როგორ დაარქვა თამარ ალადაშვილმა ქალიშვილს დედამთილის სახელი და რატომ ზრუნავს ის საკუთარ თავზე ყველაზე ნაკლებად

68

როგორ შეცვალა მომღერალ თამარ ალადაშვილის ცხოვრება შვილის დაბადებამ, როგორი დედაა ის და როგორ უმკლავდება სამსახურებრივ პასუხისმგებლობებსა და პარალელურად, დედის ამპლუას, ამაზე თავად მოგვიყვება.

თამარ ალადაშვილი: დედობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო. მოულოდნელიც კი იყო ამხელა პასუხისმგებლობა. რატომღაც უფრო მარტივად ვუყურებდი. უფრო სწორად, განწყობა იმდენად დადებითი მქონდა, რომ ძალიან დამეხმარა. დაკისრებულ პასუხისმგებლობებს პირველ პერიოდში თუ პოზიტიურად არ შეხვდი, ძალიან გაგიჭირდება. როცა დამხმარეები გყავს, ალბათ, მაშინ უფრო მარტივია, მაგრამ როდესაც ერთი და ორი ადამიანი ახერხებთ ერთმანეთს შეეხიდოთ, მაშინ ცოტა რთულია. ეს პროცესი მე ბავშვმა გამიმარტივა, იმით, რომ უზომოდ პოზიტიური პატარაა. ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მოღიმარია. როგორც არ უნდა გრძნობდე თავს და რამდენად დაღლილიც არ უნდა იყო, რომ გაიღიმებს, მომენტალურად მოჰყავხარ ხასიათზე.

– სახელი როგორ შეურჩიეთ?

– დედამთილის სახელი ჰქვია. ჩემს დედამთილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ნუნუკა ჰქვია და შვილს ნუკა დავარქვით, თუმცა ნათლობის სახელი სხვა აქვს. მე ცოტა სიზმარა ვარ და ნათლობის სახელი ჩემს სიზმარს უკავშირდება, ნატალია. ასე, რომ ორი სახელი აქვს.

– პირველი პერიოდი რომ რთულია, უკვე ვთქვით. ხშირია მშობიარობის შემდეგი დეპრესიაც. იყო მსგავსი გამოცდილება?

– ერთი თვის თავზე, თითქოს იყო ასეთი მომენტი, მაგრამ ზუსტად მაგ დროს მე სამსახურში გავედი და ფიზიკურად აღარ მეცალა დეპრესიისთვის. ვერ უარვყოფ, რომ ხდება ასეთი რამეები და რაღაც დოზით მეც გამოვცადე, თუმცა, გააზრებული მქონდა, რომ ბავშვზე ძალიან გადადის დედის ენერგია და არ მინდოდა, დეპრესიული ემოცია ჩემი შვილისთვის გადამეცა, ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, ყურადღების გადატანას. მგონი, გამომივიდა კიდეც – ძალიან პოზიტიური და უპრობლემო პატარა გვყავს.

– როგორ მოახერხე, ერთ თვეში სამსახურს დაბრუნებოდი?

– ალბათ, დიდი სიყვარულისა და მონდომების დამსახურებით. სტუდიაში შემცვლელი კი მყავს, მაგრამ ძალიან მეჩქარებოდა. დიდი საქმე ავიღე ჩემს თავზე და ოჯახთან ერთად, სამსახურეობრივადაც დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. ვერცერთს ვერ ვუღალატებდი. ჩემი მეგობრის დამსახურებით, რომელიც ბავშვთან რჩებოდა, როცა მე სამსახურში ვიყავი, ყველაფერი გამოგვივიდა. მერე დამხმარე ძიძა ავიყვანეთ და გავუმკლავდით. დილიდან ხუთ საათამდე სანამ სამსახურში წავიდოდი, ბავშვი ჩემთან იყო და ძალიან მცირე ხნით ვტოვებდი.

– რამდენად ემოციური დედა ხარ?

– ვაიმე, ამაზე დამცინიან, მეუბნებიან, საშინლად აუტანელი დედა ხარო (იცინის). ეს ბავშვს არ მისცეთ, ეს არ გაუკეთოთ, ფრთხილად, ნელა, ხელი კარგად მოჰკიდე, თავში რამე არ მოხვდეს… ყველაფერზე გართულება მაქვს (იცინის). „პირველია და…“ – ამით ვიმართლებ თავს (იცინის).

– მშობიარობის შემდეგ, ძალიან მალე დაუბრუნდი ჩვეულ ფორმას. როგორ მოახერხე?

