები მშობლიურ ყაზბეგში გავატარე, სადაც ჩემი მშობლები და წინაპრები ცხოვრობდნენ. აქ მყავს ნათესავები, ოჯახის წევრები და მარიამობას ერთად შევხვდით, სამებაში ავედით. ხან ჩანჩქერზე ვართ, ხან – წყაროზე, სუფთა ჰაერზე და ძალიან ბედნიერი ვარ.
– ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე საქართველოში?
– თითქმის ყოველ წელს ჩამოვდიოდი. ოპერის თეატრიდანაც და არა მხოლოდ დასასვენებლად. კონცერტი იქნებოდა თუ სპექტაკლი, აქ ვიყავი, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა და ოთხი წელი ვეღარ ჩამოვედი. ყაზბეგში ექვსი წელია, არ ვყოფილვარ და აქედან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებით ბედნიერი ვარ. ძალიან მონატრებული ვიყავი. უკვე 30 წელია, იტალიაში ვცხოვრობ, მაგრამ სამშობლოს მონატრება არასდროს მინელდება.
– 90-იანებში, როდესაც საქართველოს ტოვებდით, შეგეძლოთ, წარმოგედგინათ, რომ მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, დიდ ვარსკვლავებთან ერთად იდგებოდით და უდიდეს წარმატებას მიაღწევდით – შეიძლებოდა მაშინ ამაზე ოცნება?
– მე ნამდვილად ვოცნებობდი, მაგრამ რამდენად განხორციელდებოდა, ეს არავინ იცოდა. როცა მიზანი გაქვს და მისკენ მიდიხარ, უკან არ იხევ. ადვილი არაფერია, ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა დამჭირდა უცხო ქვეყანაში, თან მარტო. იქ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ხარ, მაგრამ მთავარია, ფარ-ხმალი არ დაყარო და რწმენით წინ წახვიდე. მიუხედავად იმისა, რომ სტუნდენტი ვიყავი და ეკონომიურად წელშიც არ ვიყავი გამართული, უკან არ ვიხევდი. ჩემს კოლეგებს, რომლებსაც იტალიაში შეძლებული ოჯახები ჰქონდათ, უკვირდათ, როგორ ოცნებობ დიდ მომღერლობაზე, როცა მხოლოდ სტიპენდიით ცხოვრობო?! ვიტყოდი ხოლმე, ნახეთ, თუ არ გავხდები-მეთქი. ძლიერი რწმენა მქონდა. შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი. გამიმართლა კიდეც, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ლეგენდარული ტენორის, კარლო ბერგონცის მოსწავლე ვიყავი, შემდეგ რენატა სკოტო მასწავლიდა. დღეს ისინი გარდაცვლილები არიან, მაგრამ ეს ადამიანები ლეგენდები იყვნენ. მე მათ გამიკვალეს გზა. რომ დაინახეს სხვა ქვეყნიდან მარტო ვიყავი ჩასული, სტიპენდია დამინიშნეს, ძალიან მეხმარებოდნენ. ასევე, მეხმარებოდნენ ბუსეტოს, იმ ქალაქის მცხოვრებლები, სადაც ვცხოვრობდი. მათ ძალიან შემიყვარეს. რენატა სკოტომ გამიკვალა გზა თეატრებისკენ. დააფასა ჩემი ხმა და მონაცემები. კარლო ბერგონციმაც რომ მოისმინა ჩემი შესრულება, მაშინვე აღნიშნა, ამ გოგოს დიდი მომავალი აქვსო. მათი დამსახურება ჩემს წარმატებაში დიდია. მათი ხელშეწყობით დაიწყო ჩემი საერთაშორისო კარიერა.
ასე იქცა ჩემი ოცნებები რეალობად. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამით ვკმაყოფილდები. მინდა, უფრო მეტს მივაღწიო. ყველა ხელოვანმა იცის თავის შესაძლებლობების დონე. გული გწყდება, როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია, მეტს იმსახურებ, მაგრამ ყოველთვის არ გამოდის ისე, როგორც წარმოგიდგენია. მე კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე, ჩემი ადგილი დავიმკვიდრე როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს.
– გახასიათებთ თავის დადანაშაულება იმის გამო, რომ ოჯახი აქამდე არ შექმენით?
