“ძალიან დიდი კომფორტი გამიწირავს პრინციპების გამო”

33

იღბალი და შრომისმოყვარეობა, რომელს აქვს წარმატებაში მთავარი როლი? – ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებას ზაზა ხუციშვილი გაგვაცნობს.

ზაზა ხუციშვილი: არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით იღბლიანი ადამიანი ვარ. ყველაფერი, რაც მუსიკასა თუ ცხოვრებაში გამიკეთებია, კონკრეტული გარემოებების დამსახურება უფრო იყო, ვიდრე იღბლის. იმასაც გააჩნია, ვინ რას ეძახის იღბალს, საკამათო თემაა. პარალელისთვის აკაკი წერეთლის „გამზრდელს“ გავიხსენებ – გამზრდელი აქცენტს აღზრდაზე აკეთებს, მაგრამ ყველას გვახსოვს ავტორის პოზიცია: „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამაც არ უშველა“. რთულია იმის განსაზღვრა, რომელი უფრო დიდ როლს ასრულებს ცხოვრებაში. შეიძლება, ასე მივუდგეთ წარმატების მიზეზსაც. გადაჭრით ვერ იტყვი, რა წვლილი მიუძღვის იღბალს და რა შრომისმოყვარეობას. როდესაც ადამიანს დიდი ტალანტი აქვს, მნიშვნელოვანია ამის საქვეყნოდ გამოატანა, რაშიც იღბალიც დიდ როლს თამაშობს და სანაცნობო წრეც, თუმცა, ნაკლები ნიჭის მქონე ადამიანსაც შეიძლება, შეხვდეს ისეთი საპროდიუსერო ჯგუფი, რომელიც მის კარიერას ძალიან წარმატებულს გახდის, მაგრამ ასეთი ადამიანები ვერასდროს შექმნიან ისეთ გენიალურ შედევრებს, როგორებსაც დიდი მუსიკოსები ქმნიან. შეიძლება, სერიოზული ქონება დააგროვონ, წარმატებულებიც გახდნენ, მაგრამ მათ არასდროს მოიხსენიებენ ისეთი გენიოსების გვერდით, რომლებმაც ჩვენ მუსიკა შეგვაყვარეს. დღეს შეცვლილია მიდგომები. ათეულობით წლის წინ ადამიანის ნიჭი და წარმატება ერთმანეთთან იყო მიბმული. დღეს პოპულარული და წარმატებული შეიძლება გახდეს ისეთი მუსიკოსიც, რომელიც არაფრით არის განსაკუთრებული, გარდა კონტაქტებისა – ეს შეიძლება, იყოს იღბლის დამსახურება.

ზოგადად კი, მგონია, რომ ადამიანი იღბალზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, პროფესიის შერჩევისას საკუთარი ნიჭის სწორად განსაზღვრა, შემდეგ კი შრომისმოყვარეობა მგონია.

– თქვენ რამდენად შრომისმოყვარე ხართ?

– მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა, საათობით მეცადინეობა არასდროს შემეძლო. ვმეცადინეობდი ფორტეპიანოზეც, გიტარაზეც, მაგრამ 7 საათი დღის განმავლობაში ერთი და იმავეს კეთება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. იმავეს ვერ ვიტყვი ფიზიკურ შრომაზე. რამდენჯერმე გაშუქდა ჩემი აგარაკი, რომელიც ახალდაბაში მაქვს. 70 პროცენტი, რაც ეზოში გავაკეთეთ, მათ შორის კედლების აშენება, სარწყავი სისტემები, ბილიკები თუ მცენარეების დარგვა, ჩემს თავზე ავიღე. იქ სამუშაოების უმეტესობა ჩემი ხელითაა შესრულებული. ახლა პირველი სართული შემოვაშენეთ და ყველა ხელოსნის სამუშაო ჩემი ხელით შევასრულე. „იუთუბის“ დახმარებით შედუღებაც ვისწავლე, ღებვაც და ასე შემდეგ.

