რა წარმატებები აქვს ანი შენგელიას საერთაშორისო სილამაზის კონკურსებზე და როგორ აუხსნა მან სიყვარული საკუთარ რჩეულს

49

20 წლის მოდელი, ანი შენგელია, ხუთი წელია, სამოდელო სფეროში საქმიანობს და საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია.

ანი შენგელია: სამოდელი სფერო 14-15 წლიდან მაინტერესებს. ძალიან ბევრმა მირჩია, მოდელი გავხდარიყავი და დედამ მაქსიმალურად შემიწყო ხელი, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. 15 წლის ასაკში სამოდელო სააგენტო „კატრინში“ მივედი, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი გავიცანი და მისი თანადგომით, აქედან დავიწყე სამოდელო საქმიანობა. მალევე ჩავერთე საერთაშორისო კონკურსებშიც.

17 წლის ვიყავი, როდესაც ქალბატონმა ეკამ, თურქეთში გამიშვა საერთაშორისო კონკურსზე. ეს ჩემთვის პირველი საერთაშორისო კონკურსი იყო, სადაც საქართველო უნდა წარმედგინა და ძალიან ვნერვიულობდი. ის პერიოდი რომ მახსენდება, ახლაც ვნერვიულობ. საბედნიეროდ, მე ამ კონკურსზე „მის ევრაზიის“ ტიტული ავიღე და ძალიან გამიხარდა. კონკურსზე, დაახლოებით, 30 ქვეყნის წარმომადგენელი იყო და ასეთი წარმატება ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა.

– ამის შემდეგ რა წარმატებები გაქვს?

– გამოვდიოდი მოდის კვირეულების ფარგლებში გამართულ ჩვენებებზე საქართველოში, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამის შემდეგ ქალბატონმა ეკამ გადაწყვიტა, უფრო დიდ კონკურსზე გავეშვი ჩინეთში. იქ უკვე 62 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით და მე ტოპ-ათეულში მოვხვდი. ჩინეთის კიდევ ერთი კონკურსიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტული ჩამოვიტანე.

ჩემთვის ეს მხოლოდ კონკურსები არ არის, მე მათში მონაწილეობის შედეგად უამრავი ადამიანი გავიცანი და შემიძლია, ვთქვა, რომ მთელ მსოფლიოში მყავს მეგობრები. წლების წინ გაცნობილ გოგონებთან ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ საქართველოშიც ხშირად მსტუმრობენ.

– რთული პროფესიაა, ბევრ რამეში ხარ შეზღუდული, რეჟიმით ცხოვრობ, კვებას აკონტროლებ და ასე შემდეგ. არ გიჭირს ეს ყოველივე?

– კი, საკმაოდ მიჭირს, განსაკუთრებით, როცა წონა გამექცევა (იცინის). თუმცა, ვიცით, რომ უნდა დავიკლოთ და ამაზე გვიწევს ზრუნვა. ვვარჯიშობ, კვებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ ბოლო პერიოდში მაინც გამექცა წონა. ახლა ვცდილობ, ჩვეულ ფორმას დავუბრუნდე, რადგან გაზაფხულზე კიდევ ერთ მსოფლიო კონკურსზე მივდივარ თურქეთში, საქართველო 30 ქვეყანას შორის უნდა წარვადგინო და კარგ ფორმაში უნდა ვიყო.

– საკმაოდ თამამი პროფესიაცაა, თუნდაც იმ მხრივ, რომ გიწევს პოდიუმზე ბიკინით გამოსვლა, სხვადასხვანაირი სამოსის მორგება და ასე შემდეგ.

– ნამდვილად ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება. პირველად რომ მსოფლიო კონკურსზე წავედი და ბიკინით მომიწია ჩვენებაზე გამოსვლა, ამან უხერხულობა შემიქმნა, კომპლექსი მქონდა. ქალბატონი ეკა მამშვიდებდა, თუ გინდა, ფოტოებსაც არ განვათავსებ სოციალურ ქსელშიო. დედასაც დაველაპარაკე და მანაც მხარი დამიჭირა, მითხრა, რომ სანერვიულო არ მქონდა, რომ სცენაზე თავდაჯერებული უნდა ვყოფილიყავი და მებრწყინა. კონკურსის წინ ისედაც ყოველთვის ვნერვიულობ, რადგან არ მინდა, საქართველოში ლენტისა და გვირგვინის გარეშე დავბრუნდე, თუმცა, საბედნიეროდ, ასე არასდროს მომხდარა.

– 15 წლამდე რა პროფესიაზე ოცნებობდი?