– ცოტათი კი. როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ამაზე არ ვფიქრობდი. თავი დავზოგე ჩემი კარიერისთვის. არ მინდოდა, ხელი შემშლოდა. ძალიან რთულია, ისეთ ადამიანს შეხვდე, რომელიც ყველაფერში ხელს შეგიწყობს. თუ ოჯახის შექმნით პრობლემები შეგექმენა, თუ სიყვარულს აჰყვები და ყველაფერს მიატოვებ, არც კარიერა გექნება და მიუხედავად ასეთი დათმობისა, ვერც ოჯახი შედგება. სულ სინანულში იქნები იმის გამო, რომ კარიერა მიატოვე. იშვიათობაა ისეთი ადამიანი, ვინც ისე დაგიდგება გვერდში, რომ კარიერაში ხელი არ შეგეშალოს. ამიტომ ვარჩიე კარიერისთვის მიმეხედა, არანაირი ოჯახი და შეყვარებული. ახლა ცოტათი ვნანობ, მაგრამ მყავს იტალიელი მეორე ნახევარი, რომელიც ყველანაირად გვერდში მიდგას. ის ჩემი საყრდენი კედელია. ყველანაირად ხელს მიწყობს. შვილი არ მყავს, მაგრამ ეს ადამიანი ჩემი მეორე ნახევარია, მასთან ერთად ვცხოვრობ. შვილები რომ არ მყავს, ამის გამო გული მტკივა, მაგრამ არა უშავს, ალბათ, ღმერთმა ასე ინება და ჩემი არჩევანიც ეს იყო. ნურავის დავაბრალებთ.
– ახლა გავიხსენოთ თქვენი და რასელ ქროუს შეხვედრის ამბავი. ვის არ უყვარს ეს მსახიობი და ვინ არ ოცნებობს მასთან შეხვედრაზე, მაგრამ თქვენ კიდევ განსაკუთრებული მიზეზი გქონიათ…
– მთელი ჩემი ცხოვრება ორად ორი მსახიობი მიყვარს განსაკუთრებულად. ერთი იყო ალენ დელონი, ის ჩემი ბავშვობის სიყვარულია და საბედნიეროდ, მასთან შეხვედრაც მოვახერხე, როცა ის პაატა ბურჭულაძის იუბილეზე იყო მოწვეული და მეორე – რასელ ქროუ. 2000 წელს, როდესაც მისი ფილმი „გლადიატორი“ ვნახე, ძალიან მივამსგავსე ჩემს ძმას. უმაღლესი დონის მსახიობი და ცოცხალი ლეგენდა რომ არის, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი კიდევ ერთი მიზეზის გამო გახდა. მე ერთი ძმა 21 წლის ასაკში გარდამეცვალა და ისე მოხდა, რომ მეც და ჩემმა დედმამიშვილებმა, ყველამ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რასელ ქროუ ძალიან მივამსგავსეთ ჩემს ძმას. ყველამ ცალ-ცალკე ვნახეთ ეს ფილმი და მერე ვუზიარებდით ერთმანეთს აზრს იმის შესახებ, თუ როგორ ჰგავდა ის ჩვენს ძმას. რასელ ქროუ მთელ მსოფლიოს უყვარს მისი ნიჭიერების დამსახურობეთ, მაგრამ ამ მიზეზით მე კიდევ სხვა გულით მივიღე. ყველა ფილმში მიყვარს. ყოველთვის ვფიქრობდი მასთან შეხვედრაზე და ვარჩევდი, ეს სად უფრო იქნებოდა შესაძლებელი. ძალიან მინდოდა, მისთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, რომ მიყვარს, ასევე, მადლობა გადამეხადა იმ ემოციებისთვის, რაც მთელ მსოფლიოს მოგვანიჭა თავისი ოსტატობით. ეს იყო ჩემი ოცნება. წლების განმავლობაში ვერ მოვახერხე ამ ნატვრის ახდენა. მარტივი არ არის, მას ავსტრალიაში ან „ჰოლივუდში“ ჩააკითხო, რადგან არ იცი, რა დროს სად არის და ასე შემდეგ, ბევრი ნიუანსია. ისე მოხდა, რომ შარშან თვითონ ჩამოვიდა ბოლონიაში.
