ნოდიკო ტატიშვილი ზოდიაქოთი მორიელია და ამ ზოდიაქოსთვის დამახასიათებელ ნიშნა-თვისებებზე, მათ შორის, სიყვარულის უნარზე, ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რისკები არ მიყვარს, დიდი ანალიზისა და ფიქრის შემდეგ გამირისკავს კიდეც, შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ეს მხოლოდ ასტროლოგიურ ნიშანს არ უკავშირდება. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს.
ცუდი თვისებებიც მაქვს და კარგიც, მაგრამ არასდროს ვიყენებ დაბალი განვითარების მორიელის თვისებებს, რომელიც ყოველთვის მომართულია იმისკენ, რომ ვიღაცას უკბინოს და ვიღაცას ავნოს. მე ვარ კლასიკური მორიელი. ძალიან ბევრი პლანეტა მყავს მორიელის ნიშანში, მაგრამ სხვა პლანეტები სხვადასხვა ნიშნებშია, რაც ასევე, ახდენს ჩემზე გავლენას. ეს ამსუბუქებს ჩემს ხასიათს, თორემ შესაძლოა, ცოტა დაუნდობელი მორიელი ვყოფილიყავი.
დაუნდობელი ვარ, როცა საქმე ეხება ჩემს საყვარელ ადამიანებს, როცა ვინმე მათ ცუდად ექცევა, მაგრამ თუ პირადად მე ვინმე უსამართლოდ მომქცევია, ბევრისთვის მიპატიებია. ხელისგულზე ლანგრით მოურთმევია სამყაროს სამაგიეროს გადასახდელად ადამიანი, მაგრამ რომ დავფიქრებულვარ, მითქვამს, მე ამის დონეზე ვერ დავეცემი-მეთქი. ძალიან გაბრაზებული ვყოფილვარ, მაგრამ სამაგიერო არ გადამიხდია და მერე გამკვირვებია. ფიქრები მქონია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიმდგარა, მივხვდარვარ, რომ არ შეიძლება, მეც მისნაირი გავხდე. მაშინ მე მე აღარ ვიქნები.
სამწუხაროდ, მე ვიცნობ ნაძირალა მორიელებსაც, მაგრამ ზოგადად, მორიელი ძალიან თავმოყვარე ნიშანია. ძალიან არ მინდა, ვიღაცას ჩავუსაფრდე და კისერი მოვუგრიხო, თუმცა ნამდვილად მაქვს ამის უნარი, ნამდვილად შემწევს ამის ძალა. აქაც წითელი ხაზებია გავლებული. თუ უკადრებელს იკადრებ, მერე პასუხიც შესაბამისი მექნება. ნამდვილად არ მაქვს განცდა, რომ ანგელოზი ვარ და ფრთები მაქვს ზურგზე. შხამიანი მორიელი არ ვარ, მაგრამ შხამი თან მაქვს, ვატარებ, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ჩემს შხამს არავინ დააგემოვნებს. ძალიან მწარეა. იყო ერთი-ორი შემთხვევა და ძალიან ეტკინათ.
არიან ადამიანები, ვისგანაც განსაკუთრებით მახსოვს უსამართლობა, დიდი ტკივილი მომაყენეს, მაგრამ ყველას ჩემგან დამოუკიდებლად მიეზღო პასუხი. ცხოვრება მიჩვენებს, რომ ყველას სამყარო უხდის საკადრის პასუხს. ასეთი გაკვეთილები მიმანიშნებს, რომ სწორად ვიქცევი, როცა ვინმეს სამაგიეროს არ ვუხდი.