“შეიძლება უცებ ავფეთქდე, ცოტა ხანს თავი უნდა დამანებო და ბოდიშსაც მოვიხდი და მუხლებზეც დავეცემი”

39

თემო საჯაიას “უცნობი მხარე”👇

– ვინ არის თემო საჯაია?

თემო საჯაია: ქართველი.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ოჯახის კარგად ყოფნაა. ასევე, ყოველგვარი გადამეტებული თავმოწონების გარეშე ვიტყვი იმასაც, რომ ჩემი ქვეყნის კარგად ყოფნაა ჩემთვის საოცნებო.

– გიკეთებია საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა, შეიძლება, გძულდა კიდეც?

– არასდროს მიკეთებია ასეთი საქმე. შესაძლოა, ძალიან ხშირად წავსულვარ კომპრომისზე, თუნდაც საქმეში, მაგალითად, მიმღერია კონკრეტულ პროექტზე მორგებული სიმღერა, რომელიც შეიძლება, სულ არ იყო ჩემთვის განსაკუთრებით სასურველი, ასეთი – კი ბატონო, მაგრამ მგონია, რომ არ უნდა აკეთო ისეთი საქმე, რომელიც უბედურს გხდის. ვფიქრობ, პატარა კომპრომისები დასაშვებია, მაგრამ შენი საქმე საკუთარ სინდისთან და ნამუსთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს. ყველაზე კარგია, აკეთო ის, რაც გაბედნიერებს. შეიძლება, ამ საქმით ფული არ იშოვებოდეს, სხვას მეტი ფინანსები და გავლენა მოჰქონდეს, მაგრამ თუ ის საქმე გძულს და უბედური ხარ მისი კეთებისას, არ უნდა აკეთო და მორჩა.

– რამდენად გულჩვილი ადამიანი ხარ?

– თუ გულჩვილობას დავარქმევთ იმ ფაქტს, რომ შეიძლება, „ჯარისკაცის მამის“ ყურებისას ცრემლი წამომივიდეს, დიდი ლიტერატურის წაკითხვის დროს, რომ ასევე, ემოციები მაწვება, მაშინ კი, ვარ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასაკის მატებასთან ერთად, მტკივნეული გამოციდილებების დამსახურებით, განსაკუთრებით ძვირფასის დაკარგვის შემდეგ, თითქოს, გული გიქვავდება. იმდენი მსგავსი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ შეიძლება, გულჩვილობა სადღაც გაქრა. თუმცა, ადამიანი ემოციურიც უნდა იყო და გულჩვილიც, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო.

– ბოლოს როდის იტირე ბედნიერი თუ მტკივნეული ცრემლით და რის გამო?

– სწორედ ეს ვიგულისხმე: 36 წლის ასაკის ადამიანს, რომელსაც მტკივნეული გამოცდილებები არ მიუღია ცხოვრებაში, რთულად შეხვდებით. ამ ასაკში, ალბათ, უკვე იმდენი სამწუხარო ამბავი გავიარეთ და იმდენჯერ ვიტირეთ, რომ საცრემლე ჯირკვლები ძველებური სიხშირით უკვე აღარ რეაგირებს.

მტკივნეული ცრემლით მართლა ბევრჯერ მიტირია. დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ძალიან ბევრი ვიტირე. ასეთი ქარიშხლის შემდეგ ბევრი რამ გადადის მეორე პლანზე. მერე რაღაცების მიმართ ცოტა გიქვავდება გული, თუმცა ეს არ მომწონს, ის მერჩივნა, როცა შემეძლო, ყველა სულელურ ფილმზე მეტირა.

