“რუსეთში ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ქართულ დროშას ვაფრიალებთ…“ – გაიცანით მამა-შვილი, რომელთა ვიდეოებიც სოციალურ ქსელებს იპყრობს

25

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება მამა-შვილის სახალისო ვიდეოები, რომელსაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს. კონტენტი ორენოვანია, ქართულ-რუსული. ვიდეოების ავტორი მარიკა სახელაშვილია, რომელმაც დამსახურებული მოცეკვავე და ქორეოგრაფი მამა, დიმა სახელაშვილი, სულ სხვა რაკურსით, ფართო საზოგადოებას გააცნო.

მამა-შვილის ურთიერთობა ქართულ რეალობას ასახავს და ბევრი ალბათ, საკუთარ თავს ამოიცნობს.

წლების წინ, ოჯახი საქართველოდან სოჭში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ იქ დაიწყეს ქართული ტრადიციების გაგრძელება – ჩვენი ნაციონალური ცეკვების პოპულარიზაცია. ანსამბლის სახელიც „იმერეთი“ სიმბოლურად შეირჩა.

 

უფრო მეტს ჩვენი სტატიის გმირი, მარიკა გვიამბობს:

მარიკა სახელაშვილი: – სოჭში მამაჩემი ქართული ცეკვის ქორეოგრაფია და იქ დააარსა ანსამბლი „იმერეთი“. მისი გული და სული იმერეთს ეკუთვნის და შესაბამისად, ეს სახელიც ამიტომ დაარქვა. ქალაქი პატარაა და ბევრი ადამიანი იცნობს. მეც როგორც დიმა ბიძიას შვილი, მარიკა, ისე მიცნობენ.

როცა ჩემს პირად გვერდზე მამაჩემის ვიდეოს ან ფოტოს ვდებდი, ყოველთვის დიდი გამოხმაურება ჰქონდა. არ ვაპირებდი და არც ვთვლი, რომ ბლოგერი ვარ, უბრალოდ, მსიამოვნებს, როცა მამა ბევრს თავის ადამიანს ახსენებს. იმ სითბოს და სიკეთეს ამჟღავნებს, რაც აქვს…

პირველი ვიდეო, რომელიც გავრცელდა, რუსულენოვანი იყო. 32 წლის ასაკში დავოჯახდი. მამას ეს თან უნდოდა, თან არა, რადგან სულ ჩემთან ერთად ყოფნასაა მიჩვეული.

ყველამ, ვინც ჩვენ გვიცნობს, იცის, რომ გიჟი მამაა, ვერავის ხედავს ჩემს იქით… ვიდეოში ვუთხარი, რომ მისთვის სიურპრიზი მქონდა. თხოვდებიო? ასეთი რეაქცია იყო… ეს ვიდეო ძალიან „გავარდა“, ალბათ, ბევრმა საკუთარ თავზე გააიგივა.

მაქსიმალურად ტრადიციულად გამზარდეს. შეიძლება მამიკოს ისეთ კითხვებს ვუსვამ, რომ ზოგს ეგონოს, ამ გოგოს ნუთუ ამდენი არ ესმისო, უბრალოდ მინდა, მამაჩემის ახსნა-განმარტება გაიგოს ხალხმა.

მამა კოლორიტია… დაბადებული ვარ საბჭოთა კავშირში, ვარ ქართველი და ჩემს ქართველობას ყველას ვანახებო. განცდა მაქვს, რომ მამაჩემის რუსული აქცენტი და ქართული კილო ყველა ეროვნებას, რაც კი არსებობს, გააერთიანებს.

 

– როგორ მოხვდით სოჭში?

– ქუთაისში დავიბადე, 5 წლამდე იქ ვცხოვრობდით. 1998 წელს მამა დოლით ხელში წავიდა სოჭში და ქართულ ეროვნულ ცეკვებს მიუძღვნა თავი. სამ თვეში მასთან მე და დედაც ჩავედით. 6 წელი იქ შემისრულდა. სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური, მეგობრები – ყველა და ყველაფერი იქ იყო.

მამაჩემი განსაკუთრებული ადამიანია. სკოლაში დამყვებოდა, ექიმთან მივყავდი. დედა არაჩვეულებრივი, ოჯახის ქალია, მაგრამ ყველგან, ყოველთვის გვერდით მამა მყავდა. „Это моя дочка“ ამბობდა. ყველას აგებინებდა, რომ მისი „дочка“ ვიყავი. (იცინის).

– თუ გქონიათ სოჭში ცხოვრების პერიოდში რაიმე დისკომფორტი, თავის დამკვიდრების პრობლემა?

– იქ ბევრი ქართველი ცხოვრობს. არანაირი დისკომფორტი არ გვიგრძნია. ყოველ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ვაფრიალებთ ქართულ დროშას, ვცეკვავთ ქართულ ცეკვებს. არანაირი შეზღუდვა, დიდ დაფასებასა და პატივისცემას ვგრძნობთ.

რუსეთში ქართულ საქმეს ვაკეთებთ. სოჭი პატარა ქალაქია, იქ არის პატარა სოფელი პლასტუნკა, სადაც ქართველები ცხოვრობენ, მამას ანსამბლი აქვს, „პლასტუნკა“, ახლა მის საქმიანობას მოცეკვავეები აგრძელებენ. შეზღუდვა, შევიწროება არასდროს გვქონია.

მამაჩემი საქართველოშიც დამსახურებული ქორეოგრაფია და 2014 წელს, ოლიმპიადის შემდეგ,  დამსახურების გამო, სოჭში ბინა გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებისთვის მისი რუსული გაუგებარია, ყველას უყვარს.

– რა სიხშირით ჩამოდიხართ სამშობლოში?

