“ვერ წარმომიდგენია ისეთი კაცი მომეწონოს, რომელსაც საკუთარი დედა არ უყვარს და მას ცუდად ესაუბრება”

30

მოდელი ემილია სისაური ბოლო პერიოდში ნაკლებად ჩანს. ამის მიზეზებზე მასთან ვისაუბრეთ და ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება.

ემილია სისაური: ბოლო პერიოდში აღარ ვჩანვარ ისე აქტიურად, როგორც ადრე. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩემს ინტერვიუებს საკმაოდ სკანდალურ სათაურებს უკეთებდნენ, არარეალურს, რაც ჩემთვის მისაღები არ იყო. აქედან გამომდინარე, ინტერვიუებზე აღარ ვთანხმდებოდი. ვერ ვიტყვი, რომ ამით რამე დამაკლდა. ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს და პოპულარობისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშეც, კარგად ვგრძნობდი თავს. არიან ადამიანები, ვინც დღემდე მცნობენ, ვიღაცები ვერ მცნობენ – ამას არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის პოპულარობა არ არის ასეთი მნიშვნელოვანი.

– როგორია ახლანდელი საინტერესო ცხოვრება?

– სამსახურია ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი. ბავშვობიდან მოყოლებული ვმუშაობ და მუდმივად ვცდილობ, განვვითარდე, ვისწავლო. ამ ეტაპზე კომპიუტერულ პროგრამებს ვსწავლობ და სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ – ოფისმენეჯერი ვარ და ასევე, გაყიდვებშიც ვარ ჩართული. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, თუმცა ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს, ვცდილობ, საინტერესო ადგილები მოვინახულო. ცხოვრებაში ბევრი დეტალით შეიძლება სიამოვნების მიღება და ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია.

– თავდაპირველად გარკვეული ნაბიჯები გადადგი პოპულარობისთვის. როგორ გახსენდება ის პერიოდი?

– ბავშვობაში პოპულარობა მინდოდა, გადაღებებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ გარკვეული წლების შემდეგ ჩემი კონკრეტული გადაღებები ესთეტიკურად აღარ მომეჩვენა და ძალიან ბევრი ფოტო წავშალე. მხოლოდ ის დავტოვე, რაც მომწონდა. შემოთავაზებები ახლაც მაქვს და თან, საკმაოდ ხშირად სხვადასხვა უცხოური ბრენდებიდან. კოლაბორაციებიც მაქვს, თუმცა, ამას მუდმივი სახე არ აქვს. როცა დრო მაქვს, მაშინ ვიღებ მონაწილეობას. საქართველოშიც მივიღე მონაწილეობა რამდენიმე ჩვენებაში. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში სამოდელო საქმიანობას ისევ უჭირავს გარკვეული ადგილი, თუმცა ამას პოპულარობისთვის აღარ ვაკეთებ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროცაა.

– საკმაოდ თამამი ფოტოები იყო, სკანდალური სათაურებიც ამას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, საკმაოდ სკანდალურ გოგოდ გაგიცნო საზოგადოებამ.

– დიახ, ასეა. ზოგადად, მე ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ და ჩემთვის შეუსაბამო იყო ის ყველაფერი. ამიტომაც გადავწყვიტე, როგორიც არ ვარ, ისეთად არ მიცნობდნენ და შესაბამისად, შორს ვიყო სკანდალებისგან. გადავწყვიტე, ამ კუთხით ჩემი ცხოვრება სრულიად შემეცვალა. ახლა ბევრად კომფორტულად, მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. თამამ ფოტოებსაც აღარ ვდებ. მხოლოდ ესთეტიკურად დახვეწილ ფოტოსესიებში ვიღებ მონაწილეობას.

– როგორც მითხარი, შეყვარებული არ ხარ, თაყვანისმცემლებზე უნდა ვიკითხო, როგორ ცდილობენ ყურადღების გამოხატვას?

