როგორ ასწავლის ნატალია ვეფხვაძე შვილს შრომის ფასს და რა ტკივილებმა აქცია ის ძლიერ ადამიანად

70

ნატალია ვეფხვაძე პროექტ „ნიჭიერიდან“ მთელმა საქართველომ გაიცნო და მისი დიდი გულშემატკივარიც გახდა. ალბათ, ბევრი ფიქრობდა, რომ მისი შემოქმედებითი ცხოვრება აქტიურად გაგრძელდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. როგორც იცით, ნატალია 9 აპრილის სიმბოლოს, ლელა ვეფხვაძის ქალიშვილია და დედა-შვილს რთული გზის გავლა მოუხდათ.

ნატალია ვეფხვაძე: ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი შვილის ცხოვრებით ვარ დაკავებული, მისი აღზრდისა და სწავლა-განათლების საკითხებში ბოლომდე ვარ ჩართული. პარალელურად, დავდივარ ვოკალზე, პედაგოგთან ვემზადები, რადგან მინდა, რომელიმე პროექტში მივიღო მონაწილეობა. უფრო „მხოლოდ ქართულზე“ ვფიქრობ, ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები და ამიტომ. თუმცა, ვნახოთ, გამოვა თუ არა. ასევე, მინდა, რომელიმე კარგ გუნდში მოვხვდე.

– პროექტის შემდეგ, ალბათ, ბევრი ელოდა, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიური იქნებოდით. ალბათ, თქვენც გქონდათ ამის იმედი…

– კი, ყველას ამის იმედი ჰქონდა. „ნიჭიერში“ მონაწილეობის მიღება მე არ მინდოდა. არ მქონდა ამ პროექტში მოხვედრის იმედი და ამიტომ, მაგრამ გიორგი ხაბურზანიას დიდი დამსახურებით მოვხვდი და მეც მეგონა, რომ ამ ნაბიჯს განვითარება მოჰყვებოდა, ჩემი კარიერა სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა, ამ პროექტისგან ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე – ხალხის სიყვარული, რაც დღემდე მომყვება. რამდენიმე დღის წინ შვილი ჩავიყვანე ეზოში, შადრევანზე, საშინაო ფორმით ვიყავი. შევამჩნიე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მიყურებდა და ცოტა გავბრაზდი. უცებ მეუბნება, თქვენ „ნიჭიერში“ არ იყავით 2016 წელსო?! ისიც კი ახსოვდა, რა ვიმღერე და მე კი ძალიან გამიკვირდა, რომ მიცნო. ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემთო, მითხრა და ასეთი სიტყვები ძალიან მახარებს. ყველა მეუბნება, რატომ არსად ჩანხართ, რატომ აღარ მღერითო?! ვცდილობ, გავამართლო მათი იმედები.

– ბოლო პერიოდში კარგი სიახლეა თქვენს ცხოვრებაში, ბინა მიიღეთ საჩუქრად. როგორ შეიცვალა თქვენი და დედას ცხოვრება?

– 30 წლის განმავლობაში ქირით გვიწევდა ცხოვრება. ბინიდან ბინაში გადავდიოდით. გარემოსთან შეგუება მარტივი არ იყო, განსაკუთრებით ლელასთვის, ადვილად მისადგომი ადგილი გვჭირდებოდა ხოლმე, რომ არ გასჭირვებოდა მარტო სიარული. გადასვლა-გადმოსვლაში რაღაცას ვკარგავდით, რაღაც გვიფუჭდებოდა, ფსიქოლოგიურადაც გვიჭირდა. ნამდვილად სასწაული მოხდა – ბატონმა ბიძინამ დედას საჩუქარი გაუკეთა – ბინა. ეს უდიდესი ბედნიერებაა! როცა გავიგებდი, რომ ვინმეს ბინა აჩუქეს, ზღაპრის სახით წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ შეიძლებოდა, ოდესმე მსგავსი რამ ჩვენს თავსაც მომხდარიყო. მართლაც მოხდა და ამას ძალიან დიდხანს ვერ ვიჯერებდი. საცხოვრებლად რომ გადმოვედით უკვე საკუთარ სახლში, თვის ბოლო რომ ახლოვდებოდა ხოლმე, სულ იმის განცდა მქონდა, რომ ქირის თანხა უნდა გადაგვეხადა ან მეპატრონე დაგვირეკავდა და ბინის დაცლას მოგვთხოვდა. ორი წლის შემდეგ ძლივს გამიჯდა გონებაში აზრი, რომ ეს ჩვენი სახლი იყო და აქედან არავინ გაგვაგდებდა. ეს სახლი ჩვენს ცხოვრებაში ზღაპრის დონეზე ახდენილი სასწაულია. ქირით რომ ვცხოვრობდით, მეზობლების უმეტესობას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენ მიმართ, თითქოს ზემოდან გვიყურებდნენ, გვაგრძნობინებდნენ, რომ იქ დროებით ვიყავით.