ბედნიერების ცრემლს რაც შეეხება, ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდი ბედნიერებები მახსოვს და არასდროს დამავიწყდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილის დაბადებაა. საკეისრო კვეთას, ბევრთან ერთად, კიდევ ერთი ის პლუსი ჰქონია, რომ ახალშობილს პირველად მამის გულზე აწვენენ. დედა, რა თქმა უნდა, მთავარია ამ პროცესში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ მამებისთვის ეს განსაკუთრებული მომენტია. ჩემი შვილი საკეისრო კვეთით გაჩნდა და როდესაც ის გულზე დამაწვინეს, ბედნიერებასგან არ მიტირია, ცრემლი არ წამომსვლია, მაგრამ თუ კი არსებობს ბედნიერების მწვერვალი, მაშინ განვიცადე. თუ შეიძლება, ასე ითქვას, იმ წამის განმავლობაში მე ვიყავი ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე, როდესაც პირველად მივიღე ჩემი შვილი გულზე.

– ბევრი მამაკაცი მალავს ცრემლს, სისუსტის ნიშნად მიაჩნია. რას ფიქრობ ამაზე?

– პირიქით, სისუსტე ის მგონია, როცა მალავენ. აბა, მაშინ რაშია აზრი?! ყველაზე მამაცი ადამიანი ავიღოთ, რომელიც სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასს, საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს, მაგრამ ომში თუ მეგობარს და თანამებრძოლს მოუკლავენ, არ იტირებს? და თუ იტირებს, სუსტი იქნება? პირიქით მგონია. ვინც მალავს, ის უფროა სუსტი, თუმცა, ასეთი რადიკალიზმიც არაა მართალი. შეიძლება, ცრემლების დამალვა ერთგვარი ფარია და არც ასეთი ადამიანია სუსტი, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ცრემლის გამოჩენა არ „ტეხავს“.

– რას გააკეთებდი, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგო?

– აზრს გამოცლილი მგონია ამის წარმოდგენა. ცხოვრებაში ერთხელ მოვიგე 20 000 ლარი პროექტ „ერთი ერთში“ და იმდენი შრომა დავხარჯე ამისთვის, ქალის ფორმაც მოვირგე, რაც კაცისთვის მარტივი არ იყო (იცინის). იმდენი ვიწვალე, რომ გამორიცხულია, ვინმეს ასე დაეცეს თავში მილიონები. ამხელა ფული მხოლოდ წვალებით, შრომით, ბრძოლით და ზოგჯერ ცუდი საქმეების კეთებით მოდის. მე მგონია, რომ ასეთები ზუსტად ნაკლებად „ისვრიან“ ფულს. მე რომ მილიონები მოვიგო, ვინატრებდი ადამიანობა არ დამეკარგა.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე მცდარ ნაბიჯად, რასაც შეიძლება სინანულიც უკავშირდებოდეს?

– ეჭვის თვალით ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ წარსულში არაფერს შეცვლიდნენ. რომ არაფერს ნანობენ და ისევ ისე მოიქცეოდნენ, როგორც წლების წინ. ღმერთმა ყველას გაუმარჯოს, თუ ამას გულწრფელად ამბობენ, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია. ათი და ოცი წლის წინ კი არა, ერთი წლის წინ რომ დამაბრუნონ, ბევრ რამეს მაინც სხვანაირად გავაკეთებდი. ვნანობ კიდეც და დანაკლისის განცდაც მაქვს იმდენ რამესთან მიმართებით, რომ ერთ კონკრეტულს ვერც გამოვყოფ. პროფესიაშიც, ურთიერთობებშიც. სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, რისთვისაც სასჯელს ვიმსახურებ, ასეთ სიმძიმეებს არ ვგულიხმობ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის გარეშეც ბევრ არასწორ ნაბიჯს ვდგამთ მშობლებთან, მეუღლესთან, მეგობრებთან თუ სხვებთან ურთიერთობაში. დღევანდელი გადმოსახედიდან ბევრ რამეს არ გავაკეთებდი. პროფესიულადაც ბევრ რამეს შევცვლიდი. იყო შემოთავაზებები, მაგალითად, ძალიან ახალგაზრდა ასაკში შემეძლო, წავსულიყავი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად, „ბერკლიც“ განიხილებოდა, მაგრამ არაერთი მიზეზის გამო უარი ვთქვი და ვნანობ. ალბათ, ცხოვრების აზრიც იმაშია, რომ მოჭადრაკესავით 30 და 40 სვლით ადრე არ შეგიძლია გათვალო, შეცდომები მოგდის. ადამიანი ხარ და ცოდვასაც სჩადიხარ.

