რა რეზონანსი მოჰყვა ნინი გრძელიშვილის სიყვარულის ამბავს და როგორ მოახერხა მისი გულის მოგება მეგობარმა

51

მოდელ ნინი გრძელიშვილთან კარგი ახალი ამბებია. სიახლეები ეხება არა მარტო პროფესიულ, ასევე, მის პირად ცხოვრებასაც. ამ ყველაფერზე ნინი თავად მოგვიყვება.

ნინი გრძელიშვილი: ახლახან 26 წლის გავხდი და ეს დღე სამეგობროსთან და შეყვარებულთან ერთად აღვნიშნე. თავს ისევ 20 წლისად ვგრძნობ, მაგრამ რეალობა ასეთია, უკე 26-ის ვარ (იცინის).

შემიძლია, ვთქვა, რომ როგორიც ბავშვობაში წარმომედგინა ამ ასაკში ჩემი თავი, ჩემი ცხოვრება, თითქმის ყველაფერი ისეა, კარიერულად თუ პირად ცხოვრებაში. მეტ-ნაკლებად ყველაფერი სტაბილურადაა. ამ ეტაპზე კარიერაზე ვარ ორიენტირებული და პატარ-პატარა კარგი სიახლეებიც მაქვს.

– რას გულისხმობ?

– რაც შეეხება სამოდელო სფეროს, უკვე რამდენიმე წელია, მოდელის ამპლუაში ნაკლებად ვარ. ჩემი მეგობრების ჩვენებებში მონაწილეობას ვიღებ, მაგრამ ისე აქტიური აღარ ვარ, როგორც ადრე. პროფილი შევიცვალე და ახლა, ძირითადად, წამყვანის ამპლუაში ვარ, ასევე, აქტიურად ვარ ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზებით საქართველოში არაერთი საერთაშორისო კონკურსი თუ ფესტივალი ტარდება. ოქტომბერშიც 30 ქვეყანას უნდა ვუმასპინძლოთ და სამზადისი გვაქვს. თუმცა, ყველაფერი, რაც სამოდელო ბიზნესს უკავშირდება, ჩემი ჰობია, ეს ყოველთვის ასე იყო.

რაც შეეხება პროფესიას, მაგისტრატურა დავამთავრე და ორ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობ – შვეიცარიულსა და გერმანულში. ერთი ლოჯისტიკის მიმართულებაა, მეორე – მარკეტინგის და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. ორივე კომპანიაში ადამიანური რესურსების მიმართულებით ვმუშაობ და ოპერაციულ მხარეზე ვარ პასუხისმგებელი. ახლახან დეპარტამენტის დირექტორად დავინიშნე და სიახლეც ამაში მდგომარეობს. ვცდილობ, ამ მიმართულებით განვვითარდე.

– 26 წლის ასაკში მშვენიერი დასაწყისია…

– გადასარევი. ძალიან კარგად დაემთხვა. 25-ში დაბადების დღე მქონდა, მესამე დღეს კი ახალ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. კარგად დაიწყო და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება.

– კიდევ ერთი კარგი ამბავი გაქვს, თუმცა ახალი არ ყოფილა, თურმე, საკმაოდ დიდი ხანია, შეყვარებული ხარ, მაგრამ ახლა გაასაჯაროვე.

– წელიწადზე მეტია, მე და ლუკა (კაკაბაძე) ერთად ვართ. გასაჯაროებას რაც შეეხება, კი, ასეა. პირად ცხოვრებაზე ძალიან ნაკლებად ვსაუბრობდი. დიდად არც მიყვარს აფიშირება, მაგრამ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოვაქვეყნე და ამან დაინტერესება გამოიწვია. მალვასაც აღარ ჰქონდა აზრი და საზოგადოებამაც გაიგო. იმხელა რეზონანსი გამოიწვია, თვითონაც შოკირებული ვიყავით, არ ველოდით.

– როგორ დაიწყო ყველაფერი?

– ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. ერთმანეთი საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით. საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა. ერთადაც ვმოგზაურობდით ხოლმე, მაგრამ – როგორც მეგობრები. მერე ნელ-ნელა ყველაფერი უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა. ბეგრაუნდად მეგობრული ურთიერთობის გამოცდილება ძალიან წაგვადგა. პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის ისევ საუკეთესო მეგობრები ვართ და მერე ყველაფერი დანარჩენი. ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები ვართ. უკვე ერთი წელია, ჩვენი ურთიერთობის ფორმატი სასიყვარულო ჭრილში გადავიდა და სამომავლოდ, ვნახოთ. წინასწარ არ მიყვარს საუბარი.

