„თუ შენ საჯაროდ არ იტყვი, რომ ხარ მოპარული ბავშვი, მაშინ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდებაო“

45

თამუნა მუსერიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიოლოგიური მშობლები იპოვა და მათ შეხვდა „ინსტაგრამ“ გამომწერების კითხვებს პასუხობს.

– მოგვიყევით, რა სახის დიალოგი გქონდათ ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრისას?

„დიდი ხანი ვისაუბრეთ, დაახლოებით, ორსაათნახევარი… მე ვთხოვდი ეთქვა, თუ რა დაარქვა ბავშვს. მითხრა, რომ სახელი არ დაურქმევია, არ მიფიქრიაო. ყველაზე მეტად ეს მეწყინა, საერთოდ არ ფიქრობდა ადამიანი იმაზე, თუ რას დაარქმევდა თავის შვილს“, – აცხადებს თამუნა მუსერიძე.

– რატომ არ სურს ურთიერთობა?

„მან მითხრა, რომ თუ შენ საჯაროდ არ იტყვი, რომ ხარ მოპარული ბავშვი, მაშინ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდებაო. მე ვუთხარი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი 40 წლის წინ დამთავრდა. შენ საჯაროდ უნდა თქვა, რომ შენ სამშობიაროდან მოგიპარესო. მე ამხელა ტყუილს ვერ ვიტყვი, რადგან ეს ტყუილი გასკდება და მერე ის ათიათასობით დედა, რომელსაც მართლა მოჰპარეს შვილი გამოვა მატყუარა და არც იმათ არ დაუჯერებენ.

მე, საკუთარი ერთი ადგილის მოსაწმენდად ათიათასობით დედას ვერ გავწირავ მეთქი. აბა მე უნდა გამწიროო? არა მე თქვენ არ გწირავთ-მეთქი. აქ მოვედი იმისთვის, რომ დაგელაპარაკოთ და ერთად რაღაც გამოსავალი ვნახოთ. მე ამხელა ტყუილს საჯაროდ ვერ ვიტყვი მაშინ, როდესაც ამდენი დედა შვილებს ეძებს და მათ ჩემი ისტორიის გამო საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებ-მეთქი“, – ამბობს თამუნა.