– აღიარება და ბოდიშის მოხდა თუ შეგიძლია?

– როცა ვხვდები, რომ შეცდომა მომივიდა, როცა დამნაშავე ვარ, რა თქმა უნდა, შემიძლია. გურული ვარ, შესაბამისი ხასიათით, ეს დიაგნოზივითაა, სხვა ხალხი ვართ გურულები, ფეთქებადები (იცინის). ემოციური ვარ, ხანდახან აფექტური, შეიძლება, უცებ ავფეთქდე და ისეთი რამ ვთქვა, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობ. გასაღები მარტივია – ცოტა ხანი თავი უნდა დამანებო და მალე აუცილებლად მივხვდები ჩემს შეცდომას, ვაღიარებ, ბოდიშსაც მოვიხდი, მუხლებზეც დავეცემი და გადავყვები კიდეც ადამიანს. ეს ნამდვილად შემიძლია. შეცდომაში გაჯიუტება არ მახასიათებს. თუ ვხვდები, რომ დანაშავე ვარ ათიათასჯერ ვაღიარებ და ამდენივეჯერ ბოდიშს მოვიხდი.

– როდის ყოფილხარ ყველაზე სასტიკი?

– რთული საკითხია. როგორც ვთქვი, გურული ვარ და შეიძლება, ტემპერამენტის გამო ავფეთქდე, მერე კი ძალიან ვინანო. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომელზეც რაღაც დროის შემდეგ სხვანაირად დავფიქრებულვარ. მაგალითად, არ მიმიტევებია ადამიანისთვის და მერე ეს ძალიან განმიცდია. როცა ადამიანი პატიებას გთხოვს, შენ ხვდები, რომ გულწრფელად ინანიებს, რაც შეეშალა, მაგრამ შინაგანი სისულელე გასასტიკებს და არ უტევებ – ეს მგონია სისასტიკე. გამიკეთებია ასეთი რამ და დრო რომ გასულა, მინანია. მერე უკვე გზაც მოჭრილია, რომ მიხვიდე და ამის შესახებ უთხრა, თუმცა ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ნებისმიერ დროს შეგიძლია ეს ნაბიჯი გადადგა. სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვცხოვრობთ იმ მოძღვრებებით, რომელიც გენეტიკაში გვიდევს. ძალიან არ მომწონს, როცა ამას ჩემში ვიჭერ, მაგრამ გამომიცდია.

– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?

– რთული შეკითხვაა. 2019 წელს დედაჩემს ძალიან უცნაური სიმსივნე აღმოჩნდა. ძალიან სწრაფად და მწვავედ პროგრესირებადი. გასაგებია, დედის დაკარგვის შიში, მაგრამ ყველაზე დიდი იმის შიში იყო, რომ არაფერი არ შეგიძლია ბუნების წინააღმდეგ. ისეთი დიაგნოზი იყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წასულიყავი და რაც არ უნდა გაგეკეთებინა, რამდენიმე თვეში ლეტალური შედეგი მაინც დადგებოდა. ფული გაქვს, სანაცნობო წრეც, მაგრამ გეშინია, რადგან ისეთი პრობლემის წინაშე დგახარ, რომ არაფერი შეგიძლია. საერთოდ, ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში ამის შიში მაქვს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე – გამწვავებულად. მეშინია, ისეთი რამ არ მოხდეს, რისი მოგვარებაც ჩემს ძალებს აღემატება. თუ საჭიროა, ყველაფერს გაყიდი, რაც დედამიწის ზურგზე გაბადია, თუ ნაცნობი გჭირდება, მასაც გამონახავ, მაგრამ არის მომენტი, როცა რაც არ უნდა გააკეთო, შენს ძალებს აღემატება. არა მხოლოდ მაშინ, დღესაც სერიოზული შიში მაქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთხელ არ მოხდეს ასეთი რამ.