– ბავშვის აღზრდასთან ერთად, ახერხებ, რომ იმუშაო თუ მატერიალური კუთხით დედა არის ოჯახის დასაყრდენი?

– კი, ჩვენი იმედი დედა არის, თუმცა, მე ანსამბლში ვმუშაობ ჩემი პროფესიით და ვცდილობ, ჩემი შვილის რეჟიმს შევუთავსო. დედა, რომელიც მთელი დღე გარეთაა, შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას, მადლობა ღმერთს, მაქვს ისეთი სამსახური, რომელიც ყოველდღიურ სიარულს არ მოითხოვს და ვახერხებ, შვილს საჭირო დრო დავუთმო, თან, ჩემი საქმეც ვაკეთო. შემოსავალი ისეთი არ არის, როგორიც საკმაირისია და ლელას, სამწუხაროდ, ისევ უწევს მეტროში სიარული – ის არის ჩვენი მთავარი იმედი.

– პატარა იყავით, როცა დედას მოუწია ამ პასუხისმგებლობის აღება, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, ხშირად ერთად გიწევდათ ქუჩაში ყოფნა.

– მაშინ 7 წლის ვიყავი. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან რთულია დედისთვის შვილის ქუჩაში გაყვანა. ეს არცერთ დედას არ უნდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია. მე და დედა პირველად ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე გავედით. მახსოვს, მოპირდაპრიე მხარეს მდგომი გამყიდველი ამბობდა ხოლმე, ახლა მთელი დღე თავი უნდა ამატკიოთ, ვარ ახლა მე სიმღერის ხასიათზე? წადით, სხვაგან იმღერეთო. მაშინაც და ახლაც მიკვირს, როცა ადამიანი თვითონ შრომობ, სხვისი შრომისა და შვილთან ერთად წვალების ფასი რატომ არ უნდა გესმოდეს?! ასეთებიც იყვნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, იყვნენ ძალიან თბილი და ყურადღებიანი ადამიანებიც. ერთხელ ერთი ჭაღარა კაცი მოვიდა, ლელას 50-ლარიანი მისცა, იქნებ, დღეს აღარ იმღეროთ და დაისვენოთო, უთხრა. იმ დღეს მართლა წამოვედით, ეს ძალიან განსაკუთრებული მომენტი იყო. ამის გამო ძალიან ხშირად მიცდებოდა გაკვეთილები, ვერ ვიყავი იმ სასწავლო რეჟიმში, როგორშიც ჩემი ასაკის ბავშვი უნდა ყოფილიყო. 16 წლამდე ქუჩაში ვიყავი, ანუ ის წლები, რაც სკოლაში უნდა გამეტარებინა. ამოვარდნილი ვიყავი რეჟიმიდან. ის ფაქტი, რომ სკოლაში სრულყოფილი განათლება ვერ მივიღე, ჩემთვის დიდი დანაკლისია, თუმცა ძალიან კარგი ქულებით ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. უფასოზე ვსწავლობდი და წარმატებითვე დავასრულე.

საერთო ჯამში, ქუჩაში ყოფნა ძალიან რთული იყო. პატარა რომ ვიყავი, კი მრცხვენოდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც განსხვავებული ხდებოდა ჩემს თავს, რომ სხვა ბავშვები ასე არ ცხოვრობდნენ, მაგრამ ისე არ განვიცდიდი, როგორც შემდეგ წლებში, როცა ცოტა წამოვიზარდე. მერე ქუჩაში მსგავსი ბავშვები გავიცანი, ზოგი მოწყალობას თხოულობდა, ზოგი რაღაცას ყიდდა და როცა ვნახე, რომ მე მარტო არ ვიყავი და სხვა ჩემი თანატოლებიც შრომობდნენ, სირცხილის გრძნობა ცოტა გამიქრა. რომ წამოვიზარდე, მერე უფრო ჩამერთო მორიდებისა და სირცხვილის გრძნობა, თუმცა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამაში სასირცხვილო არაფერია. სამწუხაროდ, იმ დროს სხვანაირი დამოკიდებულებები იყო, მენტალიტეტიც განსხვავდებოდა. ახლა ქუჩის მუსიკოსობა ტრენდული გახდა.