მე მილანში ვცხოვრობ და ბოლონიამდე, სადაც ის კონცერტს ატარებდა, საათ-ნახევრის გზა მაშორებს. რასელ ქროუ მსახიობობასთან ერთად პოპ–მომღერალიცაა, გიტარაზეც უკრავს და საკუთარი ბენდიც ჰყავს. სასწრაფოდ ავიღე ბილეთები და ჩემს მეორე ნახევართან ერთად, ბოლონიაში ჩავედი. საბედნიეროდ, კონცერტის ბოლოს მასთან შეხვედრაც მოვახერხე. წინასწარ თეატრში ყველაფერი დავზვერე და ვნახე, რომელი კარიდან აპირებდნენ მის გაპარებას, რადგან ვიცოდი, რომ ცენტრალური შესასვლელით არ ისარგებლებდა. როცა დაცვამ უთხრა, რომ გასასვლელთან ველოდით სულ რამდენიმე ადამიანი, დათანხმდა ჩვენთან გასაუბრებას. რომ გამოვიდა, ჩავეხუტე. გადამღები ჯგუფიც იქვე იყო და გვიღებდნენ. ძალიან თბილი შეხვედრა გამოვიდა. გავისაუბრეთ კიდეც, ჩემი თავი წარუდგინეს, უთხრეს, რომ ოპერის მომღერალი ვარ, ავტოგრაფიც მომცა, ფოტოებიც გადავიღეთ და ასე დამთავრდა ჩვენი შეხვედრა.
ერთი წლის შემდეგ, ამ ზაფხულს, ის ისევ ეწვია იტალიას. მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა. რომს ხშირად სტუმრობს და კოლოსეუმს, ხუმრობით, საკუთარ ოფისს ეძახის. როდესაც გავიგე, რომ ისევ იტალიაში იყო საკონცერტო ტურნეთი ჩამოსული, მაშინვე გავქანდი (იცინის). იქ კიდევ ერთხელ შევხვდი და შევახსენე თავი. უამრავი ფანი ჰყავს და ბუნებრივია, რომ უცებ ცნობა გაუჭირდება. ვუთხარი ვინ ვიყავი, რომ ჩვენ წინა წელს ბოლონიაში შევხვდით ერთმანეთს. ამის შემდეგ მან დამპატიჟა სიცილიის კუნძულზე, რომ დავსწრებოდი მიღებას, როგორც სპეციალური სტუმარი. ეს შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართა და სიამონებით გადავფრინდი სიცილიის კუნძულზე, სადაც კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. მე იქ ვიყავი დაპატიჟებული, როგორც ვიპ სტუმარი. იქ უკვე ძალიან ახლობლურად მიმიღო, არაჩვეულებრივი მიღება, ვახშამი და კონცერტი გაიმართა. მართალია, სცენაზე არ ავსულვარ, მაგრამ როცა რასელი სცენაზე მღეროდა, მეც ვმღეროდი მასთან ერთად. ამყევითო, მაყურებელს გვანიშნა, მაგრამ ერიდებოდათ, თან, არ იცოდნენ ის სიმღერა, მე ზეპირად ვიცოდი და თამამად ავყევი. ჩემი ხმა რომ გაიგო, ბენდი გააჩერა და ხელით მანიშნებდა, ხმას აუწიეო. მეც გავთამამდი, ავუწიე ტემბრს და მანიშნა, კარგიაო. ეს ჩემთვის საოცარ სიზმარს ჰგავდა, სასწაულები ხდებოდა ჩემს თავს. დაუვიწყარი ემოციები განვიცადე. მერე მისი ბენდის წევრები გავიცანი, ასევე, გავიცანი მისი შეყვარებული – ბრიტნი, რომელიც ასევე, მის ბენდშია და მასაც დავუახლოვდი. ვგრძნობდი, რომ გულით მიმიღეს, ალბათ, მათაც იგრძნეს ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება. საბედნიეროდ, ძალიან უშუალო ხალხია. ასეთი შეხვედრა შედგა სიცილიაში, მეორე დღეს ისინი ამერიკაში გაემგზავრნენ, მე კი მილანში დავბრუნდი ზღვა ემოციებით, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში მასთან დაკავშირებით კიდევ მელის დიდი სიურპრიზები. ჩვენი ურთიერთობა გრძელდება მიმოწერის სახით, მასთანაც და მის საცოლესთანაც, რასაც სამომავლოდ აუცილებლად ექნება გაგრძელება, რაც ძალიან მახარებს.