– ალბათ, ეს იმის დამსახურებით მოხდა, რომ მუდმივად და შეიძლება, ზედმეტადაც კი ვზრუნავდი ბავშვზე და საკუთარი თავი აღარ მახსოვდა. დღესაც ყველა მეუბნება, საკუთარ თავზეც იზრუნე. მინიმუმ კარგად უნდა იკვებო, იმისთვის, რომ საჭირო ძალა გქონდესო. რატომღაც, მე ამისთვის არ მეცალა და მოკლე დროში თავისთავად დავუბრუნდი ფორმას. რამე განსაკუთრებული არ დამჭირვებია. ახლა დიეტას ვიწყებ იმისთვის, რომ ცოტა მოვსუქდე (იცინის). სამსახურმა და ბავშვმა, ერთად, ძალიან დიდი ენერგია მოითხოვა. თან წელს უზარმაზარი ღონისძიება გავაკეთეთ, ორასზე მეტი ბავშვი იდგა სცენაზე და დედობის პარალელურად, ამის ორგანიზებაზე ზრუნვა ძალიან რთული აღმოჩნდა. არ ვიცი, როგორ მეყო ძალა. ამისთვის მადლობა ღმერთს!

– შეგცვალა დედობამ?

– ცნობიერად საერთოდ სხვა ადამიანი ხდები. არიან დედები, რომლებსაც საკუთარი თავი უფრო მეტად ახსოვთ, ვიდრე ბავშვი. ჩემს შემთხვევაში და იგივე ძალიან ბევრისგან გამიგია, მთლიანად ბავშვის კარგად ყოფნასა და საჭიროებებზე გადავერთე. მთავარია, ის იყოს კარგად, მერე – მეუღლე, მერე – სამსახური და ბოლოს – მე. საკუთარმა თავმა ბოლო ადგილზე გადაინაცვლა (იცინის).

– დაიწყეს უკვე კითხვები – მეორეს როდის აპირებო?

– კი (იცინის). არ მაღიზიანებს ეგ კითხვა, როცა ღმერთს ენდომება, – ასეთია ჩემი პასუხი. ერთადერთი, რაც ცოტა დისკომფორტს მიქმნის, ეს არის ხშირი არეულობა სახლში (იცინის). როცა სახლში ბავშვია, ყოველთვის ყველაფერი მიწკრიალებული ვერ გექნება. ძირითადად, ეს ბავშვის სათამაშოებს ეხება, მაგრამ როგორღაც ვახერხებთ თავის გართმევას (იცინის). აქამდე, მეუღლე რომ გადიოდა სახლიდან, მე ძილს ვიბრუნებდი ხოლმე, რადგან ძალიან მიყვარს დილის ძილი და მერე ყავას ვსვამდი – ჩემი რიტუალები მქონდა (იცინის). ახლა დილა ფაფის მომზადებით იწყება. პატარა მიყურებს და იღიმის. მთავარია, გაიღიმოს და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. სხვათა შორის, დამოუკიდებლად სძინავს თავის ლოგინში, ცალკე ოთახში. დამოუკიდებელი და დიდი გოგოა უკვე. დამოუკიდებლობას პირველივე დღიდან ეჩვევა. ბავშვი ეჩვევა გარემოს, სადაც იძინებს და არ ვარ მომხრე, მშობლებთან ეძინოს. მარტივი არ არის ცალ-ცალკე ოთახებში ძილი, კარი მუდმივად ღია მაქვს და ვუყურებ, მაგრამ ვიცი, რომ ასე ჯობს. მერვე თვეში ვიყავი, როცა სახლი აბსოლუტურად გადავაკეთე. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, გიჟი ხარო, ათ დღეში რემონტი გავაკეთე ისე, რომ ჩემი ოთახიდან დამენახა, როგორ სძინავს ბავშვს თავის ოთახში. სამაგიეროდ, ახლა ყველა მშვიდად ვართ, უსაფრთხოდ და თან პატარა დამოუკიდებლობას ეჩვევა.

– მეუღლე ასაკით უფროსია. ასაკობრივ სხვაობას ბევრი პრობლემად აღიქვამს, ბევრი კი – პლუსად. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

– ჩემთვის ეს ყველაზე დიდი კომფორტია. როცა ადამიანები გონებრივად ერთმანეთს ეწყობიან, ინტელექტუალურად, მსოფლმხედველობითა თუ ხასიათებით თანხვედრაა, იქ ასაკი მართლა მარტო ციფრებია. არ ვიცი, ჩემი მეუღლეა ჩემხელაა თუ მე – მისხელა, მაგრამ თითქოს, ერთი ასაკის ვართ. ჩემი დაქალი მეუბნება: ახლა ორივე ერთნაირად აფრენთო (იცინის). თვითონ მეუღლე მეუბნება ხოლმე, დიდი ტურა ხარ, ძალიან გამჭრიახი გონება გაქვსო (იცინის). წინასწარ ვიცი ხოლმე, რას რა მოყვება; რომ ამბობს რამეს, რას გულისხმობს და რა ჩაიფიქრა. საერთო ჯამში, ჩვენს ურთიერთობაში თუ გარე ფაქტორები არ ერევა და ნერვებს არ გვიშლის რამე, იდეალურად ვართ, თავიდან ბოლომდე.