ჩემ დროს პირიქით, სირცხვილად ითვლებოდა. იყვნენ უბანში ადამიანები, ვინც შვილებს ჩემთან თამაშს უკრძალავდნენ, იმიტომ, რომ მე ქუჩაში ვმღეროდი.

– მაშინდელი განცდები როგორ გახსოვთ?

– შევეგუე, რომ ასე მოხდა და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩვენი გადარჩენის გზა. ძალიან მებრძოლი ვარ, არასდროს ვნებდები, მაგრამ მქონია მომენტი, რომ საკუთარი თავი მსხვერპლის როლში დამინახავს. მომდომებია, რომ სუსტი ვყოფილიყავი, მომდომებია, რომ ბრძოლა აღარ დამჭირვებოდა და რომ სხვას დავეცავი. თუმცა, რეალურად, ის, რომ ძლიერი ვარ და საკუთარი თავის დაცვა შემიძლია, ქუჩის დამსახურებაა. თუ ჩემს შვილს დასჭირდება, ქუჩაშიც დავდგები და ჩემი შრომით რის გაკეთებასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ. თუმცა, მან თავადაც უნდა ისწავლოს შრომა და ბრძოლა. გაბრიელს არ უწევს ქუჩაში დგომა, მაგრამ ყოფილა მომენტი, რომ დედაჩემისთვის გამიყოლებია მეტროში, იმიტომ, რომ მინდა, იცოდეს რის ფასად ეძლევა ის, რაც სჭირდება, რის ფასად აცვია და ჭამს გემრიელად. უნდა იცოდეს, რომ ციდან არაფერი ცვივა და ეს ყველაფერი დიდი ბრძოლისა და შრომის შედეგია.

– რთული მოგონებები ბავშვობიდან, რომელიც მხედველობას უკავშირდება…

– მე თანდაყოლილი კატარაქტით დავიბადე. მხედველობა როგორიც გაქვს, ისეთით ადაპტირდები გარემოსთან და ეგუები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მოსვენების საშუალებას არ გაძლევენ… საბავშვო ბაღში ერთი ჟუჟუნა მასწავლებელი მყავდა, რომელიც ძალიან ბოროტულად ერთობოდა ჩემით. როგორც კი ბავშვებს ერთად დაგვინახავდა, მე ბრუციანს მეძახდა. ერთხელ კი არ მეუბნებოდა, გაუჩერებლად იმეორებდა „ბრუციანო, ბრუციანო, ბრუციანო“. ეს სიტყვა დღემდე მეზიზღება, დამანგრეველია ჩემთვის. ის ქალი ყოველ მორიგეობაზე ასე ერთობოდა ჩემით. მაშინ 3-4 წლის ბავშვები ვიყავით. ერთი ძალიან საყვარელი ბიჭი იყო ჩემს ჯგუფში, სახელად ანზორი. ერთ-ერთ დღეს, როცა ეს ბოროტი ქალი იყო მორიგე და ისევ ასე მოიქცა, გამოვედი ოთახიდან და კარადებთან ჩამოვჯექი. ძალიან განვიცდიდი მის სიტყვებს და ვტიროდი. იმ დღეს არც მიჭამია. ამ ბავშვმა გამოიტანა ყურძნის მტევანი, მომაწოდა, ჩამეხუტა და ცრემლებს მწმენდდა. ასეთმა პატარა ბავშვმა გაიაზრა, რას განვიცდიდი და თანამიგრძნო. მერე სულ მასთან ვთამაშობდი ხოლმე. წლები რომ გავიდა, დაახლოებით, 20 წლის ვიყავი, როცა იმ ბაღში მივედი. მინდოდა, ის ქალი მენახა და მეკითხა, რატომ აკეთებდა ამას. სამწუხაროდ, გარდაცვლილი იყო. ასე რომ, ეს კითხვა უპასუხოდ დამრჩა.

– და ბოლოს, როგორ განვითარდა თქვენი ოჯახური ურთიერთობა?

– დაახლოებით, ხუთი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ახლაც ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ის ძალიან კარგი ადამიანია, უბრალოდ, რაღაც სირთულეები ვერ დავძლიეთ და ცალ-ცალკე ყოფნა ვამჯობინეთ. გაბრიელი ამას ძალიან განიცდის, იმის მიუხედავად, რომ მამასთან ურთიერთობა აქვს, თუმცა, რას ვიზამთ, ასე მოხდა.