რა მარცხს შეეგუა ლიზი დარასელია და როგორი გამოცდილება დააგროვა მან 22 წლის ასაკში

115

მომღერალ ლიზი დარასელიას ცხოვრებაში საოცარი ამბები ხდება. ბოლო პერიოდში ლიზი განსაკუთრებით ხშირად ჩანს ეკრანზე, შოუებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე და მაყურებელს თავი გამორჩეულად შეაყვარა.

ლიზი დარასელია: უბედნიერესი ვარ. ძალიან დიდი ხანი მინდოდა, საავტორო სიმღერა მქონოდა და რამდენიმე დღის წინ გამოვუშვი. ჩემს სიმღერას ჰქვია „მერამდენე ღამე“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თამთა ჭელიძეს, რადგან ამ საქმის სულისჩამდგმელი სწორედ ის არის. ეს სიმღერა ყველა შეყვარებულ ადამიანზეა.

პარალელურად, „ნიკოს შოუს ბენდის“ წევრი ვარ და ამასთან ერთად, როგორც იცით, მყავს საკუთარი ბენდი, რომელიც ძალიან აქტიურია. ჩვენ ხშირად გვიწვევენ კორპორაციულ ღონისძიებებზე და ვცდილობთ, პოზიტივი შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენს ბენდს ჰქვია.

საავტორო სიმღერაზე ყოველთვის ვფიქრობდი და მიხარია, რომ გამომივიდა, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ჩემს გულშემატკივარს კიდევ ბევრი ნამუშევარი ელის. ახლა კიდევ ერთ საავტორო სიმღერაზე ვმუშაობ, რომელსაც ორ თვეში იხილავთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.

– გრძნობ, რომ უკვე, როგორც ვიტალი დარასელიას შვილიშვილად კი აღარ მოგიხსენიებენ, ხალხს საკუთარი კარიერით გააცანი თავი?

– ამას ვგრძნობ, მაგრამ მე ყოველთვის ვიქნები ვიტალი დარასელიას შვილიშვილი. ამით ძალიან ამაყი ვარ. სიმღერას რაც შეეხება, მგონია, რომ ამ სფეროში, მე, როგორც ლიზი დარასელიამ, დავიმკვიდრე სახელი და უკვე მცნობენ, როგორც მომღერალს. ახლახან კიდევ „ქავერ შოუშიც“ მივიღე მონაწილეობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. მარცხსაც შევეგუე. ეს მარცხიც სასიკეთო აღმოჩნდა ჩემთვის. მას შემდეგ ბევრი კარგი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

– ძალიან აქტიური გოგო ხარ.

– კი, მართლა ძალიან აქტიური ვარ. იმდენად აქტიური, რომ ოჯახის წევრებს ხშირად ვეღარ ვნახულობ. ახლაც ბათუმში ვარ, ძირითადად, ბათუმსა და თბილისს შორის მიწევს სიარული. კორპორაციულები, საღამოები, შოუები, სულ რაღაც ხდება. საერთოდ, მე ასეთი ადამიანი ვარ – არ მიყვარს უსაქმურად ყოფნა. ვაღიარებ, ძალიან გადაღლილი ვარ, როცა დრო მაქვს, ვცდილობ, მეგობრები მოვინახულო, მაგრამ აღარ მაქვს ისეთი ცხოვრების რიტმი, როგორიც ადრე, მაგრამ დაღლილობის მიუხედავად, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, განვიცდი, რომ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ძველებური სიხშირით ვეღარ ვნახულობ, მაგრამ მე ისიც ნათქვამი მაქვს, რომ მინდა, ბიზნესლედი გავხდე და მე თუ რამეს ვიტყვი, იმას აუცილებლად შევასრულებ. ამისთვის კი ბევრი შრომაა საჭირო. ჯერ საავტორო სიმღერებს ვახმარ მთელ ძალისხმევას, მაგრამ ამის შემდეგ ბიზნესის დროც მოვა.

– როგორ ისვენებ და ერთობი?

– ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს, მეუბნებიან: შენთვის რა მარტივია, მღერი, ცეკვავ რა გენაღლება, სულ გართობაში ხარო. არადა, ასე არ არის. ისეთი რიტმით ვმუშაობთ, იმდენ რეპეტიციას გავდივართ, ეს დიდ შრომას მოითხოვს. როცა კარგ ბენდს წარმოადგენ, ყველას აინტერესებ და მეტი შემოთავაზება გაქვს. თუ ამ საკითხს ძალიან მარტივად და ზედაპირულად უყურებ, მაშინ ვერ მიაღწევ იმას, რაც ახლა მე მაქვს. ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის მარტივი. აქედან გამომდინარე, დასვენების დრო ნაკლებად მრჩება, მაგრამ როცა თავისუფალ დროს ვპოულობ, მაშინ ყველაზე დიდ სიამოვნებას ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა მანიჭებს, დროის მათთან გატარება მაბედნიერებს.