– იმაზე, რაზე დღესაც ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევათავსო მოდელობასთან. ბავშვობიდან მფრინავობაზე ვოცნებობ. მინდოდა, პირველი ქალი პილოტი ვყოფილიყავი. მერე აეროპორტში ლამაზი ბორტგამცილებლები რომ მხვდებოდნენ, მინდოდა, მეც მათსავით ლამაზი ვყოფილიყავი და იმედი მაქვს, ამ ოცნებას როდესმე ავიხდენ.

ახლა მოდელობის პარალელურად, ვცეკვავ კიდეც. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა და მოდელობასთან ერთად, დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

– შენი ოჯახიც გავაცნოთ ჩვენს მკითხველს.

– მყავს უფროსი და-ძმა. და იურიდიულზე სწავლობს, ძმა – ტურიზმზე. მშობლები ერთად არ არიან, მამა პორტში მუშაობს, უფროსია. დედა საქართველოში არ იმყოფება, საზღვარგარეთ მუშაობს. მე ჩემს დასთან ერთად ვცხოვრობ.

– გაგიჭირდებოდა დედის გარეშე დარჩენა.

– დედა რომ წავიდა, ძალიან პატარა ვიყავი, 7-8 წლის. ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩემი და მედგა გვერდით, მან გამზარდა. ის ჩემზე 5 წლით უფროსია. ყოველღამე ტირილით ვიძინებდი. პატარა ვიყავი და ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. ერთხელ, მახსოვს, ისე განვიცადე, რომ სიცხე მომცა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ემოციებისგან წნევამ ამიწია. ის დღე ძალიან მტკივნეულად მახსოვს. ახლაც მაქვს პერიოდები, როცა ძალიან მიჭირს. დედა რომ ჩამოდის, უზომოდ მიხარია, მაგრამ მისი წასვლის დრო რომ მოდის, სულ ვტირი. თუმცა, ახლა უკვე დიდი ვარ და ვცდილობ, ცრემლები დედას არ დავანახვო. ვიცი, რომ თვითონაც ძალიან ნერვიულობს. თუმცა, სულ მამშვიდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ ჩვენი მომავლისთვის ასე აჯობებს. წელიწადში 2-3-ჯერ ჩამოდის ხოლმე და ზოგჯერ ერთი თვითაც რჩება, რაც ძალიან მიხარია.

– შეყვარებული თუ ხარ?

– კი, შეყვარებული ვარ (იცინის). დაახლოებით 7-8 თვეა, რაც ერთად ვართ. როდესაც ის პირველად დავინახე, მაშინვე იმდენად მომეწონა, მომინდა, რომ მისი ყურადღება მიმექცია. მე უფრო აქტიური ვიყავი. რომ დავინახე, ჟრუანტელმა დამიარა, ყველა მეგობარს ვკითხე, ვინ არის ეს ბიჭი-მეთქი. ვცდილობდი, ყველაფერი გამეგო მის შესახებ (იცინის). ისე აშკარად ვეპრანჭებოდი, მისთვისაც გასაგები იყო, რომ მომწონდა. მერე გარკვეული პერიოდი ვმეგობრობდით და მე თვითონ ავუხსენი სიყვარული (იცინის).

– როგორი იყო მისი რეაქცია?

– გაუკვირდა, რომ პირველი ნაბიჯი მე გადავდგი, მაგრამ მითხრა, რომ მასაც ვუყვარდი და ალბათ, იმ მომენტში ჩემზე ბედნიერი არავინ იყო (იცინის).

– არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?

– ცოტა ეჭვიანი არის, თუნდაც, ჩემი პროფესიის მიმართ, მაგრამ ყველანაირად გვერდით მიდგას. მე ძალიან ეჭვიანი ვარ (იცინის). გოგომ რომ გამარჯობა უთხრას და მან ზრდილობის გამო დაუბრუნოს პასუხი, ამაზეც ვბრაზდები და ნახევარი საათი აღარ ველაპარაკები (იცინის). თუნდაც, ვინმეს რომ გადაკოცნის, ამაზეც ვეჭვიანობ (იცინის).

– რით მოგხიბლა პირველივე დანახვისას?

– ბავშვობიდანვე მომწონს მაღალი, ქერათმიანი და ცისფერთვალება ბიჭები. ბავშვობაში როგორიც წარმომედგინა – თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, რომ დავინახე, ზუსტად ისეთი იყო, და ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი (იცინის). ამიტომ მინდოდა, მისი ყურადღება მიმებყრო. ზოგადად, ხშირად ვარ ყურადღების ცენტრში, კომპლიმენტებს არ იშურებენ ხოლმე, მაგრამ ის განსხვავებული იყო, ყურადღებას არ მაქცევდა (იცინის). მიკვირდა და ვბრაზობდი, არანაირი რეაქცია რომ არ ჰქონდა. დღეს ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის და სამაგალითო ურთიერთობა გვაქვს.