“ღამის შოუს” წამყვანი, გიორგი გაბუნია ოჯახურმა ცხოვრებამ აბსოლუტურად შეცვალა. ახლა ყოველი თავისუფალი წუთი მეუღლეს, ნინი ფუტკარაძესა და პატარა კირას ეკუთვნის. როგორც “სარკესთან” აღნიშნა, ყველა ნიშანი აქვს, რომ ფეთიანი მამა იყოს, ამიტომ ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს და ემოციებს არ აჰყვეს.
– გიორგი, რომ შეადაროთ თქვენი ახლანდელი და ქორწინებამდე ცხოვრება ერთმანეთს, რა შინაგანი ცვლილება განიცადეთ?
– რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა ყველაფერი, მეტი პასუხისმგებლობა, საზრუნავი და სანერვიულო მაქვს. კარგია ის, რომ საყვარელი ადამიანი ყოველთვის სახლში გელოდება. მადლობა ღმერთს, ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელიც ყველაფერში მიგებს. თავადაც აქტიურია და ვცდილობთ, ერთმანეთის რეჟიმს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ.
ოჯახს სანამ შევქმნიდი, მარტოხელა ბიჭის ცხოვრებით ვცხოვრობდი, მეგობრებთან ყოფნა იყო ჩემი მთავარი მიზანი, ახლა კი ვცდილობ, ოჯახს არ მოვაკლო ყურადღება. ბევრი რამ იცვლება დაოჯახებული კაცის ცხოვრებაში, ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა, მთავარია, რომ ეს გიღირდეს. ცოლის მოყვანის შემდეგ რაც საკუთარ თავს შეზღუდვები დავუწესე, არაფერს ვნანობ.
– რა ტიპის მეოჯახე ხართ?
– მიყვარს სუპერმარკეტებში სიარული. ძალიან მიყვარს ეს პროცესი, როდესაც ოჯახისთვის არჩევ და ამარაგებ პროდუქტებით. ჩემი აზრით, არ ვარ ურიგო მეოჯახე. ტყუილია ის ამბავი, რომ შეყვარებულობისას უფრო ლაღი ხარ, ვიდრე ოჯახის შექმნის შემდეგ. ჩვენს შემთხვევაში შეყვარებულობის პერიოდი მაგარი იყო და უფრო მაგარია ოჯახური ცხოვრება.
– მარტოხელა ბიჭის ცხოვრებისგან განსხვავებით, ალბათ გაჩნდა თქვენს დღის წესრიგში საუზმე, ვახშამი…
– ჩემი სამუშაო რეჟიმის გამო ვერ ვიტყვი, რომ ყოველ საღამოს ოჯახურ ვახშამზე ვარ წარმოდგენილი. არადა ნინის ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და უცხო-უცხო კერძების მომზადება. ჩვენთან ერთად ცხოვრობს ჩემი ბებო და ისიც გვანებივრებს გემრიელობებით.
– როგორ გაუგეს ერთამენთს თქვენმა ცოლმა და ბებომ?
– მე მგონი, ჩემზე მეტად უყვართ ერთმანეთი. ერთმანეთს სულ ბებოთი ელაპარაკებიან, მე კი სახელით მომმართავენ. მგონი, ამ შემთხვევაში მე დავიჩაგრე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ოჯახში სრული ჰარმონია და პატივისცემაა.
– რამდენი შვილის მამობა გინდათ?
– რამდენსაც ღმერთი მოგვცემს და რამდენი შვილის მომავლის უზრუნველყოფასაც შევძლებთ. მზად არის ჩემი პატარა ოჯახი, ბევრ შვილსაც უმასპინძლოს და ცოტასაც.