– „ნიკოს ბენდი“ ვახსენეთ. უკვე ჩამოყალიბებული ბენდის წევრობა არ იქნებოდა მარტივი.

– კი, რადგან გოგო სოლისტები მანამდე სხვები იყვნენ, რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მაყურებელი მათ იყო მიჩვეული. გინდა თუ არა, როდესაც ახალი ხარ, შეიძლება, ცოტა წნეხის ქვეშ მოექცე და ვინც და როგორიც არ უნდა იყო, მაყურებელს გაუჭირდეს შენი მიღება. მაყურებელს უჭირს ერთიდან მეორეზე გადართვა, მაგრამ მე ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი. საბედნიეროდ, კარგად ავეწყვეთ. ძალიან კარგი ადამიანები არიან ბენდის დანარჩენი წევრები, ბოლომდე გვერდით მიდგანან და ამისთვის დიდი მადლობელი ვარ.

– მაყურებლებში იყო კრიტიკული კომენტარები?

– კი, იყო, წერდნენ, სად წავიდნენ ის გოგოები, რატომ აღარ არიანო?! ეს ჩვეულებრივი მომენტია. ამაში საწყენი არაფერია, რადგან ბუნებრივია, რომ ყველას თავისი აუდიტორია ჰყავს. ზოგი მიგიღებს, ზოგი – არა და, თუ ამისთვის მზად არ ხარ, ნაბიჯს წინ ვერ გადადგამ. შეიძლება, თავიდან გამიჭირდა, რადგან არ ვარ მიჩვეული ვინმე რომ ვერ მიღებს, მაგრამ აქ კიდევ სხვა მომენტი იყო, რაც უკვე ვახსენე. ახლა კი უკვე იმდენად შეგვეჩვია ხალხი, უამრავი დადებითი კომენტარი მხვდება და ქუჩაში, განსაკუთრებით ბავშვები, იმდენად პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ, რომ მაბედნიერებენ. ბევრი მწერს, სოციალურ ქსელებში ფანფეიჯები მაქვს. მე ძალიან უბრალო ადამიანი ვარ. ზოგადად, არ მიყვარს „თავში ავარდნილი“ ადამიანები და ასეთი რამ არასდროს დამემართება. ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება მასწავლის, რომ უბრალოება ადამიანის მთავარი ღირსებაა. მახარებს, ძალიან მაბედნიერებს ასეთი დამოკიდებულება და მადლიერი ვარ.

– ბოლო პერიოდში ბევრ შოუში მიიღე მონაწილეობა.

– მართლა ასეა. ბევრი გამოცდილება დავაგროვე და ალბათ, 22 წლის ასაკისთვის ეს კარგია. „პაატა გულიაშვილის შოუშიც“ ვიყავი, ნიკოსთანაც ვარ, „ქავერშოუშიც“ ვიყავი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება, ითქვას, რომ გარდამტეხი პერიოდი იყო. ძალიან განვვითარდი. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე. ხანდახან ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი ამდენს ვიღებდე საკუთარ თავზე, მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მირჩევნია, ყველაფერს მე ვაკონტროლებდე, რადგან მიყვარს სიტუაციის კონტროლი.

– ისედაც ძალიან ლამაზი ხარ, ეკრანისთვის, ალბათ, კიდევ უფრო მეტად ზრუნავ გარეგნობაზე და მომიყევი, როგორ უვლი თავს?

– ვერ ვიტყვი, რომ ვვარჯიშობ, ჩემი გრაფიკი თავისთავად ვარჯიშია (იცინის). მეტისთვის დროც არ მრჩება. სხვა მხრივ კი, ვცდილობ, გარეგნობაზე ვიზრუნო. მოუვლელი ქალი არავის მოსწონს. ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ, რაც საჭიროა – მაკიაჟი იქნება, თმის მოვლა, მაგრამ კვება ჩემი სუსტი წერტილია. სწორად კვება არ გამომდის, ისევ და ისევ რეჟიმიდან გამომდინარე. რესტორნებსა და კორპორაციულებზე რომ მღერი, როგორ შეიძლება, თავი შეიკავო?! (იცინის).