კიდევ ერთი ახალი გატაცება მაქვს – მეღვინეობა და ახლა სწორედ ის დროა, როცა 2-3 საათში ერთხელ ქვევრებთან მივდივარ, ვუვლი და ძალიან ვუფრთხილდები. პირდაპირი გაგებით, მთელი დღე შრომაში ვარ სხვადასხვა მიმართულებით. პარალელურად, მუსიკასაც ვუთმობ დროს, ახალ სიმღერებზე ვმუშაობ.

– როდის აძლევთ თავს სიზარმაცის უფლებას?

– დასვენება ადამიანისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საჭიროებაა. წარმოუდგენელია ამის გარეშე პროდუქტიულად იმუშაო. როდესაც დიდ სამუშაოს ვასრულებ, მაგალითად, ვღებავ, შეიძლება, დღე-ნახევარის შემდეგ თავი დავანებო და სხვა საქმით დავკავდე. არის ისეთი დღეები, როდესაც საერთოდ არაფრის კეთების განწყობა არ მაქვს. შეიძლება, ერთი ან ორი ასეთი დღე დასჭირდეს ადამიანს, ყოველ შემთხვევაში, მე. ხანდახან არაფრის კეთებაც კარგია. დასვენება, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა, გასეირნება ბუნებაში – ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ოთხი წელი ვიყავი პარლამენტის წევრი. ძალიან მწყინს და არასერიოზულად აღვიქვამ, როცა ამბობენ, პარლამენტარები არაფერს აკეთებენო. პირდაპირ გეტყვით, ისეთი დაღლილი, როგორიც პარლამენტიდან მოვდიოდი, მთელი დღე რომ ფიზიკურად ვიმუშაო, მაშინაც კი არ ვარ. თუ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია და მოვალეობებს გულგრილად უდგება, მაშინ – კი, ბატონო, მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთი დღე მაჟორიტარი პარლამენტარის ცხოვრებიდან, როდესაც მას მოქალაქეების მიღება აქვს და მათსა და მათი ოჯახის წევრების გასაჭირს ისმენს – იქნება ეს ჯანმრთელობის თუ ფინანსური პრობლემები. რა გული უნდა გქონდეს, როცა უამრავი ადამიანი, საკუთარი გულისტკვილის შესახებ გიყვება, რომ ამან შენზე არ იმოქმედოს?! ამას დაუმატეთ უამრავი კანონპროექტის გაცნობა, რომელსაც რომანივით ნამდვილად ვერ წაიკითხავთ და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება, პასუხისმგებლობა გქონდეს, პარლამენტში იყო და არაფერს აკეთებდე?! პირიქით, ეს ძალიან მძიმე შრომაა და ეს პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და რთული იყო ჩემს ცხოვრებაში.

– არის რამე, რაშიც თავს უიღბლოდ მიიჩნევთ, რადგან არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ გამოგივიდათ?

– შეიძლება ხმამაღალი განცხადება იყოს, მაგრამ რაც ჩემს ჯგუფს, „ვაკის პარკს“, გაგვიკეთებია მუსიკალურ ასპარეზზე, იმის შესაბამისი წარმატება კომერციული თვალსაზრისით არ გვქონია. ცნობადობა – კი, ბატონო, მაგრამ სუფთა სალაროს კუთხით თუ შევაფასებთ, ასეა. ამის შესაძლებლობა ახლა უფრო გამოჩნდა. ვთვლი, რომ ქართული შოუბიზნესისთვის საუკეთესო წლები 90-იანების მეორე ნახევარში იყო და ახლაა. ახლა ძალიან ბევრი მუსიკოსი საკმაოდ ნორმალურად ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ მუსიკალური შემოსავლით, რაც უმნიშვნელოვანესია. არ შეიძლება, მუსიკოსი სულ ხელისუფლებისკენ იყურებოდეს და ელოდეს, რომელ სამთავრობო კონცერტზე რამდენს გადაუხდიან. ჩემთვის უმთავრესია, ღია სალაროზე მუშაობა, როდესაც ადამიანები მუსიკოსს აფასებენ და მისი კონცერტის მოსასმენად გარკვეულ თანხას იხდიან, თუნდაც არც ისე ძვირს. შემიძლია, ვთქვა, რომ უკვე ორი წელია, ჩვენი კონცერტები საკმაოდ დასწრებადია, რაც ძალიან მახარებს. იყო დრო არ გამოდიოდა, მაგრამ მცდელობებისთვის თავი არ დაგვინებებია და ახლა, ამ მხრივ, უკეთესობა იგრძნობა.

