“კელიიდან უსაყვარლესი მოხუცი ბერი გამოვიდა, კაშკაშებდა“

38

ბექა ჩხაიძემ ათონის მთაზე გადამხდარ სასწაულზე, მაყურებელს, “პოსტივის” ეთერში უამბო. მომღერალი ჰყვება, რომ მას და მის სამეგობროს, წმინდა მთაზე მდებარე ერთ-ერთ უძველეს მონასტერში ბერი გამოეცხადათ, რომელიც იქ არ მოღვაწეობს…

ბექა ჩხაიძე: – ათონის მთაზე, მეგობრები, ხშირად დავდივართ მოსალოცად. ერთი წლის წინ, საახალწლოდ ჩავედით. ჩვეულებისამებრ, ვატოპედის მონასტერში გავჩერდით და შემდეგ ტრანსპორტით მოვიარეთ მონასტრებში მოსალოცად. ათონის მთის მონასტრებს შორის, ერთ-ერთი ძველი და ლამაზი ადგილია კუტლუმუშის მონასტერი. მივედით, არავინ იყო. წამოსვლას რომ ვაპირებდით, კელიიდან გამოვიდა მოხუცი, უსაყვარლესი ბერი.

კაშკაშებდა.

მამა სოტირი ვარო, გაგვეცნო.

მოგვალოცინა სიწმინდეები. ნაკურთხი ზეთები გამოგვატანა, ვიგალობეთ. ძალიან გვეფერა, ჩვენც ვეფერეთ, ვეხუტეთ. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ ჩასვლაზე საჩუქრით გვენახა.

ასეთი რამ, მანამდე, აზრად არავისზე მოგვსვლია.

მოკლედ, შემდეგ წასვლაზე მე ვერ ჩავედი, მაგრამ ბიჭები ჩავიდნენ და საჩუქრად ქართული ნობათი ჩაიტანეს. მივიდნენ ამ მონასტერში. გამოვიდა სხვა ბერი. ბიჭები მიესალმნენ და უამბეს, რა როგორც იყო და მამა სოტირი მოიკითხეს, სად არის, გვინდა საჩუქარი გადავცეთო.

ეს ბერი უსმენდა გაფითრებული და ბოლოს უთქვამს: 30 წელია აქ ვმსახურობ და ჩემს გარდა ამ კარს სხვა არავინ აღებს, გამორიცხულიაო.

რვა-ცხრა ბიჭი ვიყავით წინა წელს, თან ყველგან ვიღებდით ვიდეოებს. მაგრამ კონკრეტულად იმ ტაძარში გადაღებული ვიდეო, არც ერთს ტელეფონში არ აღმოგვაჩნდა. ვერ ვნახეთ…