– ბევრნაირად შეიძლება, ყურადღების გამოხატვა. საჩუქრები, მოკითხვა, ბევრი რამ შეიძლება გააკეთო ადამიანისთვის, რომელიც მოგწონს. ძირითადად, ეს მაინც საჩუქრებით გამოიხატება ხოლმე. სასიამოვნოა, როცა ადამიანი შენს გახარებას ცდილობს. არ არის აუცილებელი, საჩუქარი ძვირად ღირებული იყოს. თუ ადამიანის მიმართ შენც იმავეს განიცდი, ელემენტარულიც კი ძალიან გახარებს და ქალისთვის ასეთი ყურადღება მნიშვნელოვანია.

– უპირველესად რით იქცევს მამაკაცი შენს ყურადღებას?

– პირველ რიგში, ავტორიტეტით. ანუ, კაცმა უნდა იცოდეს საკუთარი სიტყვის ფასი, ქალთან მოპყრობა, მისი დაფასება და პატივისცემა. უნდა იყოს ინტელექტუალი და შემდგარი ადამიანი. ამითაც უნდა მიიქციოს ყურადღება. გარეგნობა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. გარეგნობის გარდა ძალიან ბევრი რამ არის, რითაც კაცს ქალის მონუსხვა და მისთვის თავის შეყვარება შეუძლია. შემდგარი, ჩამოყალიბებული და დასაქმებული ადამიანი ნიშნავს რეალიზებულს. მე არასდროს მიცხოვრია უინტერესო ცხოვრებით. ბავშვობიდან ვმუშაობ, საკუთარი თავის განვითარებაზე ვზრუნავ, შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ანალოგიურად უნდა ფიქრობდეს ამაზე. პერსპექტიული უნდა იყოს, ამასთან ერთად, ყურადღებიანიც.

– როგორი მამაკაცი ვერ იქნება ვერასდროს შენ გვერდით?

– მატყუარა, მოღალატე და მოთამაშე მამაკაცი ვერასდროს იქნება ჩემ გვერდით. მე მას ყველანაირად შევუწყობ ხელს, როგორი მოცემულობაც არ უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს გულწრფელი, ჩამოყალიბებული და შემდგარი, როგორც აღვნიშნე.

ვერ ავიტან ისეთ ადამიანს, რომელიც შეიძლება, ჩემს გვერდით იყოს და თუნდაც, ელემენტარულს მატყუებდეს. ძალიან კარგად მაქვს განვითარებული ქალური ინტუიცია. ასეთი შემთხვევა არასდროს მქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალი მაშინვე იგრძნობს, თუ მამაკაცი სხვაზე ფიქრობს და სხვასთან აქვს ურთიერთობა. გამორიცხულია, ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს ვუღალატო, როგორ ურთიერთობაშიც არ უნდა ვიყო მასთან. შესაბამისად, იმავეს ვითხოვ მისგანაც.

– რამდენად რთულია შენი მოხიბვლა?

– ზოგადად, ძალიან მიჭირს მამაკაცის ნდობა. მიმაჩნია, რომ ადამიანი ძალიან კარგად უნდა გამოცადო, სანამ მასთან ურთიერთობას დაიჭერ და დიდი ხნის განმავლობაშიც უნდა დააკვირდე. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი მატყუარა კაცი არსებობს და მე ურთიერთობაში მარტივად ვერ შევდივარ. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, ძალიან თბილი, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცთან ურთიერთობაში მარტივად შევდივარ. პირიქით, ეს ძალიან რთულად გამომდის და სწორიც მგონია. ნდობას მოპოვება სჭირდება და თუ ამას შეძლებს, მერე შეგვიძლია, გარკვეული ურთიერთობის დამყარება. საერთოდ, მგონია, რომ ადამიანზე დაკვირვება აუცილებელია ორივე სქესის მხრიდან. ძალიან ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცს თავის ოჯახი უყვარდეს. დიდ ყურადღებას ვაქცევ, როგორ ესაუბრება ის საკუთარი ოჯახის წევრებს, დედას. ვერ წარმომიდგენია, ისეთი კაცი მომეწონოს, რომელსაც საკუთარი დედა არ უყვარს და მას ცუდად ესაუბრება.