– წარუმატებლობის დროს, რა გეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში?

– ერთ-ერთი რთული პერიოდი პარლამენტში მუშაობას უკავშირდება. მაშინ დავინახე, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილიდან ჩვეულებრივი ფრონტი გაიხსნა ჩემი მიმართულებით. მაბრალებდნენ ყველაფერს, წერდნენ ათას სისულელეს, ისეთ რამეს, რაც არ მითქვამს და ჩემი პასუხი ნაკლებად აინტერესებდათ. როცა ბრალდება გაჟღერდება, უამრავი ადამიანი ნახულობს, შემდეგ მიდის სოციალურ ქსელებში ლანძღვა-გინება. დავფიქრებულვარ ხოლმე, ნუთუ, ეს ადამიანები უშვებენ იმას, რომ მომაწერონ, რაც რეალურად არ მითქვამს ასეთი რამ ან არ გამიკეთებია და ელემენტარულ პასუხისმგებლობას თუ გრძნობენ, როცა ამხელა ტკივილს გაყენებენ-მეთქი?! მგონი, ეს საერთოდ არ აინტერესებთ. მხოლოდ ჩემს თავზე არ ვგულისხმობ, ზოგადად, ასეთია დამოკიდებულებები. რეალურად, ძალიან მძიმეა, როცა ადამიანს დაუმსახურებლად ლანძღავ.

ვერ გაიხსენებთ, რომ მე პოლიტიკური ოპონენტისთვის ეთერში ან სადმე სხვაგან შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ შეიძლება, იმ ადამიანს შესანიშნავი მშობლები, შვილები და მეუღლე ჰყავს, ისინიც უყურებენ ამ ყველაფერს და ეს არავისთვისაა მარტივი. ჩემთვის ამომავალი წერტილი ერთია – ღმერთის, საკუთარი სინდისისა და შენი ქვეყნის წინაშე უნდა იყო მართალი. ყველას მოსაწონი ნამდვილად ვერ იქნები. რაც არ უნდა გაავაკეთოთ, ცუდის მთქმელი არ გამოილევა. ამიტომ მთავარია, შენ იცოდე, რომ მართალი ხარ. რაც შეეხება რთულ მომენტებში ფეხზე წამოდგომას, ასეთ დროს ოჯახი და მეგობრები მეხმარებიან. ძალიან კარგია, თუ გონების სხვა საკითხზე გადართვას შეძლებ. მოკლედ, ბევრი გზა არსებობს.

– სასურველი მიზნისთვის დიდი მსხვერპლის გაღება თუ შეგიძლიათ?

– ალბათ, არა. ცოტა აბსტრაქტული კითხვაა. ყველა ადამიანს უფიქრია, რას გააკეთებდა, მისი საყვარელი ადამიანი რომ განსაცდელში აღმოჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, მსგავსი წარმოდგენები არასწორია. არავინ იცის, რას გააკეთებს, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდება. მხოლოდ იმ მომენტში მიხვდები, რაზე ხარ წამსვლელი. სად შეგეშინდება და სად დაიხევ უკან – ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ. ზოგადად კი, იმისთვის, რომ რაღაცას მივაღწიო, ყველაფერზე ხელის მომწერი ნამდვილად არ ვარ. პირიქით, ძალიან დიდი კომფორტი გამიწირავს პრინციპების გამო და ეს არაერთხელ გამიკეთებია.

უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ნიჭიერმა ადამიანმა სიზარმაცის გამო ვერ მიაღწია წარმატებას და ასევე, საშუალო ნიჭის მქონე ადამიანებისა, რომლებიც შრომისმოყვარეობის ხარჯზე გახდნენ წარმატებულები.