– ყოველ ზაფხულს აქ ვატარებთ. გვქონდა რეპეტიციები, კონცერტები… მხოლოდ ზაფხულში არა, რომ მომენატრებოდა ჩემი საქართველო და ხალხი, ისეც ჩამოვდიოდი.

– ოჯახი საქართველოში შექმენით. როგორ გაიცანით ერთმანეთი?

– ერთმანეთი ინტერნეტ სივრცეში გავიცანით. „ინსტაგრამზე“ ჩემი ვიდეოები ნახა და აქედან დაიწყო ყველაფერი. მის დაბადების დღეზე, 15 სექტემბერს შევქმენით ოჯახი.

 

– მამა  თქვენგან სიშორეს ძალიან განიცდის, ვიდეოც გავრცელდა…

– ზოგადად, მამაჩემი მძაფრად რეაგირებდა, თუ ვინმე გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში – ჩემი მეუღლის შემთხვევაში, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. რომ ამბობენ, გულს მალამოდ მოედოო, ასე მოხდა… ჩემგან შორს ყოფნა უჭირდა… ამდენწლიანი შრომით აწყობილ საქმეს ასე უცბადაც ვერ მიატოვებდა. ქორეოგრაფები გვერდით უდგანან, მაგრამ უცებ მაინც ვერ გადმოვა ჩემთან. თუმცა, ყველანაირად ვცდილობთ, რომ მალე ჩამოვიდეს, მეც უფრო მშვიდად ვიქნები.

ერთ-ერთ ვიდეოში მეუბნება, რომ გადახვალ თბილისში, ხომ ხშირად დამირეკავო. მეც ხუმრობით ვეუბნებოდი, თავიდან არ მეცლება მეთქი. 2 დღის გათხოვილი ვიყავი, 12:00 საათზე ველაპარაკე და 3 საათზე მომწერა, „მამა ხომ ხარ კარგად, ასე რატომ დამივიწყეო“. სულ უნდა, ხაზზე ვიყო. ახლა რომ ვიყავი ჩასული, ვკითხე, მამა ეს ხალხი რატომ ამიმხედრე-მეთქი, მასე გინდა მამა, უფრო ხშირად ხომ დამიწყე რეკვაო (იცინის).

ვუთხარი, ხალხს შენი სიძე აინტერესებს-მეთქი. ჩემი მეუღლე ცოტა დაკავებულია და ხშირად ვერ ეკონტაქტება. მამამ იმერული კილოთი მიპასუხა, მამა, ხალხს კი არა, ჩემი სიძე მეც მაინტერესებს, რავა გამოიყურებაო (იცინის).

მამა ძირითადად გასულია, მაგრამ დედას უფრო გაუჭირდა ჩემს გარეშე ყოფნა.

– საბოლოოდ, აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?

– სადაც უნდა იყოს ქართველი ადამიანი, მისი ფესვები მაინც აბრუნებს უკან. მას თავისი ახალგაზრდობა საქართველოში აქვს გატარებული. შეიძლება, მე აქ არ გავზრდილვარ, მაგრამ საქართველო ჩემი ქვეყანაა, ქართველი ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი მშობლებიც დაუბრუნდებიან აქაურობას.

 

– ყველა ვიდეო ძალიან რეალური და ემოციურია. ექსპრომტად იფიქრებ?

– „მილიციაზე“ ორი სცენა იყო მოსალოდნელი, მამას შეიძლება, გინება დაეწყო, რადგან ქართველი, იმერელი კაცია და თუ გაბრაზდა… თან შვილის გამო… ან უნდა „ეჯიგრა“ და ეთამაშა. მართლა არ მეგონა, რომ ასე გამოვიდოდა – ფეხზე ბინტი ჰქონდა შემოხვეული, რომელიც იოდით იყო დასვრილი. ეს ვიდეო ისე „გავარდა“, არც ველოდი. ყველაფერი ექსპრომტად ხდება, არასდროს არაფერს ვდგამთ. ზოგჯერ მეშინოდა, ცუდად არ გამხდარიყო.

ერთი დიდეოა, მაღაზიიდან გამოვრბივარ, მამა, დროზე, დაცვა მომსდევს მეთქი. ვითომ „დოშირაკი“ მოვიპარე. ისე ინერვიულა და განიცადა, სახეზე ეტყობოდა… მერე სიცილი ამიტყდა, მამა, მართლა დაიჯერე, რომ მოვიპარავდი მეთქი? მაგაზე კი არა, შემეშინდა, ტელევიზიით არ გამოეცხადებინათ და არ ეთქვათ, დიმას გოგომ ქურდობა დაიწყოო (იცინის).

 

ჩემი ძალიან სჯერა, თეთრზე რომ ვთქვა, შავია მეთქი, მართლა დაიჯერებს და შავი ეგონება. ახლა მასთან ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი ლანაა, რომელმაც ბოლო ვიდეო გადაიღო.

ახლოს ვართ, არის პირდაპირი რეისები და 50 წუთი გვჭირდება, ხან მე წავალ, ხან ის ჩამოვა. თუმცა, დედას ცოტა უჭირს მგზავრობა, ვიდეოშიც ამბობს, ცოლს ვერ დავტოვებო. გარდა იმისა, რომ საუკეთესო მამაა, არის უმაგრესი მეუღლე. შეიძლება, ღამე გაგითენოს, ისე ინერვიულოს და განიცდის, ოღონდ კარგად იყო. მიუხედავად იმისა, რომ უჩემობა უჭირს, დედას არ დატოვებს.

https://primetime.ge/news/sazogadoeb/exclusive-rusetshi-qartul-saqmes-vaketebt-qartul-droshas-vafrialebt-gaitsanit-mama-shvili-romelta-videoebits-sotsialur-qselebs-ipyrobs