– როგორი ადამიანია, რის გამო შეგიყვარდა?

– ძალიან განსხვავებულია იმ ტიპაჟისგან, როგორიც ჩემ გვერდით წარმომედგინა. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ. შეხედულებებიც განსხვავებული გვაქვს და ჩვენ შორის ასაკშიც სხვაობაა, ის ჩემზე ორი წლით პატარაა. ზოგისთვის ეს შეიძლება, არაფერია, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. არასდროს მომწონებია ასაკით ჩემზე პატარა კი არა, თუნდაც ჩემი ტოლა ბიჭი. სკოლის პერიოდშიც კი მაღალკლასელები მომწონდა (იცინის). ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ. ახლა ვიცინი ხოლმე, ბედის ირონიაა, რასაც ვერ წარმოიდგენ და რაზეც თავგადაკლული ამბობ, რომ გამორიცხულია, თითქოს, უფრო ის ხდება. ჩვენს შემთხვევაშიც ასე გამოვიდა. ძალიან ბევრს ვკამათობთ, მოკლედ რომ ვთქვათ, მოწყენის საშუალება არ გვაქვს (იცინის). ყველაფერი ზომიერების ფარგლებშია, გადამეტებული არაფერი ვარგა, თუმცა რაღაც დოზით კამათის გარეშეც მოსაწყენია. ყველაფერი დაბალანსებულია. მე ზოდიაქოთი სასწორი ვარ და ჩემთვის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია. ვავსებთ ერთმანეთს.

– როგორ მოხდა, რომ ზუსტად ისეთი ადამიანი შეგიყვარდა, როგორიც თითქოს შენ გვერდით მანამდე ვერ წარმოგედგინა?

– როგორც ამბობენ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები და გეგმავ, მაშინ ხდება. ჩემი ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვიყავი, როდესაც ამ ტიპის ურთიერთობა იყო ყველაზე ბოლო, რაზეც მეფიქრებოდა, მაგრამ მოახერხა და მოიგო ჩემი გული. ძალიან ყურადღებიანი და თბილია. ალბათ, ეს ყველა ქალისთვის მთავარია და დიდ როლს თამაშობს ურთიერთობაში. მეც ვფიქრობ ხოლმე, ზუსტად როდის და რა მომენტში მოხდა ეს, რა იყო გარდამტეხი, მაგრამ ყველაფერი ძალიან გაუცნობიერებლად მოხდა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მის გარეშე უკვე დანაკლისის გრძნობა მქონდა. ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად და ახლაც ასე ვართ. მიჩვევამაც დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ალბათ, უფრო მეტად, ეს ჩვენს შორის არსებული ქიმიის დამსახურებაა. შეიძლება, ორ ადამიანს შორის ყველაფერი იყოს, მაგრამ რაღაც აკლდეს, ურთიერთობა ფეიერვერკად არ იქცეს და ეს მგონია ზუსტად ქიმია, რაც ან გაქვს ადამიანის მიმართ, ან – არა. ძალიან სასიხარულოა, როდესაც ეს ქიმია დიდხანს გრძელდება.

– თავიდან უარი ხომ არ უთხარი?

– თურმე, ყოფილა მცდელობები მისი მხრიდან, რასაც მე ვერც კი აღვიქვამდი. ვმეგობრობდით, თუმცა, როგორც შემდეგ გამომიტყდა, მისი მხრიდან თავიდანვე იყო მცდელობები და არასდროს მიყურებდა, როგორც მხოლოდ მეგობარს. ჩემი მხრიდან ნამდვილად ასე იყო. იყო შემთხვევები, როცა მეგობრებიც მეუბნებოდნენ, რაღაც სხვა ხდებაო, მაგრამ უარვყოფდი, ასეთ რამეს არ ვუშვებდი, მართლა ვერაფერს ვამჩნევდი. თავიდან ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობა, რომ სანამ ყველაფერი არ გაცხადდა და სათქმელი არ ითქვა, ვერ აღვიქვამდი მის სიგნალებს ისე, როგორც უნდა აღმექვა.